საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, არის წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ფოსტა” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ დღეს ქუთაისში მოწყობილ „საქართველოს ფოსტის“ პავილიონში დამთვალიერებლებს პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.
„26 მაისი - ეს არის დღესასწაული, რომელიც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, გვახსენებს პასუხისმგებლობასაც, რაც ქვეყნის მომავლის წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ზუსტად ამის ხაზგასმაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი მთავარი თემატიკა „თავისუფლების სიყვარულით,“ რადგან სწორედ თავისუფლებისკენ სწრაფვა არის იმ მთავარი მიზნის საფუძველი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჰქვია”, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში განთავსებულია “საქართველოს ფოსტის” სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვალიერებლები გაეცნობიან ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას. აგრეთვე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „საქართველოს ფოსტის“ სივრცეში ფუნქციონირებს ღია საფოსტო კაფე.