გია ვოლსკი - პროტოკოლის საკითხებთან დაკავშირებით ალბათ, უფრო ტექნიკური თემაა, თუ რამე  გადაცდომა იყო, თავდაცვის უწყების და პრეზიდენტის აპარატის სამსახურმა შეიძლება მოაგვაროს ეს საკითხები

პროტოკოლის საკითხებთან დაკავშირებით ალბათ, უფრო ტექნიკური თემაა, თუ რამე იყო გადაცდომა, ორმა სამსახურმა - თავდაცვის უწყების და პრეზიდენტის აპარატის - შეიძლება ეს საკითხები მოაგვაროს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არის საკითხები, რომელიც ეხება ქართული დიასპორის წევრებისთვის მოქალაქეობის მინიჭების თემებს, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა.

ვოლსკის განცხადებითვე, შესაძლოა რაღაც თემები მართლაც გადახედვას საჭიროებდეს, ამას კი „მუშაობა სჭირდება და არა რაღაც დაპირისპირების წარმოჩინების მცდელობა“.

„არა მგონია, რომ ეს ის თემაა [პროტოკოლი], რომელსაც რაღაცა პოლიტიკური შეფუთვა უნდა გავუკეთოთ, თუმცა ამის მცდელობა მაინც, მე მგონი სახეზე გვქონდა. არის საკითხები, რომელიც ეხება ჩვენი დიასპორულებისთვის მოქალაქეობის მინიჭების თემებს, რაზედაც ილაპარაკა პრეზიდენტმა. შესაძლოა, რაღაც თემები მართლაც გადახედვას საჭიროებდეს, ამას მუშაობა სჭირდება და არა რაღაც დაპირისპირების წარმოჩინების მცდელობა, მით უმეტეს ესეთ სადღესასწაულო დღეს და კარგი განწყობის ატმოსფეროში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა, ქვეყანამ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა სცეს.

„ისე, საერთოდ, ზოგადად საზოგადოებისთვისაც, ჟურნალისტებისთვისაც, პოლიტიკოსებისათვის, ცხელთავიანებისთვის მათ შორის, უნდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა სცეს ქვეყანამ, პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, სხვა ინსტიტუტებმა და ყველა სიტყვასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ასეთი ხისტი განცხადებების გაკეთება მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანების ინტერესშია, ვისაც მოაფიქრდა, რომ პრეზიდენტი ასეთი განცხადებებით, რომ გამოდის, კარგია. ვინც ფიქრობს, რომ კონფრონტაცია საქართველოში არის კარგი, იმათ მე არა მგონია, რომ წისქვილზე წყალი უნდა დავუსხათ. მაგრამ ფაქტობრივი შეცდომები იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს ჩვენი საგარეო კურსი, რაც კიდევ დღესაც დადასტურდა, რას წარმოადგენს საფრთხე, რომ ეს არ არის „მოდელირებული ქრონიკა“ და ყოველდღიური საშიშროებაა, რომელიც მთელ მსოფლიოს უპირისპირდება, საქართველოს განსაკუთრებით, ვინაიდან ჩვენ ვართ განსაკუთრებული გეოგრაფიული ლოკაციის ქვეყანა. ასე, რომ მთელი რიგ ფაქტობრივ შეცდომებზე, გადაცდომებზე, შეიძლება ვუპასუხოთ, მაგრამ არ უნდა დავასხათ იმ წისქვილზე წყალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წალეკვას უპირებს დაპირისპირების მორევით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლის დარღვევაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის შეფასებით, „ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი“. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს“.

„არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო