ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023

გიორგი გობრონიძე - “ისტორიის გაკვეთილები ანუ რუსული “გადაგდების” ქრონოლოგია”

რამდენიმე ახალი სკანდალი ევროპარლამენტში გამოსვლის წინ - პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა

მამუკა არეშიძე - “რუსეთი აუცილებლად შეეცდება ჩვენს ჩათრევას პროვოკაციაში, ფრენების აღდგენაც პროვოკაცია იყო”

რატომ გავახსენდით პუტინს - “თუ საქართველო არ წავიდა ევროკავშირისკენ, მაშინ მთელს კავკასიაში რუსული ზამთარი დადგება”

ლაშა ბერიძე - “ეს იქნება ხანგრძლივი ომი”

* * *

გიორგი გობრონიძე - “ისტორიის გაკვეთილები ანუ რუსული “გადაგდების” ქრონოლოგია”

“დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, დავდივართ მოჯადოებულ წრეზე და ვერა და ვერ გავეცით პასუხი უმთავრეს კითხვებს: რა არის საქართველოს მიზანი? რატომ უნდა არსებობდეს საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო? რა არის ჩვენი სახელმწიფოებრივი იდეა? რა უნდა გამოხატავდეს ჩვენს ღირებულებებს და რა შეგვიძლია შევთავაზოთ მსოფლიოს? - ამ კითხვებზე დიდი ხანია ვკამათობთ და ვერაფრით ვერ შევთანხმებულვართ პასუხებზე. გადავხედოთ ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ წლებს. რა გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა კლასმა? ნაცვლად იმისა, სახელმწიფოს აშენება დაგვეწყო დიდი პასუხისმგებლობით და ყველაფერი გაგვეკეთებინა იმ ურთულეს ვითარებაში გადასარჩენად, სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ. ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი საზოგადოება მზად იყო იმ გამოწვევებისთვისა და პასუხისმგებლობისთვის, რაც ახლავს დამოუკიდებლობას”, - აცხადებს პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ისტორიის გაკვეთილები ანუ რუსული “გადაგდების” ქრონოლოგია”.

“დამოუკიდებლობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პასუხისმგებლობას საკუთარ ქვეყანაზე, როცა აღარ ხარ რომელიღაც იმპერიის განაპირა რეგიონი, რომელსაც მართავდნენ შორეული ცენტრიდან, შენ შეგიძლია შექმნა შენი აწმყო და მომავალი. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამის გააზრება და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში თბილისში ერთმანეთს ტყვიას ვესროდით. ეს ჩვენი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელია. ჩვენ შეიძლება წავაგოთ ბრძოლა აგრესორთან, მაგრამ როცა ერთმანეთთან ვიწყებთ ბრძოლას, ეს კატასტროფაა. აქედან მაინც უნდა გამოვიტანოთ გაკვეთილი, რომ არასდროს აღარ დავუშვათ ერთმანეთს შორის დაპირისპირება, წარსული გადავაფასოთ და სამოქალაქო ომის ფანტომი ერთხელ და სამუდამოდ გავაქროთ ჩვენი ცხოვრებიდან. ზვიადისტებად და შევარდნაძისტებად დაქუცმაცებულ-დაპირისპირებული საზოგადოების ფონზე მივიღეთ მოსკოვიდან მართული ორი ეთნოტერიტორიული კონფლიქტი. კი, რა თქმა უნდა, მთელ ამ კოშმარში, რაც თავს დაგვატყდა, ჩართული იყო გარე ძალაც, მაგრამ ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება არ იქნება სწორი. ჯერ ის ვიკითხოთ, ჩვენ რა არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავით?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“ჩემი აზრით, ეს არის უპირველესი მწარე გაკვეთილი, რომელიც მივიღეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში. აქედან გამომდინარე, უნდა გაგვეკეთებინა ბევრი დასკვნა, თუმცა ვეჭვობ, რომ ეს შევძელით. დღესაც ჩვენში დამოუკიდებლობას უყურებენ როგორც მოცემულობას, არადა, ასე არ არის, ჩვენ ამისთვის ძალიან დიდხანს ვიბრძოლეთ, დაწყებული 1918-1921 წლების რესპუბლიკით, როდესაც წაგვართვეს დამოუკიდებლობა და 70 წელიწადი ვიყავით საბჭოთა ოკუპაციაში. მოკლედ, როგორღაც მოვედით დღევანდლამდე, როდესაც გვაქვს ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ქართველი პოლიტიკური კლასი, ისევე, როგორც საზოგადოება ვერ ან არ იაზრებს ერთ უმნიშვნელოვანეს რამეს - შეიძლება ყველაფერი იყოს ამქვეყნად დაპირისპირებისა და დავის საგანი, გარდა ყველასთვის საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სუვერენიტეტისა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რეალურად შევხედოთ პროცესებს და ვაღიაროთ, რომ ყველა შიდაპოლიტიკური პრობლემა მოიტანა იმან, რომ ქვეყანაში არ არსებობს გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები. არ არსებობს იმის გარანტია, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარდაჭერას კარგავს, მარტივად დათმობს ძალაუფლებას და წავა ხელისუფლებიდან. გადავხედოთ უახლეს ისტორიას, ყოველთვის რაღაცას აყენებდნენ დემოკრატიული განვითარების წინ - ხან სტაბილურობას, ხან მოდერნიზაციას, ხან ეკონომიკურ აღმავლობას... ჩვენში დემოკრატია და ევროპული ღირებულებები სჭირდებათ მაშინ, როდესაც ოპოზიციაში არიან. ხალხი, რომელიც დღეს ოპოზიციაშია და ლაპარაკობს ამ ღირებულებებზე, მახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნისას როგორც იქცეოდა; ასევე მახსოვს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ხელში აღებამდე ბევრს ლაპარაკობდა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მაგრამ დღეს სწორედ ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს”, - ამტკიცებს პოლიტოლოგი.

“რუსეთთან ე.წ. დათმობებზე ბოლო ხანს ჩვენში ზოგიერთი ფსევდოკონსერვატიული ძალა ლაპარაკობს. კონსერვატიზმი ბევრად განსხვავებული იდეოლოგიაა იმისგან, რასაც ისინი გვასაღებენ. ეს უფრო რადიკალური მემარჯვენე-ექსტრემიზმია. სწორედ მათგან გვესმის ხოლმე რუსეთთან დათმობებსა და ქვეყნის ნეიტრალიტეტზე განცხადებები. ისტორიის განმავლობაში ჩვენ რუსეთს ძალიან ბევრი რამ დავუთმეთ. ძალიან შორს არ წავალ და 1918-21 წლის რესპუბლიკა გავიხსენოთ, რომელსაც ნეიტრალიტეტი კონსტიტუციურად ჰქონდა გამოცხადებული. მეტიც, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ჩვენი ნეიტრალიტეტი აღიარა რუსეთმა, უარი თქვა საქართველოსთან ტერიტორიულ პრეტენზიებზე, დე იურე აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში კი საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია. თურმე ნეიტრალიტეტი პანაცეაა, რომ თურმე გამოვაცხადებთ თუ არა, მეორე დღესვე კავკასიური შვეიცარია გავხდებით, რაც აბსურდია. აი, კიდევ ერთი გაკვეთილი, რომლიდანაც დასკვნა უნდა გამოვიტანოთ - გამოვაცხადეთ საუკუნის წინ ნეიტრალიტეტი, უარი ვთქვით აქტიურ საერთაშორისო პოზიციონირებასა და დიპლომატიაზე და მივიღეთ ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია”, - გვახსენებს გიორგი გობრონიძე.

“მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნორმალური ყოფილიყო. კი, გამსახურდიას ჰქონდა დამოუკიდებლობის რომანტიკული ხედვა, მაგრამ მისი ადმინისტრაციის შემდგომ შევარდნაძის მოსვლით ჩვენ, პრაქტიკულად, მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ხელშეკრულებას, რომლებიც კი რუსეთმა წინ დაგვიდო. მაგალითად, აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, გამოვიყვანეთ ჯარები სოხუმიდან, შედეგად კი გადაგვიარეს. იმხანად საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი რუსული სამხედრო ბაზა იყო. აგერ, თბილისშიც იყო სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობა. ამის მეტი რაღა უნდა დაგვეთმო რუსეთისთვის?! მეტი რაღა უნდა გვექნა, რომ მოსკოვში პარტნიორულ ურთიერთობაზე ეფიქრათ და არა კონფლიქტების გაღვივებასა და ხელშეწყობაზე? რუსეთის დიპლომატიას აქვს ერთი უცნაური თვისება, მას პოზიტიური განვითარების დღის წესრიგის შეთავაზება არც ერთი მეზობლისთვის არ შეუძლია. დღეს ყაზახეთთან ურთიერთობა სწორედ ამის გამო დაეძაბა. სოხუმის დაცემის შემდეგ დსთ-შიც შევედით, შევარდნაძემ თავდაცვის, შს და უშიშროების მინისტრები დანიშნა მოსკოვის დავალებით, სახელებიც შემიძლია გითხრათ: ვარდიკო ნადიბაიძე, შოთა კვირაია, იგორ გიორგაძე, მოგვიანებით, ვალერი ხაბურძანიაც - უშიშროების კიდევ ერთი მინისტრი... ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტში ერეოდნენ, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს არაფერი მიუღია, მეტიც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარება სულ უფრო მძიმდებოდა. კიდევ ერთი გაკვეთილი ის არის, რომ დაყვავება და დათმობა რუსეთთან არაფერს ცვლის”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“როცა საერთაშორისო ოპონენტს მიზნად აქვს შენი დამორჩილება და შენ მას ყველაფერს უსრულებ, რასაც ითხოვს, გამოდის, ის მარტივად ასრულებს საკუთარ ამოცანას. საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ რაღაცას მაინც გამორჩებოდა რუსეთს, მაგრამ ამაოდ... მაგალითად, შევარდნაძემ ყველაფერი დაუთმო, მაგრამ როგორც კი დაიწყო ლაპარაკი პროექტებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობას შესძენდა, მას ორი ტერაქტი მოუწყვეს. მერე მოვიდა სააკაშვილის ადმინისტრაცია და იმედგაცრუება რუსეთის მიმართ უფრო მეტი იყო, მაგრამ კვლავაც რჩებოდა ილუზია, რომ რუსეთთან შეიძლებოდა ურთიერთობის დალაგება, რომ თითქოს მანამდე რაღაც არ კეთდებოდა კარგად. ბევრი ამბობს, რომ სააკაშვილი დასავლეთის და სოროსის პროექტი იყო, მაგრამ გავიხსენოთ, რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა მისთვის მხარის დასაჭერად საქართველოში? აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი აქ არავის უნახავს, სამაგიეროდ, ვნახეთ, იგორ ივანოვი. ცხადად ჩანდა, რა აქტიურად უჭერდა რუსული დიპლომატიური სექტორი სააკაშვილს მხარს, რაც გასაგები იყო, რადგან რუსეთში ხედავდნენ, რომ საქართველოში ცვლილებები გარდაუვალი იყო და ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ იმჟამინდელ ოპოზიციასთან”, - თვლის პოლიტოლოგი.

“გავიხსენოთ ისიც, პრეზიდენტის სტატუსით სად ჩავიდა პირველი საერთაშორისო ვიზიტით მიხეილ სააკაშვილი? - მოსკოვში, პუტინთან, და პირველ შეთანხმებასაც მიაღწია - გადაწყდა ბაზების გაყვანა, თუმცა სანაცვლოდ უნდა გახსნილიყო ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი აჭარაში ეფ-ეს-ბესა და ქართული უშიშროების სამსახურების მონაწილეობით, რაც, ღმერთს მადლობა, აღარ მოხერხდა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, სააკაშვილის ადმინისტრაციის ურთიერთობა პუტინის რეჟიმთან დაიწყო აქტიური დათმობებით და როგორ დასრულდა? - 2008 წლის ომით. როგორც კი საქართველომ გამოაჩინა საკუთარი ინტერესები და ქვეყნის განვითარების სურვილი, მაშინვე დაიწყო დაპირისპირების ფაზები, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ფართომასშტაბიანი აგრესიით დასრულდა. სააკაშვილის ადმინისტრაციის შემდეგ, ივანიშვილსაც ჰქონდა ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობის მარტივად დალაგება შეიძლებოდა, მაგრამ მისი პრემიერობის სადღაც 6 თვეში გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ილუზია იყო. რუსეთი არ ათბობს ურთიერთობას, სანამ მას არ დასჭირდება. რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში არავისთან არა აქვს პარტნიორული, თანაზომადი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, მათ შორის ევრაზიულ კავშირში”, - დაასკვნის გიორგი გობრონიძე.

“დღეს როგორც საქართველოს ხელისუფლება იქცევა და რასაც ამბობს, ეს უფრო შიდაპოლიტიკური თამაშია, რათა საშუალო-სტატისტიკური ამომრჩევლის გული მოიგოს. მაგალითად, ქვეყანაში ეკლესიის ავტორიტეტი მაღალია, ეს იციან ხელისუფლებაში და უცებ გახდნენ რელიგიურები, ოპონენტები კი რელიგიის მაგინებლებად გამოაცხადეს. მოჩვენებითი რელიგიურობის თამაში მხოლოდ მომავალი არჩევნებისთვის სჭირდებათ, ისევე, როგორც იდეოლოგიური მეტამორფოზი, რა დროსაც თავის დროზე სოციალ-დემოკრატიულად გამოცხადებული “ქართული ოცნება”, რაც აბსურდი იყო, ახლა კონსერვატიულ ღირებულებებზე იჭრის ვენებს. ეს ევოლუცია მხოლოდ იმისთვის დასჭირდათ, რადგან ტრადიციული საზოგადოება ვართ, ეს სურთ გამოიყენონ მომავალ არჩევნებზე. სულ ეს არის “ქართული ოცნების” ფილოსოფია. ზუსტად იგივე ხდება დასავლეთთან დაკავშირებითაც. ხელისუფლება დემოკრატიული განვითარების გზაში ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს, ამიტომ ამბობს უარს ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე. ამის გამო დასავლეთი მწვავედ აკრიტიკებს, მაგრამ ხომ ვერ იტყვის, მეშინია ძალაუფლების დაკარგვის და ამიტომ დემოკრატიულ განვითარებაზე უარს ვამბობო. ამიტომ ამგვარი რამ მოიფიქრეს, თურმე მეორე ფრონტს არ ხსნიან და ამის გამო აკრიტიკებენ დასავლელი პარტნიორები, რაც ტყუილია, მაგრამ ჰგონიათ, მოახერხებენ და ამას მიჰყიდიან ამომრჩეველს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დასავლელ პარტნიორებში აჩენს ეჭვს და უნდობლობას იწვევს, რითაც მშვენივრად სარგებლობს რუსეთი”, - ამბობს რესპონდენტი.

“ჩვენ ორმხრივი სანქციების დაწესების შესაძლებლობა არ გვქონდა და ეს არც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მოუთხოვიათ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოახერხა ეს სწორად აეხსნა როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ. მათ ამაზე საუბრისას კონფრონტაციული ტონი აირჩიეს, ნაცვლად იმისა, ეთქვათ, ჩვენ სანქციების დაწესებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ჩვენი ეკონომიკის დაცვის გარანტიებიო. უკრაინის კი არა, საქართველოს გამოც ვერ მოხერხდა ვერასდროს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რადგან ბაზარი დივერსიფიცირებული არა გვაქვს და მთელი რიგი ნედლეული რუსეთიდან შემოგვაქვს. რადგან ეკონომიკა არა გვაქვს დაცული, რაზეც არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია, ის მოწყვლადია... შემიძლია გავიგო რატომ ვერ დავაწესეთ სანქციები, მაგრამ სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ ავუხსენით ეს გასაგებად უკრაინას თუ დანარჩენ მსოფლიოს? საბოლოოდ, რუსეთმა მათი ეს არასწორი რიტორიკა გამოიყენა. მას ახლა თვითონ სჭირდებოდა როგორც სავიზო რეჟიმის გაუქმება, ისე ავიაფრენების აღდგენა და შეარჩია კიდეც სწორედ ის დრო, როდესაც საქართველოს დასავლეთთან გაუცივდა ურთიერთობა. მეტიც, გამოვიდა პუტინი და განაცხადა, რომ თურმე ამას საქართველოს ხელისუფლება ემათხოვრებოდა. პუტინმა მშვენივრად იცოდა, რაც მოჰყვებოდა ამას, ეს მიზანმიმართულად გააკეთა. ძალიან მეეჭვება, პუტინის განცხადება სიმართლესთან ახლოს იყოს, მან ამით დასავლეთს გზავნილი გაუგზავნა, თურმე საქართველოს ხელისუფლება კრემლს ეხვეწებოდა რაღაცას. იმედი აქვს, გამოიწვევს ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის დისტანციის უფრო გაზრდას და გააღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასაც ქვეყანაში”, - დასძენს გობრონიძე.

რამდენიმე ახალი სკანდალი ევროპარლამენტში გამოსვლის წინ - პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა

“პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს მაქსიმალურად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან დისტანცირებულია და მათ გადაწყვეტილებებს არ იზიარებს. ასე აფასებენ ანალიტიკოსები ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით აგორებულ რამდენიმე სკანდალს. ყოველივე ამის ფონზე კი კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თუ რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი 31 მაისს ევროპარლმენტში გამოსვლისას და შეიწყალებს თუ არა მანამდე ნიკა გვარამიას. პრეზიდენტმა 26 მაისს, თავისულების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლება. აღსანიშნავია, რომ მისი გამოსვლის პარალელურად სამთავრობო ლოჟიდან თავად პრეზიდენტის მისამართითაც ისმოდა კრიტიკული შეძახილები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენიმე ახალი სკანდალი ევროპარლამენტში გამოსვლის წინ - პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.

“იმავე საღამოს პრეზიდენტი არ მივიდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდაზე გამართულ საზეიმო მიღებაზე, რაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო. 27 მაისს კი მან დიასპორის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინიტროში გამართულ შეხვედრაზე მოაწყო დემარში და მოკლე კრიტიკული გამოსვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა. ანალიტიკოსები ელიან, რომ სტრასბურში 31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იგივე რიტორიკით გამოვა, როგორც 26 მაისს თავისუფლების მოედანზე. გარდა ამისა, ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ მანამდე პრეზიდენტმა “მთავარი არხის” გენდირექტორი ნიკა გვარამიაც შეიწყალოს. 26 მაისს პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის და ის ხალხთან შეთანხმების გარეშე მოქმედებს. ასევე თქვა, რომ ღირსება რუსეთიდან გამოგზავნილ 200 მილიონზე არ იყიდება, “ოცნებას” კი გმირების ოჯახებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან დასავლეთის კრიტიკაზე საუბრისას კი ორაზროვნად მიანიშნა, რომ პრემიერმა საკუთარ შვილი სასწავლებლად აშშ-ში გაუშვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კრიტიკით უკმაყოფილო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს, ემოციები ვერ დამალეს და დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტს “მოღალატე” უწოდეს. ეს სიტყვა მკაფიოდ გაისმა სამთავრობო ტრიბუნიდან ტრასლაციის პირდაპირ ეთერშიც. ერთი ვერსიის, ამ შეძახილის ავტორი პარლამენტარი ირაკლი ქადაგიშვილი იყო, თუმცა დანამდვილებით ამაზე საუბარი ძნელია, რადგანაც თავად ქადაგიშვილი ამას უარყოფს, პრეზიდენტის გამოსვლისას კი სამთავრობო ტრიბუნა პირდაპირი ტრანსლაციის ოპერატორების კადრში არ მოხვედრილა დაპირისპირების ახალი მიზეზი 27 მაისს დიასპორის ფორუმზე პროტოკოლის დარღვევა გახდა. ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო დარბაზში ადგილების არასწორ განაწილებაში დაადანაშაულა და მისთვის განკუთვნილ სკამზე დაჯდომაზე უარი თქვა. ის სიტყვით გამოსვლას ფეხზე მდგომი ელოდა. გარდა ამისა, მან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც გააკრიტიკა პროტოკოლის დარღვევის გამო”, - განაგრძობს გამოცემა.

“არ შეიძლება რომ არ ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს... ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა, პროტოკოლი არის სახელმწიფოს საყრდენი. მე არაფერი არ მწყინს დიდი ხანია ამ ქვეყანაში და ამით ვერავინ მაწყენინებს. მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე - პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას... პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არ მოხდეს არაფერი, რაც არ უნდა აზრთა სხვადასხვაობა იყოს; ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. ამისთვის, სხვათა შორის, მე-3 წელია ვცდილობ შეგვექმნა პროტოკოლის საერთო უწყება, სხვადასხვა სამინისტროს კოორდინაციით და თუნდაც საპატრიარქოსთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას აქვს თავისი კერძო ამბიციები. პროტოკოლი ასევე არის პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე დაცვა. თუ არა პროტოკოლი, ჩვენ ყველგან, საერთაშორისო შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არ არის გამოგონილი იმისთვის, რომ მოერგოს ვიღაცის ამბიციებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა. კრიტიკას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმით უპასუხა, რომ დიასპორის ფორუმზე ყველას მიესალმა, გარდა პრეზიდენტისა და პროტოკოლის სამსახურის უფროს დავით ზანთარაიას მადლობა გადაუხადა და კვალიფიციურობისათვის შეაქო”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ რთულია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებების პროგნოზირება, მაგრამ ფაქტია, რომ ის ნიკა გვარამიას შეწყალებისგან, გარკვეული მიზეზების გამო თავს, იკავებს. თუმცა ძაბირაძე არც იმას გამორიცხავს, რომ გაბრაზებულმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გვარამიას შეწყალებით თავად პრეზიდენტის პოლიტიკური იმიჯიც დაზარალდება. მისივე აზრით, პრეზდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამომრჩევლის საკმაოდ სოლიდურ ნაწილში მისი ასეთი გადაწყვეტილება უკმაყოფილების მიზეზი გახდება. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში, სავარაუდოდ, ზუსტად იმ გზავნილს გაიმეორებს, რაც ტრიბუნიდან 26 მაისს უკვე გააჟღერა. გია აბაშიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა გვარამია შეიწყალოს, რადგან მისგან “ყველაფერია მოსალოდნელი”, - წერს სტატიის ავტორი.

“ფაქტია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სიტუაცია საკამოდ დაძაბულია და ეს 26 მაისს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. ასევე ფაქტია, ზურაბიშვილი ხელისუფლებისგან მაქსიმალურად გამიჯვნას ცდილობს და სურს აჩვენოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ ის “ოცნების” პოლიტიკას არ იზარებს. დიდი ხანია ზურაბიშვილი ცალკე პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. არ ვიცი 31 მაისს რას შეიძლება ხელისუფლება ელოდეს მისგან, მაგრამ არაა გამორიცხული ზუსტად მსგავსი რიტორიკა ვიხილოთ. ალბათ ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს იმას, რომ ის მმართველი გუნდის პოლიტიკისგან მაქსიმალურად დისტანცირებულია და იტყვის, რომ ხალხის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანებაა. რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა მან ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს, არაფერს გამოვრიცხავ. უბრალოდ, თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სჯობს ეს თბილისშივე, ბრიუსელში წასვლამდე გაკეთოს. ამას კი იმიტომ ვურჩევ, რომ ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლებაც და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად გამოიყენებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ეს დასავლეთის დისკრედიტაციისთვის კიდევ ერთი კარგი საშუალება იქნება. იტყვიან, რომ ის არ არის ქართველების პრეზიდენტი და მხოლოდ დასავლეთის ინტერესებს ითვალისწინებს. მათი გავლენის ქვეშ არის და ე.წ. აგენტადაც კი გამოიყვანენ. ამიტომ გვარამიას შეწყალებას თუ გადაწყვეტს, ვურჩევ ეს თბილისში გააკეთოს“, - ამბობს ძაბირაძე. ზურაბიშვილი ალბათ კარგად იაზრებს, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს დამაზიანებელი იქნება მისი პოლიტიკური მომავლისთვის, თუ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას კვლავ აპირებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ოპოზიციის მხარეს იდგეს. თავად ოპოზიციურ ამომრჩეველშიც არსებობს განწყობა, რომ გვარამია ციხეში უნდა იჯდეს. ზურაბიშვილმა აქცენტი ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე უნდა გააკეთოს, რომელიც არ ფიქრობს, რომ გვარამია უდანაშაულოა. ამიტომ მაინც მგონია, რომ ის ჯერ ფიქრობს, გვარამიას შეწყალება მისთვის, პოლტიკურად რამდენად მომგებიანი იქნება. სწორიც არის, მან ამისთვის კონკრეტული დრო და სიტუაცია უნდა შეარჩიოს, რათა ახსნას ამ გადაწყვეტილებას რატომ იღებს”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“სამწუხაროდ, ქალბატონი პრეზიდენტი ბოლო პერიოდში ძალიან არაადეკვატურად იქცევა. უკიდურესი სირცხვილია, როდესაც თავად პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს საზოგადოებიდან კრიტიკას და რისხვას იმსახურებს. ეს იყო დამოუკიდებლობის დღეს და მგონია 31 მაისაც ასე გაგრძელდება. ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოების კრიტიკა იმდენად მწვავე იყო, რომ მან მთაწმინდაზე, გამართულ წვეულებაზე მისვლაც კი ვერ გაბედა. იქ იყო შეკრებილი ძალიან მრავალფეროვანი ხალხი. ყვეელა “ოცნების” მხარდამჭერი არ იყო. ასეთ შეკრებებზე მოდიან როგორც ოპოზიციის, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წევრები. რადგან ზურაბიშვილმა მთაწმინდაზე მისვლა ვერ გაბედა, ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი, რომ ამ ქალბატონს ხალხის მხარდაჭერა არა აქვს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ის ბოლო დროს ნინო ლომჯარიას რიტორიკაში ზის და რატომ მიდის ამ მიმართულებით, არ ვიცი, პოლიტიკური მარჩიელობა არ მინდა. თითქოს ვადის დასურლების შემდეგ მას თანამდებობას ევროსტრუქტურებში სთავაზობენ და ა.შ. დანამდვილებით და ზუსტად ვხედავთ, რომ საერთო სახალხო მხარდაჭერით არჩეული პრეზიდენტი 2023 წელს სახალხოდ იქნა მოძულებული. შეიძლება გვარამია შეიწყალოს და ითამაშოს ის თამაში, რასაც “ნაცოპოზიცია” კარნახობს. მისი ე.წ. პროევროპული რიტორიკა არაფრით განსხვავდება, მაგალითად, კუბილიუსის რიტორიკისგან, მაგრამ ქართველი ხალხისთვის კუბილიუსი ევროპის სიმბოლო არ არის. თუკი ზურაბიშვილს სურს, რომ კუბილიუსის და ფონ კრამონის დონეზე იყოს დაცემული, ეს ნამდვილად მისი არჩევანია. ის შეურაცხყოფას აყენებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და ემიგრანტების შერჩევითი დამცველია. “ნაცოპოზიციის” ფლანგზე თამაშობს, მაგრამ ამით მხოლოდ საკუთარი თავის მარგინალიზებას ახდენს”, - თვლის გია აბაშიძე.

მამუკა არეშიძე - “რუსეთი აუცილებლად შეეცდება ჩვენს ჩათრევას პროვოკაციაში, ფრენების აღდგენაც პროვოკაცია იყო”

“პირდაპირ გეტყვით, არავითარი დიპლომატიური ურთიერთობით არ მოგვარდება დეოკუპაციის საკითხი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს რუსეთთან მრავალწლიანი ურთიერთობის მწარე გამოცდილება. რუსები თავს ყოველთვის სიტუაციის ბატონ-პატრონად მიიჩნევენ, ვითარება შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთს გაუჭირდება, საქართველოს კი ექნება ამერიკისა და ევროპის უპირობო მხარდაჭერა. ჯერჯერობით რუსეთს არ უჭირს. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი - რაც არ უნდა გაუჭირდეს რუსეთს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისეთი ფორმით აღარ აღდგება, როგორც ჩვენ გვსურს. ილუზია ნუ გვექნება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არასოდეს დათანხმდებიან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ძველი ფორმატით აღდგენას. რატომ? იმიტომ, რომ აუცილებლად დაიწყება საუბარი, კონფედერაციაზე ან ფედერაციის განსაკუთრებულ მოდელზე. დასავლეთის სტილი ასეთია - პრობლემას ჩარჩოში მოაქცევენ, მაგრამ არ აგვარებენ”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთი აუცილებლად შეეცდება ჩვენს ჩათრევას პროვოკაციაში”.

“ამჯერად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე არც ერთ რუს ოფიციალურ პირს განცხადება არ გაუკეთებია. პრორუსმა პოლიტიკოსებმა საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინეს - ადამიანებს მუდმივად აქვთ იმედი, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი დადებითად გადაწყდება. მათ ვარაუდი გამოთქვეს. ეს დაემთხვა საზოგადოების განწყობას და ასე აგორდა თემა. მე ვამბობ, რომ ეს არის ნონსენსი, არ მოხდება, გამორიცხულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან ურთიერთობაც მაქვს და მათზე მაღალი რანგის პირებთანაც, რომლებიც გაცილებით ხშირად და იოლად შედიან კრემლის სხვადასხვა კაბინეტში. ერთმა ასეთმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა მითხრა, სექტემბრისკენ იძულებული ვიქნებით აფხაზეთთან დაკავშირებით რევერსი დავიწყოთო.­ ესე იგი, უკან დავბრუნდეთ და უარი ვთქვათ მათ დამოუკიდებლობაზეო. მე იქვე ვუთხარი, რომ ამის არ მჯერა!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“დიახ, მიზანმიმართულად ჩამაწვეთეს ეს ინფორმაცია და იმიტომ ჩავაცივდი, ვისგან გაქვს ეგ ინფორმაცია-მეთქი და ბოლოს ამოღერღა, მხოლოდ ჩემი ვერსიააო. სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი დღეს საქართველოსთან დათმობაზე წასასვლელად მზად არ არის, ჩვენს ხელისუფლებას მაინც შეუძლია რუსები გვარიანად აწრუწუნოს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამის შანსი არის. მხოლოდ ერთ მარტივ სქემას გეტყვით. მაგალითად, ვიცით, რომ დასავლური პროდუქცია ტრაილერებით შედის სომხეთში და იქიდან მიდის რუსეთში. საქართველოს შეუძლია ეს “სომხური ტვირთი” არ გაატაროს არც სომხეთისკენ და არც სომხეთიდან. ამ შესაძლებლობების შესახებ “ქართულმა ოცნებამ” იცის და ამის ნიშნებს ხშირად ვხედავ. ერთია, რას ლაპარაკობენ საჯაროდ მოლაპარაკე ”თავები” და მეორე, რას აკეთებენ კულუარებში გადაწყვეტილების მიმღები პირები. მე ვხვდები, რაც ხდება კულუარებში, მაგრამ არ ვიცი, დღის წესრიგი...”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თუ პუტინმა ჩვენთვის გადმოგდებული “თაფლაკვერით” სასურველი შედეგი ვერ მიიღო, “მათრახსაც” მოგვაყოლებს?” - პასუხობს:

“ახლა რუსეთი რბილ ძალას იყენებს. ნახეთ, რა დარჩა მოსკოვს, ერთადერთი ერთგული მოკავშირე - ბელარუსი, ღია მტერი - უკრაინა და მოლდოვა. მართალია, მოლდოვას მტრობა არ შეუძლია, მაგრამ ხასიათს ავლენს და იღრინება. რაც შეეხება ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს, მათი ნაწილის “დათრევას” თურქეთი ცდილობს, ნაწილის - ჩინეთი. რუსეთს ახლა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანთან შეუძლია “მოფერიანებულად” ლაპარაკი. ამიტომ საქართველოს ჩათრევა ძალიან სჭირდება, როგორც მწყურვალს წყალი. ამიტომ, თუ “თაფლაკვერით” ვერ მიაღწევს შედეგს, აუცილებლად მოგვიქნევს მათრახს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ გასამათრახებლად არ გავიხადოთ - რუსეთი აუცილებლად შეეცდება ჩვენს ჩათრევას პროვოკაციაში. ფრენების აღდგენაც პროვოკაცია იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, აი, სწორედ ახლა გვჭირდება ლავირების პოლიტიკა. ქვეყანა ახლა მყიფე მდგომარეობაშია, სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სამეზობლოშიც ბევრს ვადგავართ ყელზე... არ არის სწორი ეს გაუთავებელი იწილო-ბიწილო, სხვაგვარი პოლიტიკაა საჭირო”.

რატომ გავახსენდით პუტინს - “თუ საქართველო არ წავიდა ევროკავშირისკენ, მაშინ მთელს კავკასიაში რუსული ზამთარი დადგება”

“რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გაოცებულია იმ ნეგატიური რეაქციით, რაც ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოჰყვა საქართველოში. უკრაინაში მიმდინარე ომის, საყოველთაო იზოლაციისა და სერიოზული შიდა პრობლემების ფონზე, რატომ გაახსენდა რუსეთის ლიდერს საქართველო და დაგას თუ არა რაიმე პოლიტიკური გეგმა ამ განცხადებების უკან? როგორც პუტინმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებები “დაკავშირებულია მთელ რიგ გარემოებებთან”, მათ შორის საკურორტო სეზონთან. “მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან თავად საქართველოში და ჩვენს ბიზნესს, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ წასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთან”, - განაცხადა პუტინმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ გავახსენდით პუტინს - “თუ საქართველო არ წავიდა ევროკავშირისკენ, მაშინ მთელს კავკასიაში რუსული ზამთარი დადგება”.

“რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა თბილისთან შემხვედრი ნაბიჯი გადადგას, მაგრამ ამას საქართველოს რეაქციის მიხედვით გააკეთებს. “ჩვენ მზად ვართ ჩვენი ნაწილის გასავლელად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე”, - განაცხადა მან. ამასთან პუტინმა თქვა, რომ ყველაფერი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პუტინის განცხადებას საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დამცირების მცდელობად აფასებს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ პუტინის განცხადების უკან არ ჩანდა რაიმე პოლიტიკური ჩანაფიქრი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიმდინარეობს რუსეთისგან საქართველოს მუდმივი დამცირება მსოფლიოს თვალში, რათა აგრძნობინოს მსოფლიოს - რა ევროკავშირი და რა ნატო აგიტყდათ, საქართველო არის ჩემი უკანა ეზო და დაანებეთ საქართველოს თავი. ჩემი აზრით, ამას აკეთებს პუტინი, შეიძლება თბილისთან შეთანხმების გარეშეც კი, იმიტომ, რომ მისი მთავარი ამოცანაა დააზიანოს საქართველო. შესაძლოა პუტინს გამოჭერილი ჰყავს საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის ივანიშვილი. შეიძლება რაღაც ფაქტებით აშინებს, აშანტაჟებს რაღაც მასალების გამოქვეყნებით. ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინს ახლა უჭირს უკრაინაში, პრობლემები აქვს შიგნით ქვეყანაშიც და სხვა ქვეყნებთანაც, და ამ დროს ამდენი დრო დაუთმო მისთვის რაღაც პროვინციას, საქართველოს, რათა კიდევ უფრო მეტად დაემცირებინა იგი. სწორედ ამიტომ პუტინის ეს გზავნილი იყო ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი განცხადება. რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი... ბევრი რამ დამოკიდებულია სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ჩავა ბრიუსელში და ძალიან მკაფიო მესიჯებს იტყვის. თუ საქართველო არ წავიდა ევროკავშირისკენ, მაშინ მთელს კავკასიაში რუსული ზამთარი დადგება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“საკმაოდ ოპერატიულად მიუვიდა ინფორმაცია აქ გაჩენილ რეაქციაზე, ეს ერთი და მეორე - უცხოეთის რეაქციაზე. მე პირადად არ მომეჩვენა, რომ რამე მკაფიო პოლიტიკური მიზეზი იდგა ამ განცხადების უკან, ვინაიდან პუტინმა პოლიტიკურად არ გააფორმა ეს. პუტინმა თავის თავზე აიღო - მე შემოვიტანეო. ბოლოს კი თქვა, რომ “საქართველომ უნდა გადაწყვიტოს თავისი არჩევანი” და არ ჩანდა სიჯიუტე ამ ხაზის გატარებში. ქართული თემა არ იყო ისეთი დიდი და სერიოზული დატვირთვისა პუტინისთვის, როგორც სხვა ხაზები, როგორც უკრაინა. ჩვენ გვიკვირდა, რომ უკრაინის ფონზე სად გაახსენდა საქართველოო. ამ განცხადებით ჩანს, რომ ამაში არ იყო ღრმა პოლიტიკური ჩანაფიქრი. გაახსენდა ისე, რომ, თუ რამე გამოვა - ხომ კარგი და თუ არადა, დიდად არ შეაწუხებს ეს. ნამდვილად არ ჩანს ზედაპირზე რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ერთი მხრივ, სავარაუდოა, გაჩნდეს უფრო დაბეჯითებით გადადგმული ნაბიჯები დიპლომატიასთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც მეეჭვება ასეთი ფინალი”, -თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ლაშა ბერიძე - “ეს იქნება ხანგრძლივი ომი”

“ლოკალურად ორი ფრონტის ხაზი გვაქვს - აღმოსავლეთის, სადაც ბრძოლის ხაზი ძალიან მჭიდროა, მხოლოდ მანევრირების საშუალებაა, და მეორე, სამხრეთის, სადაც რუსეთი “ყრუ თავდაცვაშია”, რაშიც მდინარე დნიპრო უწყობს ხელს. უკრაინული მხრიდან კონტრშეტევა ყველა მიმართულებით ნელი და თანამიმდევრული იქნება, ტემპს მოუმატებს და ისეთ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, როგორიც ბელგოროდია. ასეთი სტრატეგია ეტაპობრივად გამოაჩენს რუსეთის სუსტ მხარეებს, რასაც უკრაინა სათავისოდ გამოიყენებს, რუსეთს კი პრიორიტეტების დათმობა ანუ ძალების გადანაწილება და არჩევანის გაკეთება საჭიროების მიხედვით მოუწევს. უნდა გადაწყვიტონ, ბელგოროდის დაცვა უფრო პრიორიტეტულია თუ რომელიმე ოკუპირებული რაიონის, ქალაქის თუ დასახლების დატოვება. ერთბაშად ყველაფრის შენარჩუნებისა და გაკონტროლებისთვის საჭირო ცოცხალი ძალა აღარ ჰყავთ. ერთია აღება და სხვა - მისი შენარჩუნება და გაკონტროლება. თუმცა ელვისებურ მოქმედებებს არ უნდა ველოდოთ. ბელგოროდზე შეტევები შეიძლება რეპეტიციაც არის, მსგავს შემთხვევაში როგორ იმოქმედებენ თუნდაც ყირიმსა და სხვა ოლქებში”, - აცხადებს ექსპერტი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს იქნება ხანგრძლივი ომი”.

“უკრაინა ქმნის მოლოდინს, რომ ყველაფერს სწრაფად დაასრულებს, მაგრამ ასე იმიტომ იქცევა, რომ საოკუპაციო ძალები წნეხში ამყოფოს. თუმცა თავადაც იციან, რომ სწრაფად არ დასრულდება და ამიტომაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის მარაგი დააგროვონ. დასავლური მედია წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ომის პირველ თვეებთან შედარებით, ბრძოლა ისწავლეს და ეს გასაკვირი არ არის. როდესაც წელიწადზე მეტია მუდმივად ბრძოლაში ხარ, რაღაცას სწავლობ, ყოველი მომდევნო ამოცანისთვის უკეთესად ემზადები. უკრაინელებმაც ისწავლეს ბევრი რამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მომზადება ბევრად აღემატებოდა რუსებისას, მაგრამ ერთი კვირა ომში ყოფნა ერთ წელიწადს სამხედრო პოლიგონზე ყოფნას უდრის. ბევრად სწრაფად სწავლობ და მეომრადაც ბევრად სწრაფად ყალიბდები. დღეს რუსები ვითომ პოზიციური ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ, სინამდვილეში კი დიდი ხანია სამხრეთში თავდაცვაზეა გადასული და როგორც ჩანს, აღმოსავლეთშიც ასე მოუწევს. ერთადერთი `ვაგნერი~ იყო, რომელიც შეტევით ოპერაციებს ატარებდა, არც ადამიანურ რესურსს ზოგავდნენ და არც სამხედროს, თუმცა ახლა ისინიც გასვლას აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო დანაყოფები მთლიანად თავდაცვით პოზიციებზე გადავლენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“გასულ კვირას ბელგოროდში თავდასხმების გათვალისწინებით, ისეთი სურათი იკვეთება, რომ რუსეთს სხვა მიმართულებებითაც გაუგრძელდება თავდაცვითი რეიდი. რუსეთის საოკუპაციო ძალებს აღარ ჰყავთ საკმარისად მომზადებული შემადგენლობა, რომელიც ბოლო ხანებში თავდაცვითი პოზიციებისთვის სჭირდებათ, და უკვე ვეღარც მოამზადებენ. თორემ ის ჯარისკაცები, რომლებიც პირველივე დღიდან იბრძვიან, რასაკვირველია, უკვე უკეთ მომზადებული არიან, მაგრამ ეს დღევანდელი რუსეთის პრობლემას ვერ აგვარებს. ომის მოგებას ახალი ქვედანაყოფები სჭირდება, მათ კი ახალი ძალები არა ჰყავთ. რაც შეეხება ბელგოროდის რეიდს, მას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ასპექტები. წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ასეთი თავდასხმები ძალიან მომგებიანია, რადგან იმ ლოკალურმა ინციდენტებმა რუსეთს უკვე აგრძნობინა, რომ უსაფრთხოდ ვერსად იქნება და რაც დრო გავა, თავდასხმები გახშირდება. რუსეთის მოქალაქეები უკვე ხვდებიან, რამდენად უსუსურები არიან ომის წინაშე, რომელიც, თუნდაც შარშან ეგონათ, რომ მათ არასდროს შეაწუხებდა. მით უფრო, როგორც აღმოჩნდა, რუსეთის თავდაცვას არა ჰყავს საკმარისი ძალა, რათა მდინარე დნიპროდან კუპიანსკამდე თავდაცვის ხაზი გაავლოს. ბელგოროდს კურსკის ოლქიც დაემატება და ასე გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით, რაც რუსეთს იძულებულს გახდის თავისი ისედაც გაძლებაზე მყოფი სამხედრო რესურსები გადაანაწილოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კიდევ ერთი - ასეთი ღრმა რეიდები საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ლოჯისტიკურ კოლონებს. ამასთან, უკრაინელი სამხედროები რაც უფრო წაიწევენ წინ, შეეცდებიან ადგილობრივი მოსახლეობა გადაიბირონ, დაარწმუნონ, რომ რუსეთის ხელისუფლება ვერ იცავს მათ და ასეც არის. შესაძლოა ეს ახლა ვინმეს გადაჭარბებულ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ იქ ჯერჯერობით არც ისე ბევრი სამხედრო დანაყოფი მოქმედებს, მაგრამ მათი გაზრდის ალბათობა დიდია. მოსახლეობაში უკმაყოფილების მუხტი უკვე ძლიერია, რადგან არაერთხელ მოუწიათ ევაკუაციამ, ნაწილი ახლაც ვერ ბრუნდება სახლში. ეს არის პუტინის რეჟიმის სუსტი წერტილი, არ ჰყოფნის ხალხი საზღვარზე განსათავსებლად. ამიტომ რუსეთის თავდაცვის ნაწილები იძულებული გახდებიან ძალები ბელგოროდსა და შემდეგ სხვა მიმართულებებზეც გადაანაწილონ, ამისთვის კი, რომელიღაც ტერიტორიებზე სამხედრო ნაწილები უნდა მოხსნან. ომი პოლიტიკურ ასპექტსაც მოიცავს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები რუსეთის ლეგიტიმურ ტერიტორიაზე თავდასხმაზე “ცოტა მტკივნეულად” რეაგირებენ, რადგან ომის ესკალაციას ერიდებიან. თუ რუსეთის ტერიტორიაზე ცოცხალი ძალა შევიდა, შეიძლება დასავლელმა პარტნიორებმა იარაღის მიწოდებაში სიფრთხილე გამოიჩინონ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ომში სამხედრო კომპონენტი მხოლოდ იარაღის მიწოდება არ არის, მნიშვნელოვანია პოლიტიკური, დიპლომატიური და საინფორმაციო მხარდაჭერაც, ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური თანადგომა, ლოჯისტიკა. შესაძლოა არაფერი მოჰყვეს და დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა განაგრძოს, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა... შიდა დაპირისპირება უკვე აშკარაა. პუტინის სისუსტეზე მიანიშნებს ისიც, რომ რუსეთში გავლენა ისეთმა პირებმა ჩაიგდეს ხელში, როგორიც პრიგოჟინია. მას არც განათლება აქვს და არც სამხედრო გამოცდილება, ერთი მედროვე ადამიანია, რომელმაც თავის თავს დიდი რუსეთის აღდგენისა და ძალაუფლების გავლენების გაზრდის მისია დაუწესა. თავის დროზე პუტინის დახმარებით შეიქმნა რეპუტაცია და დაიჯერა, რომ ყველაფერი შეუძლია. ბახმუტის შენარჩუნებაში გადაეშვა, თუმცა შემდეგ სოფლის გიჟივით წივილ-კივილით დარბოდა, იარაღი მომეცით, ბახმუტი უნდა ავიღოო... ეს დასახლება რუსეთისთვის პრიორიტეტული ვერ იქნება მაშინ, როდესაც ნოვოკახოვკა და მელიტოპოლი აქვს დასაცავი, რომელთა გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინელები მთელი სამხრეთის მიმართულებაზე კონტროლს აღადგენენ. ბახმუტის სტრატეგიულ ადგილად გადაქცევა უდიდესი სისულელეა, უბრალოდ, პრიგოჟინის ახირება იყო, რომ არ დათმობდნენ და იქ თავისი მეომრები თუ რუსეთის თავდაცვის ძალები ჩახოცა”, - ამბობს ლაშა ბერიძე.

“ეს არ არის ომი, სადაც რაოდენობრივი უპირატესობა გადამწყვეტია, საბოლოო შედეგს მაინც ხარისხი განსაზღვრავს. ამ ომში კარგად აღჭურვილი და მომზადებული სამხედროები არიან საჭირო. ამის მკაფიო მაგალითია ბახმუტი - ამდენი თვეა 72-ათასიან დასახლებას ეჯაჯგურებიან, არაერთხელ უპატაკეს პუტინს, ავიღეთო, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც უკრაინული მხარის ხელშია. ბახმუტის აღების ფასად ყველგან შეუსუსტდა სამხედრო პოზიციები. ეს პრიგოჟინის ამბიციების შედეგია. დიდი ხანია წაგებული ომის გმირობისთვის ემზადება, მაგრამ რომ მარცხდებიან, უკვე თავადაც აღიარა... სარაკეტო დარტყმებით რუსეთს სურს როგორმე უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებები გამოელიოს, ამის შემდეგ ბრძოლაში ავიაციას ჩართავს, რომელსაც წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, ვერ იყენებს, რადგან უკრაინას ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვა აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა არ შესუსტდეს”, - თვლის პოლკოვნიკი.

“რუსი სამხედროები გადაიღალნენ, გამოიფიტნენ, საჭირო რაოდენობით როტაცია ვერ ხერხდება. ამუნიციის, საკვების, იარაღის, მართვის, წესრიგის, ყველაფრის დეფიციტია რუსულ არმიაში, ამიტომ ყველა ცდილობს არმიაში სამსახურს თავი აარიდოს, ქვეყნიდან გაიქცეს, თუნდაც სამუდამოდ. შეიარაღებული ძალებიდან გარბიან კონტრაქტორები, ოფიცრები და ევროპის ქვეყნებში თავშესაფრებს ითხოვენ. ადგილობრივ მედიას უყვებიან იმ არაადამიანურ პირობებზე, რაც გამოიარეს. რუსეთის არმიაზე აღმატებული შეხედულება მოსახლეობის პრივილეგირებულ ნაწილს არასდროს ჰქონია, მაგრამ ახლა იქ მსახურება საშუალო და ღარიბ ფენასაც აღარ უნდა. ომი უკვე შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის სახლებშიც, გახშირდა დაბომბვები, გააქტიურდნენ დრონები, მოტივაცია დაეცა. საპირისპირო მდგომარეობაა უკრაინაში - მშვიდობიანი მოსახლეობა ომში ცხოვრებას შეეჩვია, მუშაობენ, სწავლობენ, ვითარდებიან... რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, ისინი თავიანთ ოჯახებს, ქვეყანას იცავენ, ბრძოლასაც სწავლობენ და ომსაც, მოტივაცია კი მაშინაც არ აკლდათ, როდესაც რუსეთის პირისპირ მარტო იყვნენ და არ იცოდნენ, მეორე დღეს რა იქნებოდა, ახლა კი კონტრშეტევაზე გადადიან გამარჯვების მოლოდინში”, - დასძენს ბერიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო