- ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ბევრჯერ გვითხრა, რომ ახლა „რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო არაა,“ ფაქტია, რომ საქართველომ არა მარტო გააღრმავა ეკონომიკური ურთიერთობები კოლექტიური დასავლეთის მიერ ტერორისტულ და აგრესიულ ქვეყნად გამოცხადებულ რუსეთთან, ჩვენი ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აშკარად ამაყობს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდით.
ვითარებაში, როცა ლამის მთელი მსოფლიო ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას, პუტინის განკარგულებით რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები და უვიზო მიმოსვლა აღდგა და ამ პროცესს ხელისუფლება მიესალმა.
საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე პუტინის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებაც დასტური იყო იმისა, სავარაუდოდ, რა დამოკიდებულება აქვს უკრაინაში მყოფ რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ.
იმ სურათს, რომლის აღწერასაც შევეცადე, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და მორალურ-ზნეობრივი განზომილება აქვს. მათზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, ამიტომ კითხვას, ისევე რიტორიკულად დავსვამ როგორ ის ჰერში ტრიალებს - ქვეყანა უფრო ევროპისკენ მიდის თუ რუსეთისკენ? რამდენად საფუძვლიანია მტკიცება რომ ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა?
- თავიდანვე განვასხვაოთ ხელისუფლება და ქვეყანა. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროპისკენ მიილტვის, მეც აივანზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მაქვს გამოფენილი, სხვა რამის გაკეთება არ შემიძლია. ხელისუფლება კი არჩევნებისკენ მიდის. ზუსტად ამ ქვაკუთხედით უნდა შევხედოთ თქვენს მიერ დახასიათებულ პროცესებს.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან ხელისუფლება ურთულესი რეალობის პირისპირ აღმოჩნდა. იგი ხვდებოდა, რომ რუსეთისთვის სანქციების შემოღება ძალიან რთულ ვითარებას წარმოქმნიდა, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მსგავსად, გაპარტახდებოდა.
2008 წლის გამოცდილებამ კი დაგვანახა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ლოზუნგებისა და განცხადებების გარდა ვერაფერს მივიღებდით.
დაახლოებით ერთი წლის წინ, მე თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ ხდება უკრაინისთვის დახმარების გაწევა ზომიერად, თანდათან მზარდი ტემპით, გიპასუხეთ, რომ ლეტალური იარაღის მისაღებად უკრაინას თავისი ბრძოლისუნარიანობა უნდა გამოევლინა.
ასეც მოხდა. საქართველო კი პატარა ქვეყანაა და თავისი მოსახლეობის ოდენობით ან ტერიტორიით უკრაინის ერთ პატარა ოლქზე მცირეა. ჩვენი ქვეყანა რუსეთს სულ რამდენიმე დღე თუ გაუძალიანდებოდა.
ხელისუფლება შექმნილი ვითარებიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებას ლამობს. მაგრამ, ყოველივე ეს პროვინციულად კეთდება და ამიტომ მთავრობის კრიტიკა ისმის როგორც დასავლეთიდან, ასევე რუსეთიდან
ასეთ ვითარებაში მთავრობამ ნეიტრალური ურთულესი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა, რომ არც მწვადი დამწვარიყო და არც შამფური. მაგრამ, თუ არ მეშლება, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მოგახსენეთ, ჩვენ ტალეირანები არა გვყავს და მივიღეთ ერთობ პროვინციული პოლიტიკა. ნიკოლაი ლესკოვის სიტყვებისა არ იყოს, „მცენსკის რაიონის ლედი მაკბეტი" (Леди Макбет Мценского уезда)”, ანუ წარმოიქმნა სიტუაცია, როცა მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემები პროვინციულ დონეზე გვარდება, რაც, რასაკვირველია, ვერაფრის კარგის მომტანი ვერ იქნება.
ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას კი რამდენიმე მიმართულება გააჩნია. პირველი. პროდასავლური მიმართულება. ლოზუნგების დონეზე მაინც, ხელისუფლება თავის პროდასავლურ კურს აანონსებს და აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის თორმეტივე პუნქტი შესრულებული იქნება. ეს 26 მაისის საზეიმო გამოსვლებშიც მოვისმინეთ.
მეორე. იგი ცდილობს არ გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან და ამით იქ მყოფი ქართული დიასპორისა და მათი საქართველოში მცხოვრები ნათესავების საარჩევნო ხმები მოიხვეჭოს.
მესამეც. ხელისუფლება შექმნილი ვითარებიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებას ლამობს. მაგრამ, ყოველივე ეს პროვინციულად კეთდება და ამიტომ მთავრობის კრიტიკა ისმის როგორც დასავლეთიდან, ასევე რუსეთიდან. როგორ არის ეს ანდაზა ორი კურდღლის დამჭერზე?
- მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორები რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ნამდვილად არ გვიშლიან, მთელი სახელისუფლებო გუნდი იმის მტკიცებაზეა გადასული, რომ „საქართველო სუვერენულ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს“.
ამ თემაზე საუბრისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ თუ საქართველოს არ ექნება ეკონომიკურ კავშირები რუსეთთან ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნება.
და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი მიზანია წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
რუსეთთან დაახლოების საფრთხეებზე გვესაუბრება ყველა ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ვხედავთ რომ სახელისუფლებო გუნდი აგრძელებს ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადებების კეთებას.
რუსეთი რომ საფრთხეა, სადაო წესით არ უნდა იყოს და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლება საფრთხის მინიმალიზებას უნდა ცდილობდეს, მაგრამ, რაც გვესმის, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება რუსეთს საფრთხედ არც აღიქვამს და განიხილავს.
რაც ჩვენ გვესმის ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლება აკრიტიკებს რუსეთთან ომში მყოფ პრეზიდენტ ზელენსკის და როგორც ამას წინათ პრემიერმა თქვა, „დასავლეთს, შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება, მაგრამ ამას არ აკეთებს“.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ გაცხადებული პროევროპული პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება დასავლეთს აკრიტიკებს და რუსეთს საფრთხედ არ აღიქვამს?
- თავისუფალ საზოგადოებაში უკლებლივ ყველას კრიტიკაა დასაშვები. მთავარია კრიტიკა იყოს დროული, საგნობრივი და სამართლიანი. და სწორედ ამ სამ კომპონენტში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მოიკოჭლებენ.
მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ასეთი კრიტიკა პარლამენტის წარმომადგენლებისგან და არა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან უფრო მოდის. უკრაინის ხელისუფლებას, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით, კი ორ რამეს ედავებიან. ერთი პრეტენზია, ჩემი აზრით, სამართლიანია. არ შეიძლება მეგობარმა სახელმწიფომ ძებნილი, უკვე გასამართლებული პიროვნება თავის სახელმწიფო სტრუქტურებში დაასაქმოს. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ გიორგი გახარიამაც თავის დროზე ელჩი კონსულტაციებზე გამოიძახა.
მეორე - ხელისუფლების პრეტენზია უკრაინის მიმართ კი უსამართლოა. ზელენსკი თავის სამშობლოზე ზრუნავს და მას სულაც არ აინტერესებს არც საქართველოს რეალობა და არც მმართველო გუნდის ამბიციები. ამიტომ ტყუილად ელოდება „ქართული ოცნება“ მისგან აღფრთოვანებულ ოვაციებს.
ხელისუფლების პრეტენზია უკრაინის მიმართ კი უსამართლოა. ზელენსკი თავის სამშობლოზე ზრუნავს და მას სულაც არ აინტერესებს არც საქართველოს რეალობა და არც მმართველი გუნდის ამბიციები. ამიტომ ტყუილად ელოდება „ქართული ოცნება“ მისგან აღფრთოვანებულ ოვაციებს
ეხლა. მთავრობას, რასაკვირველია, რუსეთის რიდი აქვს. მაგრამ მას კარგად ესმის, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ნატოს ტანკები ქართულ მიწას არ გათელავენ და ნატოს რაკეტები ქართულ სკოლებსა თუ საავადმყოფოებს არ ააფეთქებენ. რუსეთისა კი რა მოგახსენოთ. ისიც ესმის მთავრობას, რომ გაწბილებული რუსეთის ქმედებანი აბსოლუტურად არაადეკვატურია. ამიტომ ღარიბაშვილს ძალიან უნდა, რომ ომი უკრაინაში დასრულდეს. მაგრამ არ ამბობს, რა ფასით.
დასავლეთს, რასაკვირველია, შეუძლია უკრაინაში ომის მოჩვენებითი დასრულება. საკმარისია უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა შეწყვიტოს. მაშინ პუტინი გაიმარჯვებს და იფიქრეთ, რა მოჰყვება ამას. როგორ გაიფურჩქნება მისი მილიტარიზმი.
აშშ-მ და ევროკავშირმა თქვეს, რომ ომი უკრაინაში ბოლო წერტილია, რომელმაც შეუქცევადად შეცვალა მსოფლიო. დადგა არმაგედონის ჟამი. ამ ომში გაიმარჯვებს ან სამართლიანობა ან ბოროტება და დასავლეთი ბოროტებას არ მისცემს გასაქანს.
აშშ-მ და ევროკავშირმა თქვეს, რომ ომი უკრაინაში ბოლო წერტილია, რომელმაც შეუქცევადად შეცვალა მსოფლიო. დადგა არმაგედონის ჟამი. ამ ომში გაიმარჯვებს ან სამართლიანობა ან ბოროტება და დასავლეთი ბოროტებას არ მისცემს გასაქანს
ახლა განსაჯეთ, რამდენად მორალური და ეთიკური იყო ჩვენი პრემიერის გამონათქვამი? ხომ გითხარით ერთხელ, რომ იგი ჯერ ლაპარაკობს, მერე ფიქრობს. და ფიქრობს კი იგი იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო ან ჩვენი რეგიონი და რა ბედი ელის საქართველოს თუ პუტინმა გაიმარჯვა?
ახლა ორიოდ სიტყვა ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ორიოდ სიტყვა იმიტომ, რომ ასეთი საერთოდ არ გაგვაჩნია. თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება.
ახლა ხომ ამაყობს იგი ქართული ღვინით. მინდა გავახსენო მას, რომ ქართული მეღვინეობის ნახტომისებრი და თვისობრივი გარდაქმნა სწორედ რუსეთში მისი იმპორტის აკრძალვამ განაპირობა.
ორიოდ წელი მძიმე იყო, მაგრამ ქართულ მეღვინეობას გაეხსნა სტრატეგიული პერსპექტივა. ასე მოხდება ეკონომიკის სხვა დარგებშიც. „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა“.
- ამ ურთულესი პრობლემების ფონზე გამწვავებულია ურთიერთობები არა მარტო ზოგადად ოპოზიციურ ფრთაზე, პოლიტიკურ ძალებს შორის, მათ შორის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, როგორც ბევრი ამბობს, „ხასიათი გამოავლინა“, საპარლამენტო უმრავლესობამ „იზრუნა“ და მას კანონმდებლობით ჩამოართვა გარკვეული უფლებამოსილებები, რაც მისი უფლებამოსილება იყო.
აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების პრეზიდენტთან დაპირისპირების კულმინაცია გახლდათ დამოუკიდებლობის აღსანიშნავ 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა.
პრეზიდენტს ხელისუფლება ამა თუ იმ მიზეზის გამო ბევრჯერ გაუკრიტიკებია, მაგრამ, ფაქტია, რომ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ამ დოზით მის კრიტიკულ გამოსვლას მაინც არავინ ელოდა.
როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის დაპირისპირებას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან? რას შეიძლება ნიშნავდეს სახელისუფლებო შტოებს შორის იმ ტიპის დაპირისპირება რასაც თვალს ვადევნებთ?
- ცუდია ეს ყველაფერი. ჩვენ გვავიწყდება, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურის ფუძემდებლურ ელემენტებთან და მათ უფაქიზესი მოპყრობა ჭირდება.
განსაკუთრებით გამაკვირვა ევროპული სულისკვეთების მქონე ქალბატონმა სალომემ. მას ნამდვილად არ აკლია აუდიტორია, დასავლელი თუ ადგილობრივი მსმენელი და ამ ბრალდებების გასაჟღერებლად უკეთესი დრო შეეძლო მოეძებნა.
განსაკუთრებით გამაკვირვა ევროპული სულისკვეთების მქონე ქალბატონმა სალომემ. მას ნამდვილად არ აკლია აუდიტორია, დასავლელი თუ ადგილობრივი მსმენელი და ამ ბრალდებების გასაჟღერებლად უკეთესი დრო შეეძლო მოეძებნა
საერთოდ, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ამბიციები და მისწრაფებები უფრო გვადარდებს, ვიდრე ქვეყანა, როგორც ასეთი. გვავიწყდება, რომ ის, რასაც ეხლა ვხედავთ წუთიერია, წარმავალია. ამ ამბიციებს, საბოლოო ჯამში, ისტორიის ქარი წალეკავს, საქართველო კი დარჩება.
ისე, სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება ცუდი სულაც არ არის, იგი ქვეყნის სწორ არჩევანს უწყობს ხელს. უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი.
სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება ცუდი სულაც არ არის, იგი ქვეყნის სწორ არჩევანს უწყობს ხელს. უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი
- მმართველ გუნდს არც წინა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არც მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის რომ არ მოსწონს, არახალია. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქტიურად საუბრობენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე.
გვინდა არ გვინდა ვითარება უკვე ამგვარია. მაგრამ, რატომღაც არავის საუბრობს, იმაზე რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა, როგორც მინიმუმ, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ბატონმა ივანიშვილის ინიციატივით პრემიერი ჯერ ღარიბაშვილი იყო, შემდეგ კვირიკაშვილი, შემდეგ ბახტაძე და გახარია და ახალ ისევ ღარიბაშვილია.
სავარაუდოდ, რა გაგრძელება ექნება სახელისუფლებო გუნდის პრეზიდენტთან დაპირისპირებას? სახელისუფლებო გუნდი წავა ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე?
- „ქართულ ოცნებას“ ჯიბის პრეზიდენტი ჭირდება, მაგრამ ასეთი ვერ გამონახა. ისინი ქვეცნობიერად ფიქრობენ უმადურობაზე, აგერ ჩვენ გაგაპრეზიდენტეთო და მადლობის მაგიერ მწარედ გვაკრიტიკებ? მაგრამ ავიწყდებათ თუ ვინ იყო ქალბატონი სალომეს კონკურენტი მეორე ტურში. „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსავალი, გარდა ქალბატონი სალომეს მხარდაჭერისა, არ გააჩნდა.
„ქართულ ოცნებას“ ჯიბის პრეზიდენტი ჭირდება, მაგრამ ასეთი ვერ გამონახა... „ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსავალი, გარდა ქალბატონი სალომეს მხარდაჭერისა, არ გააჩნდა
იმპიჩმენტზე იურისტებს კითხეთ, მე კი მეჩვენება, რომ ეს პროექტი უპერსპექტივოა. წელიწად ნახევარში ახალი არჩევნები მოგვადგება კარს და პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს. იმპიჩმენტის პროცედურა კი ბევრად მეტ დროს წაიღებს.
- პრეზიდენტის სასახლის წინ ტელეკომპანია „ მთავარი არხის“ გენდირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
თქვენი დაკვირვებით გაქვთ განცდა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში გამგზავრებამდე, ან ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ შეიწყალებს ნიკა გვარამიას?
- ამ კითხვაზე ერთხელ უკვე გაგეცით პასუხი. ქალბატონ სალომეს თავისი სიტყვები, როგორც წესი, უკან არ მიაქვს. ამიტომ არ მგონია, რომ მან ნიკა გვარამია შეიწყალოს, თუმცა...
- რადგან 2023 წელი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია იმ თვალსაზრისით რომ წლის ბოლოს ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამ თემაზე საუბრით უნდა გავაგრძელოთ საუბარი.
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპა საქართველოს არ მიატოვებს. მეორე ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპამ საქართველოზე თავად თქვას უარი.
არადა, პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ლამის ყოველ მეორე დღეს აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა.
ბევრი იმასაც ამბობს, ევროპა, ამერიკა და ნატო ალბათ ფიქრობენ - ბოლო ბოლო საქართველო თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა. საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არსებული იმ დინამიკით, რაც ახლა გვაქვს, სავარაუდოდ, „რაზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ბოლო ბოლო საქართველო“?
- კიდევ ერთხელ, ძალიან გთხოვთ, ერთმანეთისაგან განვასხვაოთ მთავრობა და ქვეყანა. საქართველოს მოსახლეობამ თავისი მოთხოვნა მრავალჯერ მრავალ მიტინგზე გააჟღერა, თუნდაც აგენტების წინააღმდეგ გამართულ სპონტანურ მიტინგზე. საქართველოს მოსახლეობამ დაანახა დასავლეთსა და მთავრობას, რომ დიქტატურა, ძალისმიერი მეთოდები აქ მიუღებელია.
საქართველოს მოსახლეობამ დაანახა დასავლეთს, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაზე დემოკრატიულია სსრკ-ს ნამსხვრევებზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის. ნუ დაგვავიწყდება საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი რეგიონში. მიმაჩნია, რომ ევროკავშირი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს.
საქართველოს მოსახლეობამ დაანახა დასავლეთს, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაზე დემოკრატიულია სსრკ-ს ნამსხვრევებზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის. ნუ დაგვავიწყდება საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი რეგიონში. მიმაჩნია, რომ ევროკავშირი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს
მთავრობები იცვლება, სახელმწიფო კი რჩება. ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მე სხვა, გაცილებით უფრო მწვავე, ჩვენი მომავლისთვის გადამწყვეტი პრობლემები მადარდებს.
- და როგორია ეს პრობლემები?
- დამოუკიდებლობის მიღწევის პირველივე დღიდან თანდათან იშლებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი, პრაქტიკულად გაუანალიზებელი, დანაშაული ჩაიდინა. კორუფციასთან ბრძოლის ბაირაღით ფრიალით მან მოსპო ქართული მეცნიერება, განათლება და საინჟინრო ტრადიცია.
ოდიოზური და მიუღებელია მის მიერ შემოღებული კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმადაც ყურადღება ექცევა ფასს და არა ხარისხს. შედეგად, ვიღებთ მდინარე ვერეს, დარიალის ხეობის ან თუნდაც ვაკის პარკის ტრაგედიებს, ვინაიდან პასუხისმგებელ პირებს არც გამოცდილება და არც სათანადო ცოდნა არ გააჩნიათ.
საერთოდ, საქართველოში თანდათან ქრებიან ენციკლოპედიურად განათლებული ადამიანები, ახლები კი პრაქტიკულად არ ჩნდებიან. ჩემს მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც საუკეთესონი არიან უნივერსიტეტებში, ელემენტარული მწიგნობრობა აკლიათ.
საქართველოში თანდათან ქრებიან ენციკლოპედიურად განათლებული ადამიანები, ახლები კი პრაქტიკულად არ ჩნდებიან. ჩემს მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებიც საუკეთესონი არიან უნივერსიტეტებში, ელემენტარული მწიგნობრობა აკლიათ
ქართული გრამატიკის წესები ქრება. სტუდენტები წერენ „გვერძე“ „გვერდზე“-ს მაგივრად, დ-სა და თ-ს სწორი ხმარება კი ხომ მათთვის გადაულახავი პრობლემაა. მათ შეიძლება იცოდნენ, ვინ იყო ფეხბურთელი შნელინგერი, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ, ვინ იყო კვანტური მექანიკის ფუძემდებელი შრედინგერი. სახელმწიფო გამოცდების წარმატებულ ჩამბარებლებს კი გამრავლების ტაბულა არც კი დაუზეპირებიათ: მობილური ტელეფონებით სარგებლობენ.
ყველაფერ ამას ჩვენი მთავრობა უწყობს ხელს - საუნივერსიტეტო ინსტიტუტებში მეცნიერებათა დოქტორს უფრო დაბალი ხელფასი აქვს, ვიდრე სუპერმარკეტის მოლარესა და მეეზოვეს. ინსტიტუტები გაურემონტებელია, გათბობის გარეშე დარჩენილი, სახურავებიდან წყალი ჟონავს...
ვიფიქროთ ჩვენ შვილებზე და ამ პრობლემების მოგვარება მოვთხოვოთ ხელისუფლებას. დავანებოთ თავი პოლიტიკურ კინკლაობას
შედეგად, დაბალანსებული ქართული საზოგადოება მომხმარებელთა საზოგადოებად გადაიქცა. გზებს ჩინური კომპანიები გვიშენებენ, რასაც მეწყრების ჩამოწოლა მოჰყვება.
აი, ეს არის ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ.
მომხმარებელთა საზოგადოებას სტრატეგიული მომავალი არ გააჩნია. ვიფიქროთ ჩვენ შვილებზე და ამ პრობლემების მოგვარება მოვთხოვოთ ხელისუფლებას. დავანებოთ თავი პოლიტიკურ კინკლაობას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი