ავსტრიის პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი და დელეგაციის წევრები ვენაში ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

ავსტრიის პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი და დელეგაციის წევრი დეპუტატები ვენაში ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ სობოტკას შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები დაესწრნენ პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც მიმდინარეობდა ევროპის საათი.

„ავსტრიელმა კოლეგებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს სრულ მხარდაჭერაზე ისაუბრეს და პატივით მიეგებნენ საქართველოს დელეგაციის სტუმრობას. სხდომას ესწრებოდა ავსტრიის კანცლერი და ევროპის საკითხებში ფედერალური მინისტრი.

ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვენაში ვიზიტის ფარგლებში მთავარი ყურადღება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დაეთმო.

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა და დელეგაციის წევრებმა საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის ავსტრიელ დეპუტატთან, ლუკას მანდლთან, ბუნდესრატში ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, შტეფან შენახთან და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო ფედერალურ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან, ელჩ გერჰარდ ზაილერთან.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მიღების მნიშვნელობას. დელეგაციის წევრებმა ავსტრიელ კოლეგებს დეტალურად გააცნეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო აქტიურად დგამს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად. აღინიშნა, რომ ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანთან, ავსტრიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლჰაინც კოპფთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებსა და ამ თვალსაზრისით მომავალში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. აღსანიშნავია, რომ კარლჰაინც კოპფს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოსა და ავსტრიას შორის ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

შეხვედრები გაიმართა ავსტრიის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ანდრეას მინიხთან, ჯგუფის წევრებთან, ფრანც ესლთან, მარტინა კუნსბერგ-სარესთან და კოლეგა დეპუტატებთან, კარმენ იეითლერ-ჩინჩელისთან, ჰელმუტ ბრანდშტეტერთან და მიშელ რაიმონთან.

განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების უფრო გაღრმავების საკითხები. ქართული დელეგაციის წევრებმა კოლეგებს გაუზიარეს ინფორმაცია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად.

საქართველოს პარლამენტის ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ვენაში დასრულდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს