ფოთში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ფოთში, ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრისა და „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის ორგანიზებით პირველი დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფოთის პორტის ინფორმაციით, ფორუმი დღეს, 14:00 საათზე ჩატარდება.
„ფორუმი საშუალებას მისცემს საზღვაო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და კომპანიებს, გააცნონ სექტორში მიმდინარე სიახლეები, არსებული ვაკანსიები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები დამსწრე აუდიტორიას. ახალგაზრდებს კი ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ერთ საგამოფენო სივრცეში გაესაუბრონ და გააცნონ თავი მათთვის საინტერესო ორგანიზაციებს, მიიღონ ინფორმაცია კერძო სექტორის მხრიდან არსებულ შეთავაზებებზე მათი შემდგომი დასაქმების მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას გახსნიან „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი ხულიან ფერნანდესი და ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე.
„დღევანდელი ღონისძიება გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას ვიპოვოთ და გავიცნოთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დამსაქმებლებისათვის წარმოადგენენ წარმატებისკენ მიმავალ მამოძრავებელ ძალას. „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“, 790 პროფესიონალი თანამშრომლით, წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს საქართველოში; თუმცა, ჩვენ არასდროს ვწყვეტთ პროფესიონალების ძიებას და მზად ვართ, აქ მოსულ დაინტერესებულ პირებს, შევთავაზოთ ღირსეული სამუშაო პირობები და კარიერული წინსვლის მრავალმხრივი შესაძლებლობები”, - ამბობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალური დირექტორი ხულიან ფერნანდესი.
ღონისძიება ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის დარბაზში (წმინდა გიორგის ქ. #24) გაიმართება.

























