სახიფათო კი არა ძალიან სასარგებლოა ხალხის გამოფხიზლების თვალსაზრისით-ფაქტობრივად, გულწრფელად გვითხრათ, რომ მათ სინამდვილეში არც ნატო უნდათ და არც დასავლეთისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლა შეაფასა.
მისივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი განცხადებებით ის მიმართულება აჩვენა, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს აღებული.
„ვფიქრობ, რომ სახიფათო კი არა ძალიან სასარგებლოა ხალხის გამოფხიზლების თვალსაზრისით. პრემიერი ამაზე უკეთეს საქმეს მემგონი ვერაფერს გააკეთებდა, ფაქტობრივად, გულწრფელად გვითხრა, რომ მათ სინამდვილეში არც ნატო უნდათ და არც დასავლეთისკენ მიისწრაფვიან. ის მიმართულებაც გვაჩვენა, რაც აღებული აქვთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება კითხვას, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოს ტერიტორიები არ დაუკარგავს და სხვა მთავრობების პერიოდში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ომი და ესკალაცია იყო, ხომ არ ცდილობს ის ისტორიის გადაწერას, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ „ისტორიის გადაწერა სერიოზული საქმეა და უფრო მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება, ვიდრე შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდეს".
„პრემიერი სინამდვილეში დაკავებულია დავალებების, რასაც ის იღებს, არც თუ ისე ხარისხიანად შესრულებით და არა ისეთი საპასუხისმგებლო საქმით, როგორიც ისტორიის გადაწერაა. მისი დავალებაა, რომ ხომალდი დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ მოატრიალოს",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"