ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს

სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ სოხუმის ხელისუფლების ოპოზიცია „პრემიერ-მინისტრ“ ანქვაბის გადადგომას მოითხოვს, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მათ მოთხოვნას, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაუბრუნოს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა ცვლილებებია მომხდარი აფხაზურ საზოგადოებაში, პოლიტიკურ კლასში, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჟენევის კონსულტაციებმა საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურზე გადმოინაცვლოს, ასევე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის პერსპექტივებსა და აფხაზეთში არსებული ენერგოკრიზისის პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ, ბადრი ბელქანიას ესაუბრა.

- ბატონო ბადრი, სოხუმში ხელისუფლების ოპოზიციის მიერ კარგა ხნის წინ დაანონსებული საპროტესტო აქცია პრემიერ ალექსანდრე ანქვაბის გადგომის მოთხოვნით გაიმართა.

მოვისმინეთ საპროტესტო აქციის მონაწილეების საკმაოდ კრიტიკული და კატეგორიული მოთხოვნები ზოგადად ხელისუფლების, კერძოდ პრემიერ ალექსანდრე ანქვაბის გადადგომასთან დაკავშირებით.

ვისაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ომისწინანდელი ეტაპი ახსოვს, იცის, რომ ბატონი ანქვაბი სხვა აფხაზ პოლიტიკოსებს შორის გამოირჩეოდა ქართველების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით.

„პრეზიდენტ“ სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებისა და მისი გაპრეზიდენტების შემდეგ მის მიერ წარმოებული პოლიტიკა საქართველოს მიმართ მკაფიოობით გამორჩეოდა იმ თვალსაზრისით, რომ სოხუმი „დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებდა“.

მისი მმართველობის დროს გალში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ სოხუმმა საკმაოდ ლოიალური ნაბიჯები გადადგა. გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აფხაზეთის მოქალაქეობა მიენიჭა, მათზე პასპორტები გაიცა და მოსახლეობა მეტ-ნაკლებად დაცული იყო.

სწორედ ეს გახლდა მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციამ იგი გადააყენა და მას თანამდებობის დატოვება მოუხდა. ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს გალის მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას აფხაზეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა. ბჟანიას გაპრეზიდენტების შემდეგ ანქვაბი აფხაზურ პოლიტიკაში ისევ დაბრუნდა, ამჯერად პრემიერად.

ვიცით, რომ ანქვაბს არა ერთი ისეთი ნაბიჯი აქვს გადადგმული, რაც „აფხაზური ნაციონალური პროექტის“ რეალიზაციის ნაწილია. რა შეიძლება იყოს მიზეზი პრემიერ ანქვაბის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულების?

- ანქვაბის გადაყენება თავის დროზე მხოლოდ ერთი ფაქტორით არ იყო განპირობებული, თუმცა, სიმართლეა, რომ მას ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე ე.წ. „პრო-ქართული“ და ქართველებისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო, რასაც გალის მოსახლეობის მიმართ რბილ პოზიციებსაც მიაწერენ.

თუნდაც მისი პირველი ხარისხის ორდენით „ახძ-აფშა“-თი („პატივი და დიდება“) დაჯილდოებას რამდენიმე თვის წინ პროტესტით შეხვდა ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“, რომელმაც ანქვაბი ომის დროს ქართული მხარისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა.

ვეტერანებმა საზოგადოებას ასევე „შეახსენეს“, რომ არძინბამ ანქვაბი საჯაროდ დაადანაშაულა, რომ მან იცოდა „საქართველოს აფხაზეთში შეჭრის გეგმის შესახებ“, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ აცნობა. მსგავსი ტიპის კრიტიკა ანქვაბის მიმართ ამ დღეებში გამართული დემონსტრაციების დროსაც გაჟღერდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „არაეფექტური“ მთავრობის გადაყენება იყო.

ამ მხრივ ანქვაბის მიმართ აფხაზურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია, რადგან მას როგორც „პრო-ქართულობაში“, ისე აფხაზეთში „ზედმეტად რუსული საქმის კეთებაშიც“ ადანაშაულებენ, რაც ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებას, აპარტამენტების კანონის მხარდაჭერასა და ენერგოსექტორის რუს ინვესტორებზე შესაძლო გასხვისებას გულისხმობს.

ანქვაბის მიმართ აფხაზურ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია, რადგან მას როგორც „პრო-ქართულობაში“, ისე აფხაზეთში „ზედმეტად რუსული საქმის კეთებაშიც“ ადანაშაულებენ, რაც ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებას, აპარტამენტების კანონის მხარდაჭერასა და ენერგოსექტორის რუს ინვესტორებზე შესაძლო გასხვისებას გულისხმობს

ეს სამივე ნაბიჯი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული გავლენების კიდევ უფრო ზრდისკენ არის მიმართული, რასაც მოსახლეობა საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს.

მთლიანობაში ფაქტია, რომ ანქვაბის ფიგურა სოხუმში მრავალმხრივი კრიტიკის საგანია, როგორც პოლიტიკოსების, ისე უბრალო მოსახლეობაში.

მაგრამ, ანქვაბი ხელისუფლების ხელმძღვანელის, ასლან ბჟანიას მხარდაჭერით, აფხაზურ პოლიტიკაში ლავირების მრავალწლიანი გამოცდილებითა და პირადი გავლენების გამო, თავისი თანამდებობის შენარჩუნებას ახერხებს.

- მიუხედავად იმისა, რომ მიუსერის საკმაოდ დიდი ნაწილის კრემლისთვის გადაცემაზე ხელი „პრეზიდენტ“ ბჟანიას აქვს მოწერილი, ამ საკითხში ბევრი რამ მაინც „პრემიერ“ ანქვამს ბრალდება. მას ბრალდება ასევე რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში ბიზნეს ფართების მშენებლობის გადაწყვეტილების მიღება.

არადა, გვახსოვს, რომ ამ თემას სოხუმში კრემლთან დაახლოებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ლობირებდნენ.

სავარაუდოდ, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ანქვაბის მიმართ ოპოზიციის საკმაოდ ორგანიზებულ გააქტიურებას?

- ოპოზიციის მიზანი მთლიანობაში ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება, რასაც ბჟანიას ვადაზე ადრე გადაყენება ან არჩევნებში დამარცხება სჭირდება, - ანქვაბის მიმართ მოჭარბებული ყურადღება კი უფრო დროებით სტრატეგიას წააგავს, მთავარ მიზნამდე მიმავალი გზის ერთ შუალედურ, მეტ-ნაკლებად მიღწევად ეტაპს. თუმცა ამ მიზანსაც მიღწევა სჭირდება, არც ანქვაბი და არც ბჟანია კი ჯერჯერობით დათმობას არ აპირებენ, ამ პროტესტის პირველი ტალღა ანქვაბმა გადააგორა.

არც ანქვაბი და არც ბჟანია კი ჯერჯერობით დათმობას არ აპირებენ, ამ პროტესტის პირველი ტალღა ანქვაბმა გადააგორა

ოპოზიციის ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა ადგურ არძინბამ პირობა დადო, რომ მშვიდობიან აქციას ჩაატარებდა, შესაბამისად, მთავრობის შეცვლა უფრო ლოგიკურ და ზომიერ მოთხოვნას ჰგავდა ამ პირობებში, ვიდრე პრეზიდენტის გადაყენება.

პრეზიდენტის გადაყენებას კი, ისევ აფხაზეთის გამოცდილების გათვალისწინებით, უფრო ხისტი მეთოდები სჭირდება, მათ შორის შესაბამის უწყებებში ფიზიკური შეჭრა, რაზეც უარი წინასწარვე ითქვა.

თუმცა, მიუხედავად წინასწარ გახმოვანებისა, რომ ოპოზიციას ასეთი გეგმები არ გააჩნდა, ბჟანიამ უსაფრთხოების განსაკუთრებული, ჯერ არნახული ზომები მიიღო, რაც დამატებით გახდა საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი სეგმენტის კრიტიკისა და სოციალურ ქსელებში ქილიკის საგანიც კი.

იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტის გადაყენებას ოპოზიცია მოითხოვდა. მაგრამ, ოპოზიციას ეს მოთხოვნა არც გაუჟღერებია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ მოთხოვნას ხალხის განსაკუთრებული მხარდაჭერა არ ექნებოდა, რადგანაც აფხაზეთში ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაზეც რეგიონის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული.

იყო მოლოდინი, რომ პრეზიდენტის გადაყენებას ოპოზიცია მოითხოვდა. მაგრამ, ოპოზიციას ეს მოთხოვნა არც გაუჟღერებია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამ მოთხოვნას ხალხის განსაკუთრებული მხარდაჭერა არ ექნებოდა, რადგანაც აფხაზეთში ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაზეც რეგიონის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული

ასეთ ვითარებაში აფხაზეთში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება ხალხისთვის პრიორიტეტული თემაა და თუ დიდი საპროტესტო ტალღა სოხუმში კვლავ იფეთქებს, სავარაუდოდ, ზაფხულის გადაგორების შემდეგ.

- ვინც თვალს ადევნებს აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლაზე, ასევე უვიზო მიმოსვლაზე სოხუმის პოლიტიკური წრეების რეაქცია.

ამ თემაზე საუბრისას სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას კომენტარი ამგვარი იყო - „კრემლის საქართველოსთან პოლიტიკის კონსულტაციების ფარგლებში სოხუმი ინფორმირებული იყო იმის შესახებ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პრეზიდენტი პუტინი საქართველოსთან ფრენებისა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.“ მისივე მტკიცებით, კრემლის ეს გადაწყვეტილება „ჰუმანიტარული“ მოსაზრებით იქნა მიღებული.

მან ასევე განაცხადა - „რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წლები ვიმუშავე, ვიცი თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ აფხაზეთის მიმართ და ვენდობი მათ, ამიტომ რუსეთ- საქართველოს დაახლოების გამო შეგიძლიათ არ ინერვიულოთ“.

ინალ არძინბა ერთი პერიოდი მართლაც მუშაობდა პუტინის ადმინისტრაციაში, არ ვიცი, მოსკოვმა მართლა შეუთანხმდა თუ არა სოხუმს საქართველოსთან ფრენების აღდგენაზე, მაგრამ, საინტერესო ისაა, რაში დასჭირდა ინალ არძინბას აფხაზეთში მცხოვრებთათვის ეთქვა - „არ ინერვიულოთ“ რუსეთ-საქართველოს დაახლოებაზე?

- ინალ არძინბას საზოგადოების დამშვიდება დასჭირდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი შიში, რომ საქართველოსა და რუსეთის შესაძლო დაახლოებამ, რისი ნიშნადაც მიიღეს სოხუმში (და არამხოლოდ სოხუმში) მაგალითად, უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები, შესაძლოა, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა გადაწონოს და სოხუმმა მთავარი მოკავშირე დაკარგოს.

ინალ არძინბას საზოგადოების დამშვიდება დასჭირდა ერთი მარტივი მიზეზის გამო - აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს ერთგვარი შიში, რომ საქართველოსა და რუსეთის შესაძლო დაახლოებამ, შესაძლოა, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა გადაწონოს და სოხუმმა მთავარი მოკავშირე დაკარგოს

სწორედ ამ მოსაზრების გასაქარწყლებლად დასჭირდა არძინბას საზოგადოების დარწმუნება, რომ „კარგად იცნობს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულებებს და „სანერვიულო არაფერია“, ანუ მოსკოვი აფხაზეთის აღიარების პოლიტიკის მიმართ ერთგული დარჩება.

- საქართველოზე საუბრისას იმავე ინალ არძინბამ განაცხადა - საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივა ნულის ტოლია“.

უცნაურად დაემთხვა ინალ არძინბას კომენტარები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლების კომენტარებს. მისივე თქმით, ზურაბიშვილი, ისევე როგორც საქართველოს არაკომერციული არასამთავრობო სექტორი ვაშინგტონის დავალებებს ასრულებენ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე საინტერესო იყო აფხაზ პოლიტიკოსებს შორის შესაძლოა ყველაზე გამოცდილი პერსონის, ამჟამად სოხუმის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას კომენტარები.

შამბას თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების 70%-ით ზრდა იმას ნიშნავს, რომ „რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.“ „საქართველოს ხელისუფლებას ცხვირი ქარის მოძრაობას ყურადღებით დააკვირდება“.

თუმცა, მისივე თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. სამბა დარწმუნებულია, რომ „რუსეთი მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს თავის სიმართლეს“.

არძინბა -შამბას განცხადებები იმის გამო გავიხსენე ასე დეტალურად, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთთან ფრენები და უვიზო მიმოსვლა აღდგა, ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქტიურად საუბრობენ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების პერსპექტივაზე.

თქვენი დაკვირვებით, იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც რეალურად არსებობს აფხაზურ პოლიტიკაში, რამდენად რეალისტურად გამოიყურება იმაზე მსჯელობა, თითქოს კრემლი საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაუბრუნებს?

- რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს.

ეს არის ქართულ საზოგადოებაზე გათვლილი, მიზანმიმართული პროპაგანდა, რათა რეალობა ისე წარმოჩინდეს, თითქოს სასწორის ერთ პინაზე დასავლური საგარეო კურსი დევს, მეორეზე კი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამ დროს, რუსეთის ყოველი ნაბიჯი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ რეგიონების რუსულ სივრცეში მეტ ინტეგრაციას უკავშირდება, რის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაც სოხუმში გამართული დემონსტრაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

რუსეთის ყოველი ნაბიჯი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ რეგიონების რუსულ სივრცეში მეტ ინტეგრაციას უკავშირდება, რის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაც სოხუმში გამართული დემონსტრაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო

2020 წელს სოხუმთან გაფორმებული ე.წ. „კანონმდებლობების ჰარმონიზაციის დოკუმენტის“ სრული იმპლემენტაციის შემთხვევაში აფხაზეთი, ფაქტობრივად, რუსეთის რიგით ფედერაციულ სუბიექტს დაემსგავსება, ცხინვალში კი ეს პროცესი თითქმის ბოლომდე არის მიყვანილი.

შესაბამისად, რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი კონკრეტული გეგმები აქვს, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური, მისი მხრიდან კი რაიმე დათმობაზე წასვლა არსებული რეჟიმის პირობებში, ცარიელ ადგილზე დაფუძნებული, ყალბი ნარატივია.

2020 წელს სოხუმთან გაფორმებული ე.წ. „კანონმდებლობების ჰარმონიზაციის დოკუმენტის“ სრული იმპლემენტაციის შემთხვევაში აფხაზეთი, ფაქტობრივად, რუსეთის რიგით ფედერაციულ სუბიექტს დაემსგავსება, ცხინვალში კი ეს პროცესი თითქმის ბოლომდე არის მიყვანილი

ზოგადად, აფხაზეთის მიწებისა და სტრატეგიული რესურსების რუსებზე გასხვისების მიმართულებით მოსკოვის მხრიდან გაზრდილი წნეხის გამო, სოხუმში ანტირუსული სენტიმენტები იზრდება, რაც ჩვენ უნიკალურ შანსს გვაძლევს, ეს ტენდენცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გამოვიყენოთ.

ნელი ტემპებით, მაგრამ რეგიონში მაინც შეიმჩნევა რუსეთის საფრთხედ აღქმის მზარდი დინამიკა, რაც, ცხადია, ჩვენი საერთო ურთიერთობისთვის სასარგებლო მოვლენაა.

აფხაზეთში მზარდი ანტირუსული სენტიმენტები პირდაპირ პრო-ქართულ განწყობებად არ ითარგმნება, მაგრამ ეს ის შესაძლებლობის ფანჯარაა, რომელსაც გონივრული გამოყენება სჭირდება - მაგალითად, მოსკოვისთვის გვერდის ავლით აფხაზებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება.

აფხაზეთში მზარდი ანტირუსული სენტიმენტები პირდაპირ პრო-ქართულ განწყობებად არ ითარგმნება, მაგრამ ეს ის შესაძლებლობის ფანჯარაა, რომელსაც გონივრული გამოყენება სჭირდება - მაგალითად, მოსკოვისთვის გვერდის ავლით აფხაზებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება

ამ მხრივ, ჩვენი მხრიდან, სამწუხაროდ, არანაირი აქტიურობა და მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისთვის მზაობა არ შეინიშნება. დადებითი და საკმაოდ მოულოდნელი მოვლენა იყო პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში სოხუმში მიმდინარე დემონსტრაციების თემის წამოწევა და კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ რუსეთი თანაბრად არის საფრთხე როგორც ქართველების, ისე აფხაზების მომავლისა და თვითმყოფადობისთვის.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას უმალვე უარყოფითად გამოეხმაურა აფხაზური ოპოზიცია, რომელსაც შიდა-პოლიტიკურად არ აძლევს ხელს ქართული მხრიდან რაიმე ტიპის მხარდაჭერა, მაგრამ ასეთი კომენტარები და დადებითი ხასიათის ყურადღება მაინც სწორი მიდგომის ერთ-ერთი ნიშანია.

პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას უმალვე უარყოფითად გამოეხმაურა აფხაზური ოპოზიცია, რომელსაც შიდა-პოლიტიკურად არ აძლევს ხელს ქართული მხრიდან რაიმე ტიპის მხარდაჭერა, მაგრამ ასეთი კომენტარები და დადებითი ხასიათის ყურადღება მაინც სწორი მიდგომის ერთ-ერთი ნიშანია

სამწუხაროდ, პრეზიდენტის კომენტარები ამ მიმართულებით საკმარისი არ არის და ამ გაყინული პროცესის დაძვრას აღმასრულებელი შტოს პოლიტიკური ნება და აქტიური მუშაობა სჭირდება, რისი კვალიც ამ ეტაპზე არ ჩანს.

შამბას განცხადებებს რაც შეეხება, მას მხოლოდ ნაწილობრივ დავეთანხმებოდი იმ ნაწილში, რომ უკრაინის ომზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ რუსეთი „თავის სიმართლეს“ ნამდვილად ვერავის დაუმტკიცებს. რუსეთის „სამართლიანი ომის“ უკრაინაში თავად აფხაზეთშიც ნაკლებად სწამთ, მათ შორის პოლიტიკურ წრეებშიც, მაგრამ ამის საჯაროდ განცხადება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია.

რუსეთის „სამართლიანი ომის“ უკრაინაში თავად აფხაზეთშიც ნაკლებად სწამთ, მათ შორის პოლიტიკურ წრეებშიც, მაგრამ ამის საჯაროდ განცხადება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია

- მე კი მესმის, რომ საკითხის ასე დაყენება, მითუმეტეს საშინაო პოლიტიკის პროპაგანდისტულ ლოზუნგად ქცევა არც რეალისტურია და რაც მთავარია კონტრპროდუქტიულია, მაგრამ ამის ნიშნები რომ სახეზე გვაქვს, ფაქტია.

ვხედავთ, რომ რაც მეტი დრო გადის, კრემლის პროპაგანდისტებს სულ მეტად უჭირთ პროპაგანდის წარმოება. ამის მიზეზი კი ბრძოლის ველზე უკრაინელების თავგანწირული ბრძოლაა. აფხაზეთი რუსული საინფორმაციო სივრცის ნაწილია, მაგრამ, ვხედავთ, რომ აფხაზეთში ხშირად მსჯელობენ უკრაინაში მიმდინარე ომზე, მის სავარაუდო შედეგებზე და ასე შემდეგ.

ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო აფხაზური საზოგადოების რეაქცია იმაზე, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით ევროკავშირი აღარ ცნობს იმ რუსულ პასპორტებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა გაცემული. აფხაზეთში დარჩენილი საზოგადოების ნაწილმა მომხდარი აფხაზეთის იზოლაციის მცდელობად შეაფასა. მეორე ნაწილი კი როგორც იტყვიან „ურაპატრიოტულად“ შეხვდა მომხდარს.

საინტერესოა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რა ცვლილებებია მომხდარი აფხაზურ საზოგადოებაში, პოლიტიკურ კლასში და რისი თქმის საშუალებას იძლევა ის სურათი, რომელიც დღეისათვის განწყობების თვალსაზრისით არსებობს აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობაში?

- აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები, ვინც უკრაინის ომს პრაგმატულად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ, ფიქრობენ, რომ ამ ომში სოხუმს არც რუსეთის ერთპიროვნული გამარჯვება აძლევს ხელს, რადგანაც ეს აფხაზეთის ჩაყლაპვასაც გამოიწვევს და არც უკრაინის ერთპიროვნული გამარჯვება, რადგანაც, ამ შემთხვევაში, რუსეთს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიების, არამედ აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან და დნესტრისპირეთიდან გასვლაც მოუწევს. მათთვის უფრო სახარბიელო ერთგვარი სტატუს-კვო, კონფლიქტის გაყინვაა, რათა დრო მოიგონ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა საერთაშორისო პოლიტიკაში - ყველა ტერიტორია, სადაც კი რუსულ ჯარს არალეგალურად ფეხი უდგას, გაერთმნიშვნელოვნდა.

2022 წლის თებერვლიდან როგორც ყირიმი და დონბასი, ასევე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თუ თუნდაც დნესტრისპირეთი საბოლოოდ აღიქმება რუსული აგრესიული საგარეო პოლიტიკის ერთიან გამოხატულებად, ერთი მოვლენის სხვადასხვა განშტოებად, რამაც ამ უკანასკნელი რეგიონების საერთაშორისო აღიარების შანსები ისედაც მინიმალურიდან, ფაქტობრივად, ნულამდე დაიყვანა.

აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები, ვინც უკრაინის ომს პრაგმატულად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებენ, ფიქრობენ, რომ ამ ომში სოხუმს არც რუსეთის ერთპიროვნული გამარჯვება აძლევს ხელს, რადგანაც ეს აფხაზეთის ჩაყლაპვასაც გამოიწვევს და არც უკრაინის ერთპიროვნული გამარჯვება, რადგანაც, ამ შემთხვევაში, რუსეთს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიების, არამედ აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან და დნესტრისპირეთიდან გასვლაც მოუწევს. მათთვის უფრო სახარბიელო ერთგვარი სტატუს-კვო, კონფლიქტის გაყინვაა, რათა დრო მოიგონ

ამ თემაზე საუბარიც აღარ მიმდინარეობს და საერთაშორისო საზოგადოება სრულად (ბელარუსისნაირი მარგინალური გამონაკლისების გარდა) თანხმდება, რომ ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსული ფაქტორი საერთოდ უნდა გამოირიცხოს.

იმ დისკურსის შეცვლა, რომ აფხაზეთიც რუსული აგრესიული საგარეო პოლიტიკის ნაწარმია, სოხუმისთვის, რომელსაც ისედაც მწირი რესურსები გააჩნია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მიუღწეველი მიზანია.

შესაბამისად, ახლა ერთგვარი გაუგებრობის ფაზაა, თუ საერთოდ რა მიმართულებით უნდა იაროს რეგიონმა. აფხაზურ საზოგადოებას აქვს პრეტენზია, რომ მათი შემთხვევა უნიკალურია და მისი შედარება ცხინვალის რეგიონთანაც კი არ არის სწორი, არა თუ სხვა შედარებით შორეულ შემთხვევებთან.

ამ თვალსაზრისით, აფხაზეთისთვის უკრაინის ომმა მათთვის ჩიხური ვითარება შექმნა, რადგანაც, ცხადია, რომ აღიარების პოლიტიკა საბოლოოდ ჩავარდა, დამოუკიდებელ შემთხვევად აფხაზეთს ამიერიდან აღარავინ აღიქვამს, მათ კი არც რუსეთის და არც საქართველოს ნაწილად ყოფნა არ უნდათ.

აფხაზეთისთვის უკრაინის ომმა მათთვის ჩიხური ვითარება შექმნა, რადგანაც, ცხადია, რომ აღიარების პოლიტიკა საბოლოოდ ჩავარდა, დამოუკიდებელ შემთხვევად აფხაზეთს ამიერიდან აღარავინ აღიქვამს, მათ კი არც რუსეთის და არც საქართველოს ნაწილად ყოფნა არ უნდათ

ცხადია, აფხაზეთში რეგიონის კიდევ უფრო მეტად იზოლაციაც აღელვებთ, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც დასაფიქრებელი და სამსჯელო საკითხია. გასაგებია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინის ომს უკავშირდება და ეს თავიდან ბოლომდე მოსკოვის პოლიტიკის „დამსახურებაა“, მაგრამ ჩვენ უნდა გავიაზროთ ის საფრთხეები, რაც შეიძლება ჩვენთვის იქმნებოდეს აფხაზეთის უფრო მეტად იზოლაციით.

პირველ რიგში, ეს უკავშირდება აფხაზური ახალგაზრდობის კიდევ უფრო მეტად გაუცხოებას დანარჩენი, განსაკუთრებით კი დასავლური სამყაროს მიმართ, რაც ავტომატურად ნიშნავს რუსული გავლენების ზრდას და რეგიონის რუსულ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ძალისმიერ ინტეგრაციას.

ვფიქრობ, რომ ჩვენივე ინტერესებშია, აფხაზურ ახალგაზრდობას ჰქონდეს საშუალება დასავლეთის გაცნობის, რათა მათ უკეთ დაინახონ, თუ რა პერსპექტივაა ევროპა და შეადარონ ის მეორე მხარეს მდგომ შავ-თეთრ რუსულ მომავალს.

თეორიულად, ხვალ რომ მოსკოვი საერთოდ გავიდეს შეუქცევადად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ეს აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ კონფლიქტს ერთბაშად არ მოაგვარებს, - ჩვენ მაინც მოგვიწევს აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკი მშვიდობიანი რეგულირებისთვის, რისთვისაც საჭიროა, რომ ის ევროპული სივრცე, ცივილიზაცია და პოლიტიკური თუ სოციალური უსაფრთხოება, რომელსაც მათ ვთავაზობთ, მათთვის უკვე ნაცნობი ფენომენი იყოს.

ჩვენ მაინც მოგვიწევს აფხაზებთან და ოსებთან ლაპარაკი მშვიდობიანი რეგულირებისთვის, რისთვისაც საჭიროა, რომ ის ევროპული სივრცე, ცივილიზაცია და პოლიტიკური თუ სოციალური უსაფრთხოება, რომელსაც მათ ვთავაზობთ, მათთვის უკვე ნაცნობი ფენომენი იყოს

ამ მხრივ უფრო გონივრული პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, - თუ რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში რეგიონი კიდე უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცია, ჩვენ შეგვიძლია აქ დადებითი როლით წარმოვჩინდეთ და აფხაზებს საშუალება მივცეთ საქართველოს გავლით თუნდაც, დასაწყისისთვის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იმოგზაურონ. არსებობს ამის უმტკივნეულო მექანიზმები, რომელსაც ქართული მხარე ბრიუსელთან ერთად ჯერ კიდევ წლების წინ განიხილავდა.

ამ მხრივ, კონფლიქტის მოგვარებისთვის აუცილებელ მეორე დადებით საქმესაც გავაკეთებთ - აფხაზური და ოსური საზოგადოება უფრო მეტად შემოვა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, გაიცნობენ საქართველოს, გაიზრდება სავაჭრო და ადამიანური კონტაქტები საზოგადოებებს შორის, შესაბამისად, გაღრმავდება თანამშრომლობა და ნდობა.

ასევე, ისინი ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულები რუსეთზე, რომელიც ახლა მათთვის ერთადერთი მარშრუტია საზღვარგარეთ მოსახვედრად. ჩვენთვის საკვანძო მისიაა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსულ ორბიტას მოვწყვიტოთ, მათ უკეთესი ალტერნატივა დავანახოთ.

- როგორც ჩანს, ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სოხუმის ხელისუფლებისა და პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ნაწილის რეაქციაც არ იყო შემთხვევითი.

ეტყობა, სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბას ამის გამო თქვა რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის განცხადება, რომლის შესაბამისად, სომხეთი მზადაა, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიაროს, ტრაგედიადშეფასა.

ინალ არძინბამ ამ თემაზე ასევე თქვა - „ის, რაც მთიან ყარაბაღს დაემართა, გეოპოლიტიკური კონსენსუსის შედეგია. შედეგები შეიძლება საკმაოდ ტრაგიკული იყოს და ის, რაც დაემართა მთიან ყარაბაღს, ეს ტრაგედიაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენი ბიჭი დაეცა და რა შედეგამდე მივიდა საქმე”.

როგორც ვიცით, ერევანი ბაქოსგან მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარების სანაცვლოდ სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის დიალოგის დაწყებას მოითხოვს.

როგორც ჩანს, სწორედ ამის ანარეკლი გახლდათ ჟენევის კონსულტაციებზე სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივა ქართულ-აფხაზური შეხვედრების ენგურის სანაპიროზე დაწყების შესახებ. ანუ, ევროკავშირის, ეუთოს, გაეროსა და ამერიკელების გარეშე.

თუ ჩვენი ხელისუფლების მკაფიოდ ანტიევროპულ და ანტიამერიკულ განცხადებებს, ასევე რუსეთთან დაახლოების მცდელობას გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჟენევის კონსულტაციებმა საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურზე გადმოინაცვლოს?

- ყარაბაღში განვითარებული მოვლენები და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის მზადყოფნის გამოცხადება სომხეთის მხრიდან რომ ინალ არძინბამ „ტრაგედიად“ მონათლა, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი და, მისი პერსპექტივიდან ლოგიკური შეფასებაა. ყარაბაღის შემთხვევა ის პოლიტიკური პრეცედენტია, რომელიც აფხაზეთში სახიფათო ტენდენციის საწყისად აღიქმება.

ყარაბაღის შემთხვევა ის პოლიტიკური პრეცედენტია, რომელიც აფხაზეთში სახიფათო ტენდენციის საწყისად აღიქმება

რაც შეეხება ჟენევის კონსულტაციების ენგურზე გადმოტანას ევროკავშირის, ეუთოს, გაეროსა და ამერიკელების გარეშე, ჩვენ კი შევეჩვიეთ ხელისუფლების მხრიდან დასავლეთისა და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ უსაფუძვლო კრიტიკასა და ბრალდებებს, მაგრამ ასეთი ნაბიჯის ალბათობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.

- როგორც კი აღდგა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენები და უვიზო მიმოსვლა, მოსკოვიდან უკვე გავიგონეთ მოწოდებები აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობაზე.

აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის მცდელობა შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის მმართველობების დროსაც იყო, მაგრამ, მის გახსნას სჭირდება უამრავი ტექნიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

დამკვირვებელთა ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნამ შესაძლოა გამოიწვიოს მდინარე ფსოუზე რუსეთ-საქართველოს საზღვრის მდინარე ენგურზე ფაქტობრივად გადმოტანა. ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა ის, რომ მდინარე ენგურზე რუსი და აფხაზი მესაზღვრეები 2008 წლიდან დგანან.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების საკითხი რუსულმა მხარემ უახლოეს მომავალში დააყენოს და როგორი იქნება ამ ინიციატივაზე ოფიციალური თბილისის რეაქცია?

- რკინიგზის საკითხი ძალიან კომპლექსური და რთული თემაა, რომელსაც ეკონომიკურზე და სავაჭრო განზომილებაზე მეტად, პოლიტიკური შემადგენელი გააჩნია. ამასთანავე, რკინიგზის ამუშავებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა, რაც ამ მომენტისთვის უბრალოდ არ არსებობს, - თავად ეს რკინიგზაც არ არის ბოლომდე გაყვანილი და ამ პროექტის რეალიზებაც მილიონობით დოლარის ინვესტიციას და რამდენიმე წლის მუშაობას საჭიროებს.

ვინ უნდა გაიღოს ეს უზარმაზარი თანხა? ვინ უნდა ჩაატაროს ეს სამუშაოები, რომელიც ურთიერთშეთანხმებული უნდა იყოს? თბილისის გადმოსახედიდან, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი ერთი მხრივ ოკუპანტ და მეორე მხრივ არაღიარებულ მხარესთან? რა ლეგალურ დოკუმენტებს უნდა დაეფუძნოს ამ რკინიგზის მუშაობა? საერთოდ რა ვითარება გვექნება რამდენიმე წლის შემდეგ?

ამ თემის პოლიტიკური მნიშვნელობა გვერდზე რომ გადავდოთ, თუნდაც ეს საკითხები ძალიან ბევრ ტექნიკურ დაბრკოლებას წარმოშობს, რისი გადაჭრის მექანიზმებიც არ ჩანს. არ ვფიქრობ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულამდე რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება.

არ ვფიქრობ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულამდე რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება

პირდაპირი ფრენების აღდგენისთვის ტექნიკური თვალსაზრისით ყველაფერი მზად იყო და ამას უბრალოდ პოლიტიკური ნება სჭირდებოდა, რკინიგზა კი განსხვავებული თემაა, რომელიც რამდენიმე კვირაში ვერ გაკეთდება.

უკრაინის ომის შემდეგ კი ჩვენ გვექნება აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელიც უკვე ახლიდან გვიკარნახებს შესაძლო ნაბიჯებს, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს წაადგება.

უკრაინის ომის შემდეგ კი ჩვენ გვექნება აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელიც უკვე ახლიდან გვიკარნახებს შესაძლო ნაბიჯებს, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს წაადგება

- მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ახალი დაწყებულია, გვერდს ვერ აუვლით ზამთარში აფხაზეთში არსებულ ენერგოკრიზისს და მისი მოგვარების საკითხებს.

სოხუმის ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, რომ ნაკლებად იყოს დამოკიდებული ენერგეტიკულად საქართველოზე, მაგრამ ჯერჯერობით რომ ასეა, ფაქტია.

თქვენი დაკვირვებით როგორ ცდილობს სოხუმის ხელისუფლება ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებას?

- აფხაზეთის ენერგეტიკული პრობლემები დემონსტრაციების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რადგანაც ოპოზიცია თვლის, რომ მთავრობა ამ მიმართულებით არაეფექტურია, სტრატეგიული სექტორის რუსულ ბიზნესზე გასხვისებას კი, როგორც პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზას, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ამ თემასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერაც აქვს, რადგანაც „სახელმწიფო“ ტერიტორიებისა და სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას აფხაზური საზოგადოება ძალიან უარყოფითად აღიქვამს.

მეორე მხრივ, ენერგეტიკულ სექტორში არსებული უმძიმესი მდგომარეობა ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ითხოვს, რადგანაც, ფაქტობრივად, მთელი ენერგოინფრასტრუქტურა ავარიულია, შეკეთებასა და რიგ ადგილებში სრულად გამოცვლას საჭიროებს.

მძიმე მდგომარეობაა გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით, კრიპტომაინინგის მხრივ, ეფექტური მენეჯმენტის მიმართულებით, - ბუნებრივი აირის არ არსებობის ფონზე კი, რეგიონი იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ამის რესურსი გააჩნია.

ენერგოკრიზისთან დაკავშირებითაც აფხაზეთის მდგომარეობა ჩიხურია. მას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური სახსრები, რათა ეს პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროს, რასაც ოფიციალური პირებიც აღიარებენ

შესაბამისად, იქმნება დეფიციტი, რომელიც ენგურ-ჰესიდან იმაზე მეტი ელექტროენერგიის წაღებით ივსება, ვიდრე ეს სოხუმისა და თბილისის შეთანხმების მიხედვით, აფხაზურ მხარეს ეკუთვნის. განსაკუთრებულად კრიზისულ პერიოდებში კი ელექტროენერგიას აფხაზეთს დროებით რუსეთი აწვდის, რისი ძველი ვალები სოხუმს ჯერ კიდევ დასაფარი აქვს.

ენერგოკრიზისთან დაკავშირებითაც აფხაზეთის მდგომარეობა ჩიხურია. მას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური სახსრები, რათა ეს პრობლემა დამოუკიდებლად მოაგვაროს, რასაც ოფიციალური პირებიც აღიარებენ.

თუმცა, აფხაზური საზოგადოება სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციის წინააღმდეგია, მით უმეტეს უცხო ქვეყნის პირებზე - ამ შემთხვევაში, რუს ბიზნესმენებზე. ეს ერთ-ერთი ისეთი მიმართულებაა, სადაც რუსეთი აფხაზეთზე წნეხს აძლიერებს და ალბათ ერთ-ერთი ისეთი მიმართულებაც, სადაც, სამწუხაროდ, მოსკოვს საკუთარი ინტერესების გატანის მეტი პერსპექტივა გააჩნია.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად