გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზეინტერპრესნიუსი პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილი ესაუბრა.

- ბატონო გია, მიმდინარე კვირა ჩვენი ხელისუფლების ევროპაში ვიზიტების თვალსაზრისით დატვირთული იყო. ვგულისხმობ პრემიერ ღარიბაშვილის გლობსეკზე გამოსვლას და შემდეგ ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას.

რადგან პრეზიდენტის გამოსვლა ახალი ამბავია, ამ თემით დავიწყოთ და შემდეგ პრემიერის გამოსვლასაც შევეხოთ.

რა უთხრა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას?

- დავინახე ის, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი დამოკიდებულება საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე კონსტიტუციის შესაბამისია. იგი საქართველოს მომავალს ხედავს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან ეს დაადასტურა.

პრობლემა ისაა, რომ ეს არის მისი პირადი დამოკიდებულება. საქართველოშიც და ევროპაშიც მშვენივრად ესმით, რომ მისი შესაძლებლობები პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით ძალიან შეზღუდულია პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე. საგარეო პოლიტიკაზე გადაწყვეტილებებს იღებს აღმასრულებელი ხელისუფლება და აქ ყველაფერი წესრიგში არ არის.

სალომე ზურაბიშვილის პირადი დამოკიდებულება საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე კონსტიტუციის შესაბამისია. იგი საქართველოს მომავალს ხედავს ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში. ევროპარლამენტში გამოსვლისას მან ეს დაადასტურა

პრეზიდენტი ევროპაში თავისიანად მოიაზრება. ასეც არის, მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ევროპაში გაატარა. მან იცის ის ენა, რა ენაზეც უნდა ელაპარაკოს ევროპელ პარტნიორებს. ევროპარლამენტში გამოსვლით პრეზიდენტმა მის მიმართ პირადი კეთილგანწყობა ნამდვილად დაიმსახურა. და არა მარტო ევროპაში, საქართველოში საზოგადოების იმ ნაწილისაც, რომელიც ხვდება, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივა არა გვაქვს.

მაგრამ, ევროპაში ისიც კარგად ესმით, რომ მისი განწყობები არ არის გადამწყვეტი. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა რაღაცნაირად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ევროპულ გზაზე.

მის პოზიციას აქვს გარკვეული მნიშვნელობა, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც რეალურად აყალიბებს და ატარებს საგარეო პოლიტიკას, სულ სხვა მიმართულებით მოძრაობს და ეს არის პრობლემა.

- ევროპარლამენტში გამოსვლისას, მან პრაქტიკულად თქვა, რომ რუსეთის მერ საქართველოს მოქალქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის დაწესებითა და პირდაპირი ფრენების აღდგენით რუსეთი საქართველოზე დამატებით ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას ემსახურება. მან ეს თქვა, მაგრამ, ამის იქეთ არ წასულა...

- ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია. მას არა ერთხელ აქვს ნათქვამი, რომ შიდა პოლემიკა, კინკლაობა არ უნდა გავიტანოთ ჩვენ ქვეყნის გარეთ. გარე ტრიბუნაზე ამაზე არ უნდა ვისაუბროთ.

ჩვენ ჩვენი გასარჩევი საქმე ქვეყნის შიგნით უნდა გავარჩიოთ და საგარეო ტრიბუნაზე უნდა ვილაპარაკოთ იმ გრძელვადიან ამოცანებზე, რაც ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს. პრეზიდენტის მხრიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკას მე არც ველოდი. პრინციპში პრეზიდენტი მოიქცა ისე, რაზეც მას თავად არა ერთხელ უთქვამს. ის ასეთი ადამიანია. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს.

ჩვენ ჩვენი გასარჩევი საქმე ქვეყნის შიგნით უნდა გავარჩიოთ და საგარეო ტრიბუნაზე უნდა ვილაპარაკოთ იმ გრძელვადიან ამოცანებზე, რაც ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს. პრეზიდენტის მხრიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკას მე არც ველოდი

სხვა საკითხია ის, რომ ევროპარლამენტში ერთხელ გამოსვლით არაფერი იცვლება. დღევანდელ სამყაროში დიდი მნიშვნელობა არ აქვს სად გააკეთებ განცხადებას.

- მიმდინარე კვირას გლობსეკის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პრემიერმა ღარიბაშვილმა. მის მიერ ამ ფორუმზე გაკეთებული განცხადებები აქტიურად განიხილება არა მარტო საქართველოში.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ გზავნილებს, რა გზავნილებიც პრემიერმა ბრატისლავაში გააკეთა?

- ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები იქნა გაკეთებული. პრემიერი ჯიუტად იმეორებს ევროპისთვის გაუგებარ გზავნილებს. ის პოლიტიკა რასაც საქართველო ატარებს, ვგულისხმობ რუსეთთან მიმართებაში მოძრაობებს, კოლაბორაციონალიზმის ზღვარზე გამავალი პოლიტიკაა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა შეუსაბამოა იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები რუსეთის მიმართ ატარებენ. არა თუ შეუსაბამო, არამედ საწინააღმდეგოა.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა შეუსაბამოა იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები რუსეთის მიმართ ატარებენ. არა თუ შეუსაბამო, არამედ საწინააღმდეგოა

პრემიერმა თქვა, რომ მას არ აინტერესებს სხვების აზრი იმიტომ რომ ის იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს გახლავთ წმინდა პოპულისტური განცხადება. სინამდვილეში არანაირი ქართველი ხალხის ინტერესები ამ ქმედებებში არ არის.

პრემიერის რიტორიკა და არგუმენტები რუსეთის იმპერიის გამორჩეული იდეოლოგის დუგინის თეზისებს ერთი ერთში ემთხვევა. პრემიერი იმეორებს რუსული იმპერიის იდეოლოგის დუგინის აზრებს. ამას აკეთებს არა მარტო ის, არამედ ხელისუფლების სხვა სპიკერებიც. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა.

ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ყველაფრის მიმართ არ შეიძლება გვქონდეს ნორმალური დამოკიდებულება. შემაშფოთებელია ის, რომ დღეს ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციურ მოთხოვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ უზრუნველყოს ქვეყნის დასავლური ვექტორი.

შემაშფოთებელია ის, რომ დღეს ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციურ მოთხოვნას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის რომ უზრუნველყოს ქვეყნის დასავლური ვექტორი

ამ დროს ჩვენ ვხედავთ რომ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია. ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი გვაქვს კატასტროფული.

- ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ რა უნდა იფიქრონ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთში გადაწყვეტილებების მიმღებმა ცენტრებმა?

საქართველოს უნდა ევროკავშირი? ნატომ რომ არ უნდა ხელისუფლებას, ეს პრემიერმა გლობსეკზე პრაქტიკულად თქვა...

- საქართველოს მიმართ ევროპაში სკეპტიციზმის ხარისხი ძალიან მაღალია. თუმცა, წმინდა პრაგმატული გაგებით ევროპას ძალიან უნდა, რომ საქართველო არ დაკარგოს. მსოფლიოში გლობალური ომი მიმდინარეობს. ყველა ეძებს მოკავშირეებს. საქართველო, სადაც ხალხის განწყობა ცალსახად ევროპულია და ეს ყველა კვლევაში ნათლად ჩანს. დასავლეთისთვის ამ გლობალურ ომში საქართველოს დაკარგვა სასურველი არაა.

დასავლეთი ცდილობს იპოვოს არგუმენტები იმისა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სივრცეში. თუმცა, რაც დრო გადის, მათ სულ უფრო და უფრო ნაკლები არგუმენტები აქვთ. ფაქტია, რომ წინააღმდეგობრივია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა.

დასავლეთი ცდილობს იპოვოს არგუმენტები იმისა, თუ რატომ უნდა გაგრძელდეს საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ სივრცეში. თუმცა, რაც დრო გადის, მათ სულ უფრო და უფრო ნაკლები არგუმენტები აქვთ. ფაქტია, რომ წინააღმდეგობრივია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა

ევროპა გვეუბნება, რომ მას აქვს თავისი თამაშის წესები, და გვეუბნება რომ ჩვენ ამ მხრივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და მე მზად ვარ მიგიღო. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ასე ეუბნება დასავლელ პარტნიორებს - არ მაინტერესებს თქვენი თამაშის წესები, მე მაქვს ჩემი მოსაზრებები და და შესაბამისად მოვიქცევი. ცუდი ბიჭი ვარ, შეუსაბამო, მაგრამ, თუ გინდა, ისეთი მიმიღე, როგორიც ვარ.

სხვათა შორის, არც რუსეთი არ იქნება იმის წინააღმდეგი, რომ საქართველო ამ პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის წევრი გახდეს. პირიქით, ასეთი ვითარება რუსეთს აწყობს კიდეც.

ევროკავშირი არ გახლავთ უსაფრთხოების სისტემა, ევროკავშირი არის იმ ტიპის სისტემა, რომელიც საქართველოს მეშვეობით რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. როგორც ვხედავთ ტრანზიტულ ფრენებზე დაწყებულია საუბარი.

- როგორც ჩანს, შემთხვევით არ დაიწყო ევროკავშირმა კონსულტაციები ევროპარლამენტთან, და ევროპულ საბჭოსთან იმაზე, თუ როგორ გააძლიეროს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან... რუსეთის მოქალაქეების ევროპაში არშეშვებისკენ დაგეგმილ ნაბიჯებს ჰგავს...

- დიახ, და რა თქმა უნდა, ასე მარტივი არ იქნება რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან ევროპაში მოხვედრა. ამას ევროკავშირი არ დაუშვებს, მაგრამ თუ ევროკავშირმა ასეთი რამ დაუშვა, რუსეთი ისარგებლებს. თუ არ დაუშვა, გაიზრდება საქართველოში რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც ჩვენთან საკუთრებას შეიძენს და ეს მისცემს მათ ევროპაში გადაადგილების უფლებას.

რუსეთი წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუ საქართველო იქნა ევროკავშირის წევრი, ამის პარალელურად საქართველო ინტეგრირებული იქნება რუსულ სივრცეში, მისთვის ყველა შემთხვევაში კარგია.

საქართველო რუსეთისთვის სატრანზიტო ქვეყანა გახდება. თუ არ მიგვიღეს, მაშინ ვიქნებით საბჭოთა კავშირში. ამიტომ, ვფიქრობ, რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაგან განსხვავებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

საქართველო რუსეთისთვის სატრანზიტო ქვეყანა გახდება. თუ არ მიგვიღეს, მაშინ ვიქნებით საბჭოთა კავშირში. ამიტომ, ვფიქრობ, რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაგან განსხვავებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ უნდა იყოს

ფაქტობრივად, ჩვენი ხელისუფლება თავისი ქმედებებით ახდენს რუსეთის მიზნების ტრანსლირებას. ხელისუფლება ამბობს ევროკავშირში მინდა, მაგრამ პარალელურად ამბობს, რომ რუსეთთან უნდა იყოს ჩახუტებული. თუ ასეთს მიმიღებთ - კი ბატონო. თუ ასეთს არ მიმიღებთ, მაშინ აგერაა რუსეთი და მთლიანად წავალთ რუსეთისკენ. ხელისუფლება ამ პოლიტიკას ატარებს.

- ხელისუფლების მხარდამჭერებმა პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების დაცვა დაიწყეს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა - თუ ზელენსკი ამბობდა, ნატოში შესვლას გადავიფიქრებ. თუ მას აქვს უფლება ამაზე საუბრის, ჩვენ რატომ არ შეიძლება გვქონდეს ამაზე საუბრის უფლება?, ამის შემდეგ პრემიერის განცხადებების დაცვა, სულ უფრო რთული გახდა...

თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის აშკარად გაუგებარ გეოპოლიტიკურ მანევრებს?

- ხელისუფლების განცხადებები განკუთვნილია კრემლისთვის. ჩვენ თქვენ დავალებას ვასრულებთ, რა ინსტრუქციებიც გვაქვს მიღებული, მათ ზედმიწევნით მივყვებით. დასავლეთსაც ეუბნებიან ასეა საქმე. ჩვენ მზად ვართ ტრაქტატზე ხელი მოვაწეროთ იმიტომ რომ ომი არ გვინდა.

ამას იმით კი არ ამართლებენ, რომ რუსეთთან რაღაც გარიგებაში არიან, არამედ იმით, რომ თუ ჩვენ რუსეთს არ დაუწექით, თუ შიში და სიმხდალე არ გავხადეთ ჩვენი პოლიტიკის ღერძად, რუსეთმა შეიძლება ომი დაიწყოს. ამიტომ, ჯობია მას ხელები დავუკოცნოთ. ასეთ პოლიტიკას ატარებს დღეს ხელისუფლება.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით