ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა საესტრადო სტუდია „იმედის“ წევრები მაყურებლების წინაშე სპეციალური საკონცერტო პროგრამით წარდგნენ, ხოლო ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა კი პატარა მაყურებელს სპექტაკლი „წითელქუდა“ შესთავაზა. ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მხიარული სტარტები და ატრაქციონები მოეწყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ესწრებოდნენ.

„გილოცავთ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მსურს, თითოეულ პატარას ეს დღე მივულოცო და მათ ნათელი მომავალი ვუსურვო. ჩვენი პატარები ამ ქვეყნად ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ, ამიტომ ვისურვებდი, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვს უზრუნველად და ლაღად ეცხოვროს. ჩვენი მოვალეობაა ბავშვებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ, სწორი ღირებულებებით აღვზარდოთ, რათა მომავალში ახალმა თაობამ საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანოს“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.