ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე

(მესამე ნაწილი)

სანქციის სტიგმა და მისი „მსუსხავი ეფექტი“

დასანქცირების შედეგად დამდგარი მატერიალიზებული შედეგების გარდა, არის კიდევ ერთი, არამატერიალური დატვირთვის მქონე საკითხი, რომელსაც, წესით, ყურადღება უნდა ექცეოდეს. ეს არის სანქციის შედეგად გამოწვეული მორალური ობსტრუქცია, დასანქცირებული სუბიექტის ერთგვარი დანამუსება-შერცხვენა, ერთი სიტყვით კი სტიგმა, რომელიც მას აუდიტორიის თვალთახედვით აქვს.

მორალური კატეგორიების თემა, ამ მხრივ, ცხადია, ფართო დისკუსიის საგანია და მრავალ საზოგადოებრივ-სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სხვა ასპექტს მოიცავს. მაგრამ, ამ სტატიის ფარგლებში მხოლოდ ერთზე - დასანქცირების შედეგად ავტორიტარული ქვეყნის პოლიტიკურ და საქმიან ელიტაში ბზარის წარმოქმნასა და ელიტებს შორის ფრაგმენტაციაზე გვინდა ორიოდე მოსაზრება გამოვთქვათ. პრაქტიკულად, სასანქციო პოლიტიკის ერთ–ერთი მიზანი, საგარეო კურსთან დაკავშირებით სამიზნის ქცევის შეცვლასთან ერთად, მისი ლიდერშიპის პოლიტიკური და ბიზნესმხარდაჭერისაგან დისტანცირება, მისგან ჩამოშორება და შედეგად, სწორედ სამიზნის ლიდერშიპის უპირობო კონტროლის შერყევაა.

ამავე შედეგის გამოვლინებაა სტიგმა როგორც შეფასება, რომელიც დასანქცირებული მართვის სისტემისათვის სოციალურად მომაკვდინებელია, რამეთუ (თეორიულად!) სერიოზულ ზიანს უქადის, კერძოდ, ქვეყნის შიგნით – კრიტიკული საზოგადოებრივი მხარდაჭერისაგან მიტოვებას, ხოლო ქვეყნის გარეთ – საერთაშორისო იზოლაციას. ერთსაც და მეორესაც, ცალ-ცალკე თუ ერთად, რეჟიმის კოლაფსისაკენ მივყავართ.

ცხადია, რომ ეს ყოველივე ამ მოვლენის მხოლოდ თეორიული ნაწილია, ხოლო რამდენად ქმედითი იქნება რეალურად, სამიზნის მიერ სტიგმის „მსუსხავი ეფექტის“ აღქმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უწევს იგი ანგარიშს სოციალურ ნორმებსა და რეპუტაციულ კატეგორიას. ამჟამინდელი რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო ხელმძღვანელობის შემხედველი, ფაქტია, რომ ყველა შესატყვის შეკითხვაზე პასუხი იმთავითვე ნათელია და თემაში დამატებით ჩაძიებას არ საჭიროებს.

როგორც ითქვა, აქ უფრო მხარდამჭერთა ბაზის ფრაგმენტაციაზეა საუბარი, ეფექტიანი ცვლილება უნდა განაპირობოს. როგორც არაერთგზის აღინიშნა, ერთია სამიზნის გამოფიტვა რესურსებისგან, ხოლო მეორე და გაცილებით მძიმე გამოწვევა - მისი ქცევის ნორმალიზება. ამდენად, მეორე ამოცანის მისაღწევად, შიგნიდან ნაპრალის გაჩენა, სტიგმატიზებულ ლიდერშიპთან ურთიერთობაზე საქმიანი თუ სხვა ელიტებისათვის სოციალური საფასურის დაწესება ერთ–ერთი ხელშემწყობი ნაბიჯია. ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს საფასური მხოლოდ სოციალური შინაარსის როდია, იგი პირდაპირ უკავშირდება უარს ელიტების მატერიალურ, საინფორმაციო თუ ადამიანური კავშირებით განპირობებულ აქტივებზე.

გასაგებია, რომ დასანქცირების სტიგმას, ჯერჯერობით, მხოლოდ სიმბოლური ეფექტი აქვს რუსული საქმიანი თუ საზოგადოებრივი წრეებისათვის. შორი ხედით ასე მოჩანს, ასე იკითხება და ასე აღიქმება. ამგვარ შეფასებაზე, ბუნებრივია, ცალკეულ პირთა მიერ მტკიცე სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების ფაქტებს გადამწყვეტი გავლენა ვერ ექნება. რუსეთში მწვავე პროტესტის ნიშნად არც ის პროცესი გამოდგება, რომელსაც „ფეხებით პროტესტი“ - საკუთარი ქვეყნის დატოვება ჰქვია. ესეც მეტად წინააღმდეგობრივი, არცთუ ცალსახად შესაფასებელი მოვლენაა, რომელსაც, სავარაუდოდ, ცალკე სტატიას მივუძღვნით.

ჩამოერთვას თუ არ ჩამოერთვას?

უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, არაერთ იურისდიქციაში არაერთ რუსულ აქტივს ყადაღა დაედო. ზოგადად, დაყადაღება სასანქციო წნეხის ერთ–ერთი პოპულარული ინსტრუმენტია. ასეთ დროს, როგორც წესი, ყადაღა ძალაში რჩება მანამ, სანამ სანქცირებით დასახული მიზნები არ მიიღწევა ან სანქციების ამოქმედების ინიციატორი რაიმე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ამასთანავე, ერთი შეხედვით სწორხაზოვანმა ამ სამართლებრივმა ქმედებამ სამართლებრივად რამდენიმე პრობლემური ნიუანსი წარმოშვა.

ასე მაგალითად, აუცილებელი შეიქნა დასანქცირებული აქტივის წარმოშობის დანაშაულებრივი ბუნების გამოაშკარავება, ამგვარი კავშირის დასაბუთება. არსებულ პირობებში კი ეს ყოველთვის როდია შესაძლებელი: არა მარტო პრაქტიკული სირთულეების, არამედ ზოგან არაშესატყვისი კანონმდებლობის გამოც. ვგულისხმობთ ქონების მიღებას, დაგროვებას და დაუფლებას სწორედ რომ საერთაშორისო სანქციების დარღვევით, ვთქვათ, ტრანსსასაზღვრო ფარული ოპერაციით თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის გზით.

საკითხმა უფრო მეტი აქტუალურობა და სიმწვავე შეიძინა, როდესაც საქმე დაყადაღებული აქტივების ჩამორთმევაზე, მათ კონფისკაციაზე მიდგა. დამატებითი დელიკატურობა წარმოიქმნა იმ მომენტიდან, როდესაც დასავლეთმა წამოიწყო დისკუსია კონფისკაციაქმნილი რუსული აქტივების უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენისაკენ მისამართად. უკვე ხსენებული, დანაშაულებრივი წარმოშობის ტესტი გაცილებით მომთხოვნი და, არცთუ იშვიათად, რთულად გადასალახი გახდა. ხოლო ცალკეული ქვეყნების, მაგალითად, ესტონეთისა თუ კანადის, მოქმედებებმა სანქციაში მოქცეული დაყადაღებული ქონების ჩამორთმევას სამართლებრივად მტკიცე სიცხადე ვერ შემატა.

რუსული აქტივების მტკიცებულებებით გაუმყარებელ ჩამორთმევას კიდევ ერთი რისკი უკავშირდება: რუსეთის საპასუხო ნაბიჯები დასავლური აქტივების მიმართ. ცხადია, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ნორმების უპატივცემულობის პირობებში ეს რისკი ისედაც არსებობს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ დასავლეთის ნებისმიერი თვითნებური სამართლებრივი აქტი უკვე რუსეთისათვის მხრიდან აქტივების საკონფისკაციოდ სავალდებულო იურიდიული მოთხოვნების „თამასას“ მნიშვნელოვნად დაწევს.

ამდენად, ერთი საქმეა დააყადაღო აქტივი, ხოლო მეორეა ჩამოართვა იგი მესაკუთრეს. თვით განვითარებული დასავლური კანონმდებლობის პირობებშიც, პირველი შედარებით ნაკლები გამოწვევაა, ხოლო მეორე არსებით სამართლებრივ გამოწვევას - მტკიცების ტვირთის ხარისხს - უკავშირდება. ასე მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში სანქციების თაობაზე არსებულმა კანონმდებლობამ არაერთი პრაქტიკული ხარვეზი გამოავლინა ე.წ. „კორპორაციულ საფარქვეშ“ რუსეთის საჯარო პირების ქონების იდენტიფიკაციის შეუვალობის თვალსაზრისით. ხოლო შეერთებულ შტატებში კი ქონების კონფისკაციაზე მაღალი დისკრეციის დაშვებამ მეცნიერთა და პრაქტიკოსთა აზრი ორად გაყო. მათი ნაწილი დღესაც ამტკიცებს, რომ არსებულ სამართლებრივ გარემოში მყარი დასაბუთების სტანდარტის გარეშე აქტივების ჩამორთმევა კონსტიტუციური პრინციპის - „ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის“ (due legal process) დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. გამოითქვა ისეთი მოსაზრებაც, რომ მთელ რიგ საქმეებზე, განსაკუთრებით, კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, დასავლური უწყებების მიერ ქონების დანაშაულებრივი წარმომავლობის მტკიცედ დადგენა გართულდება რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის გარეშე.

აღნიშნულ თემასთან უშუალოდ დაკავშირებული კიდევ ერთი გამოწვევა რუსეთის ფედერაციასთან მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებიდან მომდინარეობს, განსაკუთრებით, საარბიტრაჟო გზით საინვესტიციო თუ კომერციული დავების განხილვის ნაწილში. აქაც, დასავლური კოალიციის წევრ ქვეყნებს აქვთ არჩევანი შედარებით „აგრესიულიდან“ შედარებით „ზომიერ“ მიდგომამდე. ხოლო ამა თუ იმ მიდგომის მართებულობასა და დასაბუთებულობაზე საბოლოო პასუხი მომავალ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ.

ბარემ დავძენთ იმასაც, რომ საერთაშორისო სამართალში სახელმწიფო აქტივების იმუნიტეტთან დაკავშირებით ყველა შესაძლო სცენარზე პასუხი ჯერაც არ არის შემუშავებული. მართალია, არის „სუვერენული იმუნიტეტის“ თითქოსდა საერთო გაგება, თუმცა ვერ შეიქმნა ამომწურავი აზრი „სუვერენული იმუნიტეტის“ ყველა საგამონაკლისო შემთხვევაზე, როდესაც ერთ სახელმწიფოს შეუძლია ყოველგვარი სამართლებრივი რისკის გარეშე მეორე სახელმწიფოს აქტივების დაყადაღება. მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიმართ დასავლური სანქციების მოქმედება ამ მხრივაც გაამდიდრებს და ბევრს შესძენს „იმუნიტეტის“ ფარგლების უკეთ გაგებას.

ამდენად, სასამართლო გზით შედავების შემთხვევაში, არის რისკი იმისა, რომ კონფისკაციაზე მიმართული, სამართლებრივად დაუსაბუთებელი ქმედება განმახორციელებელი მხარისათვის კომპენსაციის დაკისრებით გაბათილდება. სავარაუდოა, რომ საკანონმდებლო და სასამართლო პრაქტიკა ასეთი რისკების მინიმიზაციაზე იზრუნებს. თუმცა პრობლემის ირგვლივ გაცილებით მეტი სიცხადე და უკეთ მსჯელობა კონკრეტული სასამართლო გარჩევების შედეგად თუ გახდება შესაძლებელი.

სანქციის უნივერსალურობა?

ეკონომიკურმა სანქციამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევ ძირითად საშუალებებს შორის. მეტიც, მისი გამოყენების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ლამის უნივერსალურ „გეო-რეცეპტად“ იქცა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სასანქციო პოლიტიკაში მოდის ძირითადი განმსაზღვრელი, ეკონომიკური იძულების ღონისძიებებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებით ხასიათდება. ამის დასტურად მხოლოდ რამდენიმე მონაცემის აღნიშვნაც კი საკმარისია. მაგალითად, პრეზიდენტ ობამას პირველ საპრეზიდენტო ვადაში შეერთებული შტატები საშუალოდ 500 სუბიექტს ასანქცირებდა წელიწადში, ხოლო ტრამპის პრეზიდენტობისას ეს ციფრი პრაქტიკულად გაორმაგდა.

თუმცა როგორც უკვე ითქვა, სტატისტიკა სტატისტიკად, ხოლო ეკონომიკური სანქციის ეფექტიანობა გეოპოლიტიკურ ასპარეზზე მისი ე.წ. „ფართო საყოფაცხოვრებო მოხმარების საშუალებად“ გამოყენებისას არაერთ გამოწვევას თუ პრობლემურ საკითხს უკავშირდება. წინა პუბლიკაციებში რამდენჯერმე ვახსენეთ, რომ ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით, სასანქციო პოლიტიკის მიზნობრიობამ მხოლოდ ქეისების მესამედში გაამართლა. ობიექტურობა მოითხოვს დავძინოთ, რომ ასეთი სისტემური კვლევა ბოლოს ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტმა 2014 წელს ჩაატარა და, დიდი ალბათობით, მას მერე მონაცემები გარკვეულწილად შეიცვლებოდა.

შეჯამების სახით

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის განახლების საპასუხო დასავლური სანქციების პრაქტიკამ ახლებურად წარმოაჩინა საკითხის ირგვლივ არსებული დებატი და არაერთი დამატებითი კითხვა წამოჭრა.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი მაინც ის არის, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსაზრება, რომ ეკონომიკური სანქცია ყოველთვის გამოდგება სამხედრო ან დიპლომატიური ხერხის ადეკვატურ ჩამნაცვლებლად. გასაგებია, რომ არის არაერთი კრიზისი, რომელთან მიმართებითაც სამხედრო გზა არაეფექტიანია, ხოლო დიპლომატიურ გადაწყვეტას დანაკლისის განცდა ახლავს. მაგრამ მოიცავს თუ არა ეკონომიკური სანქცია სრულფასოვნად იმას, რაც ორივე დასახელებული გზით ვერ ხერხდება?

ამდენად, სასანქციო პოლიტიკის „ფართო საყოფაცხოვრებო“ გამოყენების საპირისპიროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს მისი „დამზოგავ“ რეჟიმში, შერჩევითად გამოყენების აუცილებლობა. საჭიროა დამატებით შეხსენება, რომ მიზნობრიობისა და ეფექტიანობისათვის ეკონომიკური იძულებაზე მისაღები გადაწყვეტილება დასახულ ამოცანასთან ზუსტად უნდა იყოს მისადაგებული; ხოლო, კონკრეტულ ნაბიჯებს სპეციალიზებული შინაარსი უნდა ჰქონდეს და გადაიდგას სხვა შესაძლო ზომების ამოქმედებასთან კომპლექსში.

კიდევ ერთხელ ყურადღებას მივაქცევთ ეკონომიკური სანქციის სრული ციკლის - ყველა ფაზის - მკაფიო გააზრების მოთხოვნასაც: მისი ამოქმედების მოტივებით დაწყებული და სანქციების ჩახსნის პირობებით დამთავრებული. ამასთანავე, ეკონომიკური იძულების ამა თუ იმ ზომის ასარჩევად, მიზანშეწონილია მისი შემაკავებელი ეფექტის თაობაზე სრულფასოვანი სტრესტესტის ჩატარება, ისე როგორც საკუთარ ეკონომიკაზე მოსალოდნელი შედეგების ანალიზი მათი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

არის სანქციებთან დაკავშირებული კიდევ ერთი გარემოება, რომელმაც უკრაინაში ომის ფონზე განსაკუთრებით იჩინა თავი: სანქციების ინიციატორის მიერ სამიზნეზე ეკონომიკური საფასურის დაწესების პარალელურად, იოლი შესაძლებელია, გარკვეული ზიანი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ სისტემებსაც მიადგეს. ასევე რთულია იძულების ზომების შინაარსობრივად, მათი ვადისა და მასშტაბის მიხედვით იმგვარად განსაზღვრა, რომ არ მოხდეს მოკავშირეთა თუ მხარდამჭერთა ანტაგონიზება. აქ დამატებით აუცილებელია კვლავ ითქვას, რომ „მასშტაბი“ ყოველთვის როდი უდრის „ეფექტიანობას“ და რომ კონკრეტული შეკითხვები - რა? რისთვის? როგორ? - ასევე მოქმედებათა მექანიკამდე დაყვანილ კონკრეტიკას მოითხოვს.

ერთი სიტყვით, ეკონომიკურ სანქციასთან დაკავშირებული საკითხები ზუსტ თეორიულ განსაზღვრას თუ სტატიკურ შეფასებას ვერ ემორჩილება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ჩვენს თვალწინ საფუძვლიანად გარდაიქმნება გლობალური ეკონომიკური სტრუქტურა, სწრაფად ვითარდება თანამედროვე ტექნოლოგიები, იცვლება საზოგადოებრივი თუ სოციალური ურთიერთობის ფაქტურა, შედეგად კი ყალიბდება ახალი გეოპოლიტიკური ქცევის საოპერაციო კოდექსი, რომლის განუყოფელი და ორგანული ნაწილი მისი გეოეკონომიკური მდგენელია. ამდენად, იკვეთება საკუთრივ ეკონომიკური სანქციის რაობასა და მის ტრანსფორმირებად ბუნებაზე მუდმივი დაკვირვების, მისი შეფასების თუ შეჯერების აუცილებლობაც, მათ შორის - ქართულ პოლიტიკურ და საკვლევ წრეებში. აკადემიური ხასიათის ინტერესთან ერთად სანქციის პრობლემატიკის შესწავლას პრაქტიკული დატვირთვა აქვს: ეს ჩვენ გვეხმარება იმ სამყაროს უკეთ გაგებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სხვებთან ერთად თანაარსებობა საერთაშორისო ურთიერთობის კონკურენციისა და ეგოიზმის საგრძნობი ზრდით გამოირჩევა.

იხილეთ „ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე “ (პირველი ნაწილი) ეკონომიკური სანქციის რაობა - დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

იხილეთ „ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე “ (მეორე ნაწილი) ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს