„ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტი, რომლის განხორციელებაც შარშან დაიწყო, რამდენიმე წელზეა გათვლილი და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლების რეაბილიტაციასა და სხვა ტურისტულ-ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის განხორციელებას წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები უსწრებდა - განისაზღვრა ხეობის სტატუსი და უფლებამოსილებები.
მიღებული კანონები ეროვნული პარკის დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც სასიკეთოდ აისახება ისტორიული ხეობის, მისი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში, ფრიდონ ფუტკარაძე და ანზორ ბოლქვაძე, მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მაჭახელას ეროვნული პარკის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
„მაჭახელას ხეობა, თავისი ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით თანამედროვე მსოფლიოს არცერთ ხეობას არ ჩამოუვარდება; ეს ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის ეროვნული საგანძური და სიმდიდრეა“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის“ ვიზიტორთა პირველი ცენტრის გახსნაზე.