საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
- ბატონო ირაკლი, დასრულდა კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე შეხვედრა. მოვისმინეთ ევროპის ლიდერების გეგმები დიდ და გაფართოებულ ევროპაზე, უსაფრთხოების მომავალ სისტემაზე. კოლექტიური ევროპის გეგმებზე თუ როგორ დაეხმარონ უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც ასევე ისაუბრა ევროპის მომავალსა და თავის ხედვებზე. ასევე იმაზე, თუ როგორ პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთი „მცოცავი ანექსიის“ პოლიტიკას ატარებს.
მეზობლების მიმართ რუსეთის „მცოცავი“ ანექსიის პოლიტიკის თემას და მასზე ჩვენი ხელისუფლების რაექცია ცალკე თემაა და ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
თქვენი დაკვირვებით, ზოგადად, რა შედეგებით დასრულდა კიშინიოვში გამართული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე შეხვედრა?
- ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრები ესაა საფრანგეთის ინიციატივა, რომლის მიზანია, ევროპამ კონსოლიდირებული და ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას.
ამიტომ, ამ ინიციატივის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნები, არამედ - საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები და ბალკანეთის ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. ანუ, ინიციატივის მონაწილეა ყველა ევროპული ქვეყანა გამყოფი ხაზების გარეშე, გარდა რუსეთისა და ბელორუსისა.
პანევროპული კონსოლიდაცია რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებზე ევროპელი ლიდერების აბსოლუტურად ადეკვატური პასუხია. პუტინი ყოველთვის არასერიოზულად, ზევიდან უყურებდა „გაზულუქებულ, საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზედმეტად ორიენტირებულ“ ევროპას, აღიქვამდა მას არა დამოუკიდებელ მოთამაშედ, არამედ ამერიკის სატელიტად.
პანევროპული კონსოლიდაცია რუსეთის მხრიდან მომდინარე გამოწვევებზე ევროპელი ლიდერების აბსოლუტურად ადეკვატური პასუხია
ამ შეხედულებიდან გამომდინარე, რუსეთი, ფაქტობრივად, ითხოვდა აშშ-სგან, რომ ექსკლუზიურად მათ და ამერიკელებს, როგორც საერთაშორისო არენაზე ორ მთავარ მოთამაშე სუბიექტს, რუსეთის იმპერიული ინტერესების ანგარიშის გაწევით გადაეწყვიტა ევროპის ქვეყნების ბედი.
პუტინის მთავარი იმედი უკრაინის აგრესიის დაწყებისას სწორედ ის იყო, რომ ომის, აგრესიის და მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრად დაცემის საფრთხიდან გამომდინარე, მოახერხებდა ევროპის ქვეყნების განსხვავებულ ეკონომიკურ ინტერესებზე თამაშს, პოლიტიკურად გახლეჩდა ევროპას, დააპირისპირებდა ერთმანეთს ევროპელ პოლიტიკოსებს და ევროპას საკუთარი თამაშის წესებს მოახვევდა თავს.
რუსეთის დიქტატორი მორიგ ჯერზე შეცდა და ევროკავშირის ახალმა ინიციატივამ გააერთიანა არა მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები და ბალკანეთის ქვეყნები.
ევროპელი პოლიტიკოსები გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შეუძლებელია ეფექტური იყოს, თუკი ის შეეხება მხოლოდ ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს.
შეუძლებელია, ევროკავშირი იყოს უსაფრთხოდ და დაცული, როცა მის კარის მეზობელ, არაევროკავშირის წევრ ევროპის ქვეყნებში ვინმე დაპყრობით ომს აწარმოებს. სსრკ-ს დაშლიდან 30 წლის შემდეგ, მაინც მიხვდნენ, რომ ძველი ევროპის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი დაცული იქნება ევროპული კონტინენტის ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება.
ამ ვითარებაში შემთხვევითი არ იყო, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპაში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩატარდა. იმ ქვეყანაში, საიდანაც რუსეთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს 2 წლის წინანდელი განცხადებით, დასავლეთისგან ნატოს ჯარების გაყვანას ითხოვდა.
მეორე შეხვედრა კი საერთოდ მოლდოვაში, რუსების მიერ ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან 35 კილომეტრში გაიმართა. ეს იყო ცხადი გზავნილი პუტინისთვის, რომ ევროპა არ აჰყვა დაშინების და შანტაჟის პოლიტიკას, რომ ევროპელი ლიდერები ევროპული უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის თანასწორუფლებიან მონაწილეებად განიხილავენ მთელს ევროპულ სივრცეს, ყველა ევროპულ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, შედიან ეს ქვეყნები ევროკავშირსა და ნატოში, თუ არა.
ევროპული ლიდერები კარგად მიხვდნენ იმას, რაც ვერაფრით ვერ შეიგნო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარე ომში წყდება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა თუ სუვერენიტეტის საკითხი.
ევროპული ლიდერები კარგად მიხვდნენ იმას, რაც ვერაფრით ვერ შეიგნო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარე ომში წყდება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ერთი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა თუ სუვერენიტეტის საკითხი
დღეს უკრაინაში წყდება მთავარი, როგორი იქნება საერთაშორისო ურთიერთობები უახლოესი ათწლეულების განმავლობაში, ექნება თუ არ ვინმეს უფლება, მხოლოდ საკუთარი, ირაციონალური იმპერიული ინტერესებიდან გამომდინარე, დაესხას თავს სხვა ქვეყანას, წაართვას მას ტერიტორიები და ფაქტობრივად გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ევროპელებს კარგად ესმით, რომ, თუკი რუსეთმა დღეს თავისას მიაღწია, ეს იქნება პანდორას ყუთის გახსნა, რომელმაც შეიძლება მოიტანოს აგრესიული ომებისა და ტერიტორიული საკითხების ძალისმიერი გზით გადაჭრის უამრავი შემთხვევა მთელ მსოფლიოში და გლობალური, ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დააყენოს კაცობრიობა.
შესაბამისად, ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, დღეს მშვიდობის გზა გადის უკრაინაში აგრესორი პუტინის დამარცხებაზე, რაშიც ევროპა ერთიანი ფრონტით გამოდის. ესაა ამ ფორუმის შეკრების მთავარი ამოცანა.
ევროპელი პოლიტიკოსების აზრით, დღეს მშვიდობის გზა გადის უკრაინაში აგრესორი პუტინის დამარცხებაზე, რაშიც ევროპა ერთიანი ფრონტით გამოდის. ესაა ამ ფორუმის შეკრების მთავარი ამოცანა
- ევროპელმა ლიდერებმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს მიმართ გამოხატეს პატივისცემა და თქვეს რომ ევროპა საქართველოს ელოდება. თუმცა, ყველა იმაზეც მიანიშნებდა, რომ ქვეყანას შესასრულებელი აქვს ევროპული რეკომენდაციები.
ამ თემაზე ჩვენი ხელისუფლებისგან გვესმის, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს ასრულებს. რომ არა ოპოზიციის დესტრუქციული ქცევა, მათი შესრულების თვალსაზრისით ქვეყანა გაცილებით წინ იქნებოდა.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებებზე ოპოზიცია საკმაოდ კრიტიკულია. მოკლედ, ევროპული რეკომენდაციების შეუსრულებლობაში ოპოზიცია ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს და რიგ შემთხვევაში არც თუ ისე უსაფუძვლოდ.
კიშინიოვის ევროპული გაერთიანების ფორუმის შედეგებით თუ ვიმსჯელებ - როგორ გამოიყურება საქართველოს ევროპული პერსპექტივა?
- არასდროს დამავიწყდება ის სიმწარე, როცა დაახლოებით 30 წლის წინ, ერთ საკმაოდ წარმომადგენლობით ფორუმზე ბრიტანელმა მაღალი რანგის დიპლომატმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპამ არ უნდა მისცეს დამოუკიდებლობის გარანტიები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს - საქართველოს და უკრაინას.
ძალიან მწვავე საჯარო კამათი მომიწია მაშინ ამ თემაზე, თუმცაღა, იმასაც ვხედავდი, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილისთვის ეს მეტ-ნაკლებად მისაღები ფორმულა იყო. ჯერ კიდევ 2008 წელს კი არა, 2014-შიც კი, ყირიმის ანექსიისას, ევროპელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილი ასე აზროვნებდა.
მათ ისიც კი არაფრად ჩააგდეს, რომ პუტინმა 2014-ში თავზე დაახია დასავლეთს ბუდაპეშტის მემორანდუმით უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები. დღეს ეს ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი და საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოება ევროპული უსაფრთხოების ნაწილად განიხილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანწილად ევროპის კარი გაიღო.
დღეს ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი და საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოება ევროპული უსაფრთხოების ნაწილად განიხილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანწილად ევროპის კარი გაიღო
ამ ცვლილებების დასანახად შეგვიძლია გავიხსენოთ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის 2018 წლის ვიზიტი საქართველოში, სადაც გერმანიის ლიდერი არათუ თავშეკავებით, არამედ ფაქტობრივად საერთოდ არ საუბრობდა საქართველოს ნატოსა თუ ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაზე. ასე რომ, ევროპის დამოკიდებულება ამ მხრივ მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.
პერსპექტივა ევროპის მხრიდან გაზრდილია, მაგრამ ჩვენ თავად ვქმნით ახლა ჩვენი ევროპული პერსპექტივის პრობლემას. ჯერ ერთი, ჩემი აზრით, ცდება ოპოზიციაც და ექსპერტთა ნაწილიც, რომელიც გამოკითხვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროპული ორიენტაციისაა.
პერსპექტივა ევროპის მხრიდან გაზრდილია, მაგრამ ჩვენ თავად ვქმნით ახლა ჩვენი ევროპული პერსპექტივის პრობლემას
ჩემი აზრით, ასე მარტივად არაა საქმე. თუკი ადამიანს ეკითხები, გინდა ევროპაშიო და ის გპასუხობს - კი, მინდაო, ვფიქრობ, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მას ევროპული ორიენტაცია აქვს. ევროკავშირის წევრობა ევროპული ღირებულებების გაზიარებას ნიშნავს. ამ მხრივ კი, თუკი იგივე გამოკითხვებს კარგად ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩვენი მოსახლეობის შეხედულებები ასეთი ოპტიმისტური დასკვნების საშუალებას მაინცდამაინც არ იძლევა.
ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ყოველი შემთხვევისთვის 20%-ზე ბევრად მეტი, საკმაოდ კრიტიკულად, რიგ შემთხვევაში კი, რადიკალურად უარყოფითად არის განწყობილი ევროპული თანასწორობის, ტოლერანტობის, უმცირესობების დაცვისა და ა.შ საკითხებისადმი. ამ მხრივ სურათი არცთუ სახარბიელოა. სწორედ ამას იყენებს ხელისუფლება, ცდილობს თავი წარმოაჩინოს ოჯახის, ქართული ტრადიციული ღირებულებების დამცველად, რომელსაც გარკვეული ძალები ევროპიდან ემუქრებიან.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ისარგებლოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბალი ცოდნის დონით, დანერგოს გარკვეული შიში, სკეფსისი ევროპული ღირებულებების მიმართ, შექმნას აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენს რწმენასა თუ თვითმყოფადობას ევროპაში გარკვეული ძალები ემუქრებიან (ქართველობას გვართმევენ), რათა ამ ფონზე თავი გამოიყვანოს, როგორც ქართული იდენტობის დამცველი ერთადერთი პოლიტიკური ძალა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ისარგებლოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბალი ცოდნის დონით, დანერგოს გარკვეული შიში, სკეფსისი ევროპული ღირებულებების მიმართ, შექმნას აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენს რწმენასა თუ თვითმყოფადობას ევროპაში გარკვეული ძალები ემუქრებიან (ქართველობას გვართმევენ), რათა ამ ფონზე თავი გამოიყვანოს, როგორც ქართული იდენტობის დამცველი ერთადერთი პოლიტიკური ძალა
ესაა დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლატფორმა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. საგარეო პოლიტიკური, პრო -პუტინისტური ნარატივების გაჩენაც ჩვენი სახელმწიფოს პირველი პირების გამოსვლებში, ჩემი აზრით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ამ ტიპის ამომრჩევლისთვის, სწორედ პუტინია ის ფიგურა, რომელმაც „ამხილა“ გარყვნილი ევროპა და დასავლეთი ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების მიმართ ღალატში, რომელიც ახლა უკრაინაში ებრძვის სატანისტებს და მართლმადიდებლური ტრადიციების მტრებს.
ასეთი რელიგიური ფუნდამენტალისტი და ანტილიბერალურად განწყობილი ამომრჩეველი, რომლის „დაბევებასაც“ ცდილობს მმართველი პარტია, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრია საქართველოში.
ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ასეთი ამომრჩევლისთვის ვერანაირად ვერ იქნება მომხიბვლელი პროევროპული ზელენსკის მხარდამჭერი და „მართლმადიდებლობისა თუ ტრადიციების დამცველი“, პუტინის მაგინებელი ხელისუფლება. შესაბამისად, ხელისუფლება, თავის საგარეო პოლიტიკური რიტორიკითა და ნაბიჯებით, სრულად ცდილობს, დააკმაყოფილოს ასეთი ამომრჩევლის გემოვნება.
თანაც, ცოდვა გამხელილი ჯობია და სულ უფრო მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ნაწილი მაინც ძალიან ბუნებრივია ამ როლში, რადგან, თავისი მენტალობით, თავადვე არის ამ ბნელი, ანტიევროპული, რელიგიური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიის მატარებელი.
ცოდვა გამხელილი ჯობია და სულ უფრო მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ნაწილი მაინც ძალიან ბუნებრივია ამ როლში, რადგან, თავისი მენტალობით, თავადვე არის ამ ბნელი, ანტიევროპული, რელიგიური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიის მატარებელი
- კიშინიოვის ფორუმზე ევროპის ლიდერებმა, მათ შორის უკრაინის ლიდერებმა ვრცლად ისაუბრეს დიდი ევროპის უსაფრთხოების ახალ სისტემაზე, იმაზე, სავარაუდოდ, როგორ უნდა იმოქმედონ რუსეთის მეზობლებმა რომ თავი დაიცვან რუსული აგრესიისგან.
ევროპის ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკმაოდ კონკრეტულად ისაუბრეს რუსეთის მეზობლების ნატოს პერსპექტივაზე.
როგორც ჩანს, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებების ეს ნაწილი იყო ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ყველაზე მიუღებელი და ამიტომ მოჰყვა მის გამოსვლას თბილისში როგორც მინიმუმ, გაუგებარი კომენტარები.
გაუგებარი პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ზელენსკის მიერ ნახსენები რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ წარმოებული „მცოცავი ანექსია“ უპირველესად საქართველოს ეხება.
რუსეთს არა მხოლოდ ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები, არამედ მის მიერ ამ რეგიონებში წარმოებული პოლიტიკა აშკარად ანექსიის ხასიათს ატარებს.
ჩვენი ხელისუფლება პრაქტიკულად ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც რომ ჩვენი თავსებადობა ნატოსთან მაღალი იყოს, არსებულ ვითარებაში საქართველო ნატოში შესვლას არ აპირებს.
გარდა ამისა, ლამის უკრაინას ადანაშაულებს რუსულ აგრესიაში, რადგან მას სურდა ნატოში გაწევრიანება. არადა, კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე უკრაინაში საკმაოდ დაბალი იყო ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი.
თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების კომენტარებს? და პრემიერის მტკიცებას რომ კიევს შეეძლო ომის აცილება?
- ზოგადად, ეს ფეიკი, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა ამ უკანასკნელის ნატოში სწრაფვის გამო, უკვე მოძველებული თეზისია თავად რუსული პროპაგანდისთვისაც კი. 10 წლის წინ იძახდნენ რუსები ამას. ერთი კვირით ადრე, სანამ ღარიბაშვილი ბრატისლავაში ამ „სიბრძნეს“ იტყოდა, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზორკინთან შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ „საბჭოთა სისტემამ შექმნა უკრაინა, ეს კარგად არის ცნობილი. მანამდე კი კაცობრიობის ისტორიაში უკრაინა არ არსებობდა“.
2021 წელს პუტინმა გამოაქვეყნა სტატია "რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ", სადაც ის ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელი უკრაინული ერი არ არსებობს, რომ „რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია, რომლებიც ერთსა და იმავე ისტორიულ და სულიერ სივრცეს მიეკუთვნებიან“. ეს სტატია დევს კრემლის საიტზე და ღარიბაშვილს შეუძლია წაიკითხოს.
პუტინი თვლის, რომ უკრაინული სახელმწიფოს არსებობას ისტორიული საფუძველი არ გააჩნია და ის უნდა იყოს რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი. სწორედ რუსეთის დიქტატორის ეს მოსაზრებებია სინამდვილეში რუსეთის უკრაინაში შეჭრის ნამდვილი მიზეზი. უკრაინა უნდა იყოს რუსეთის იმპერიის ნაწილი და წერტილი. ასე ფიქრობს პუტინი და მნიშვნელოვანია, ეს გავიგოთ.
პუტინი თვლის, რომ უკრაინული სახელმწიფოს არსებობას ისტორიული საფუძველი არ გააჩნია და ის უნდა იყოს რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი. სწორედ რუსეთის დიქტატორის ეს მოსაზრებებია სინამდვილეში რუსეთის უკრაინაში შეჭრის ნამდვილი მიზეზი. უკრაინა უნდა იყოს რუსეთის იმპერიის ნაწილი და წერტილი. ასე ფიქრობს პუტინი და მნიშვნელოვანია, ეს გავიგოთ
ვისაც მაინც არ სჯერა, შეუძლია, მოუსმინოს რუსული სახელმწიფო ტელეარხის - „Russia Today“-ის მაუწყებლობის დირექტორს, ანტონ კრასოვსკის, რომელმაც 2022 წლის ოქტომბერში, გადაცემა "ანტონიმებში" განაცხადა: უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა ოკუპირებულია „მოსკალების“ მიერ, ასე ეძახიან რუსებს უკრაინაში, მდინარეში უნდა ჩაახრჩონ, ან კარპატებში ნაძვის „ხატებში“ (უკრიანული სახლი) უნდა შეყარონ და დაწვან.
ამას აცხადებენ, ვიმეორებ განსაკუთრებით „ნიჭიერებისთვის“, რუსეთის სახელმწიფო არხზე, რომლის კონტენტი თავიდან ბოლომდე კონტროლდება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურიდან, ამას ამბობს რუსეთის სახელმწიფო არხის მაუწყებლობის დირექტორი, რომელიც ხელფასს რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს.
მეტი რაღა უნდა ქნას ამ ხალხმა, მეტი რა უნდა თქვან, ან დაწერონ, რათა განსაკუთრებით გონებაშეზღუდულებმა ამის შემდეგ მაინც გაიგონ, რუსეთისთვის მტერი და ნაცისტია ყველა, ვინც უკრაინელებს რუსებად, უკრაინას კი რუსეთის ნაწილად ყოფნას არ ეთანხმება.
რუსეთისთვის მტერი და ნაცისტია ყველა, ვინც უკრაინელებს რუსებად, უკრაინას კი რუსეთის ნაწილად ყოფნას არ ეთანხმება
ვინც ყველაფერი ამის შემდეგ იტყვის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატოს შესაძლო გაფართოებაა, ის ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი.
სხვათა შორის, განსხვავებით რუსების ქართულენოვანი პროპაგანდისტებისგან, რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცოდა, რომ 2022 წელს უკრაინას ნატოს წევრობის შანსი ნულის ტოლი იყო. გერმანია, საფრანგეთი და კიდევ ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღების კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ამ პოზიციას მკაფიოდ და ნათლად აფიქსირებდნენ.
უახლოესი ათწლეულების განმავლობაში (2050 წლამდეო, ასე ამბობდნენ ევროპელი ლიდერები) უკრაინა, ისევე როგორც საქართველო ამ ევროპული ქვეყნების პოზიციის გამო ნატოს წევრი ვერანაირად ვერ ხდებოდა. ეს იყო ფაქტი, რომლის თაობაზეც პუტინმაც კარგად იცოდა და უკრაინის ხელმძღვანელობამაც.
- პრემიერი ამ თემაზე ბრატისლავაში ნათქვამის გამოსწორებას კი შეეცადა, მაგრამ, არ ვიცი რამდენად წარმატებით.
ფაქტია, რომ ახლა ევროპაში ვითარება ასეთია - კოლექტიური დასავლეთი, აშშ და კიდევ ბევრი ანგარიშგასაწევი ქვეყანა ეხმარება უკრაინას რომ მან შეძლოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება.
კარგია, რომ საქართველო უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ აქციებში მონაწილეობს, მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ საქართველო უკრაინას „მშვიდობას უსურვებს“. უცნაურია ისაა, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინას გამარჯვებას უსურვებენ, ჩვენ კი მხოლოდ მშვიდობას.
როგორც ჩანს, უსაფუძვლოდ არ გამოიყურება მტკიცება, რომ გაუგებარია საქართველო ვის მხარესაა და რატომ საუბრობს ქვეყნის პრემიერი დასავლეთთან კრემლის პრეტენზიებითა და რიტორიკით? თქვენი აზრით რატომ?
- ჩემი აზრით, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, ეს განცხადებები ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი ხელმძღვანელის მენტალობის მაჩვენებელია. მათი ლოგიკით, თუკი უკრაინა ისწრაფვის თავისუფლებისაკენ და მას ამის გამო თავს დაესხა რუსეთი, ომის დაწყების მიზეზი, თურმე, უკრაინის პოლიტიკა, მისი თავისუფლებისადმი სწრაფვა ყოფილა.
საერთოდ, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წევრისთვის გამოკვეთილად საშიში და მტყუანია ის, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, ის ვინც არ ემორჩილება ძლიერს, ვისაც უნდა, რომ ჰქონდეს საკუთარი გზა, იცხოვროს თავისი ჭკუით. ასეთია ამ ხალხის მენტალობა.
ვერ იტანენ, და გაოგნებულები არიან, როცა ხელისუფლებაში არიან და მათ ვიღაც არ ემორჩილება. ეს მათ შეურაცხყოფს. ამიტომაც, მათთვის უკრაინაა დამნაშავე, რომ დიდ რუსეთს არ დაემორჩილა. არ ესმით ეს ამბავი საკუთარი ცხოვრების პრინციპებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე.
ამავე დროს, ბრატისლავაში საქართველოს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. საქართველო მრავალი წელია ამბობს, რომ ნატოს წევრობა უნდა.
ბრატისლავაში საქართველოს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. საქართველო მრავალი წელია ამბობს, რომ ნატოს წევრობა უნდა
ამ დროს, თუკი ამ ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ მეორე ქვეყნის ნატოსკენ სწრაფვა გახდა ევროპაში ომის მიზეზი, რა გზავნილია ეს ევროპელი პოლიტიკოსებისთვის? რას ეუბნება მათ საქართველოს ხელისუფლება, რომ, თუკი ნატოსკენ უკრაინის სწრაფვა ომის მიზეზი გახდა, ნატოში ჩემმა მიღებამ ახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს? ესაა ჩვენი გზავნილი ევროპისადმი? ეს განცხადება ხელს უწყობს ევროატლანტიკურ კურსს, თუ მის საბოტაჟს ეწევა?
- კიშინიოვში გამართული ფორუმის ფარგლებში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, კანცლერ შოლცისა და პრეზიდენტ მაკრონის მონაწილეობით გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალევისა და სომხეთის პრემიერ ფაშინიანის შეხვედრა.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში მალე სეფე სიტყვა არა მოსკოვს, არამედ ბრიუსელს შეიძლება ექნეს?
- რახან ევროპა მივიდა იმ აზრამდე, რომ ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა მოიცავს არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებსაც, ბუნებრივია, რომ ევროკავშირი ეცდება, აქტიური როლი ითამაშოს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებაში.
ამ პროცესში ევროპის ჩართულობა, ჩემი აზრით, აწყობს აზერბაიჯანს, რადგანაც, მისთვის აუცილებელია ყარაბაღის რეინტეგრაციის ლეგიტიმაცია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და სომხეთსაც, რომლისთვისაც ევროპული ფასეულობები და ევროპული სახელმწიფო მოწყობის პრინციპები დღეს ლამის ერთადერთი ბერკეტია, რაც მან შეიძლება გამოიყენოს ყარაბაღის სომხურო მოსახლეობის დასაცავად და პლუს უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად თავად სომხეთისთვის.
ერთადერთი, ვისაც არ აწყობს აზერბაიჯან-სომხეთს შორის ყარაბაღის გამო კონფლიქტის დასრულება, რუსეთია, მაგრამ მას გაუჭირდება, ხელი შეუშალოს ამ პროცესს. მე კი ვისურვებდი, რომ ამ კონფლიქტის დარეგულირების და ზოგადად, კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების ახალი მექანიზმების ჩამოყალიბების პროცესში საქართველოსაც აქტიური როლი ეთამაშა და რეგიონში თავისი მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა დაეფიქსირებინა.
ერთადერთი, ვისაც არ აწყობს აზერბაიჯან-სომხეთს შორის ყარაბაღის გამო კონფლიქტის დასრულება, რუსეთია, მაგრამ მას გაუჭირდება, ხელი შეუშალოს ამ პროცესს
ამის პოტენციალიც გვაქვს, გვეკუთვნის კიდეც, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამის მოთხოვნა საკუთარი თავის გამასხარავება იქნება.
- ვხედავთ, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა აქტიურად საუბრობს რუსეთის დახმარებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შესაძლებლობაზე. ვინც ამ ორ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოლიტიკურ პროცესებს ადევნებს თვალს, ამის მსგავსი თითქოს არაფერი ხდება.
კრემლი კი აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ თბილისი უნდა შეეგუოს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ „ჩამოყალიბებულ რეალობას“. არაფერს ამბობს იმავე წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებაზე, რომლითაც რუსეთს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის ვალდებულება აქვს აღებული.
პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მშვიდობიანად დაიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.
კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის ვალდებულება ოფიციალურ თბილისს აღებული აქვს, მაგრამ ამ თემაზე საუბრები რომ გახშირებულია ფაქტია. რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების მხრიდან დაპირებები, რომ იგი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მშვიდობიანად, როგორც ჩანს, მოსკოვის დახმარებით დაიბრუნებს?
- რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას ჭირდება, აუხსნას მოსახლეობას, რატომ გადაიხარა მისი კურსი რუსეთთან დაახლოებისკენ. ეკონომიკური სარგებელი არ არის საკმარისი არგუმენტი, მითუმეტეს, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მაინცადამაინც თავის კეთილდღეობას ან პერსპექტივაში უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრების მოლოდინს ვერ აკავშირებს დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებისა და რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკასთან. ამიტომაც, ხელისუფლებას, რუსეთთან დათბობის პოლიტიკის ასახსნელად, გაცილებით წონადი არგუმენტი ჭირდება, ვიდრე რუსულ ბაზარზე ღვინის შეტანაა.
„ოცნება“ ცდილობს, ძალიან ფრთხილად შემოაგდოს თემა, რომ რუსეთთან დათბობის პოლიტიკის ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ ამას არ მოჰყვეს რუსეთის მხრიდან რამე განცხადება, რომელიც ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ამ მოლოდინს დაანგრევს.
„ოცნება“ ცდილობს, ძალიან ფრთხილად შემოაგდოს თემა, რომ რუსეთთან დათბობის პოლიტიკის ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ძალიან ფრთხილად იმიტომ, რომ ამას არ მოჰყვეს რუსეთის მხრიდან რამე განცხადება, რომელიც ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ამ მოლოდინს დაანგრევს
საქმე ისაა, რომ რუსი მიიჩნევს და ამას ყველანაირად უსვამს ხაზს, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა და დათბობა ქართული მხარის თხოვნისა და წინადადებების საფუძველზე ხდება. ასე ვთქვათ, კეთილი ნების ჟესტია მათი მხრიდან, ამიტომ რუსეთი არ თვლის, რომ საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად რაიმე საფასური უნდა გადაიხადოს, მითუმეტეს, ჩვენთვის აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის დაბრუნებით.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ტერიტორიული მთლიანობის თემით თამაში იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც საკუთარი თავის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტად რუსეთთან კარგი ურთიერთობები მიაჩნია, ზუსტად იმდენი ხნის ისტორია აქვს, რაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დატრიალებულ კონფლიქტებს.
ეს ძველი ზღაპრებია, თავის დროზე, სამშვიდობო სტატუსი მივანიჭეთ რუსებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში „ამ მოტივით“, დსთ-ში შესვლასაც მაგით ასაბუთებდნენ მაშინდელი უსინდისო საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ამით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დავიბრუნებთო, იგივე იყო, როცა რუსებს 25 წლით საქართველოში სამხედრო ბაზების დატოვებაზე დავთანხმდით.
ხელისუფლების „კონტრარგუმენტებიც“ ამ პოლიტიკის ოპონენტების მიმართ მაშინაც და დღესაც იდენტურია - „აბა, ომი გინდათ?“, „თქვენ ომის პარტია ხართ, ჩვენ მშვიდობა გვინდა“ და ა.შ. ვისაც არ გახსოვთ, შეგიძლიათ გადახედოთ 90-იანები წლების პირველი ნახევრის პრესას, პარლამენტის სხდომების ტრანსლაციებს და სატელევიზიო ტოკ-შოუებს. მე ეს ყველაფერი გამოვლილი და ნანახი მაქვს.
ხელისუფლება ცდილობს, 2024 წლის არჩევნებისათვის მოსახლეობაში იმედი გააჩინოს, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი ძალა, რომელსაც, თავისი პრაგმატული პოლიტიკით, რუსეთთან ამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარება შეუძლია. ეს უნდა იყოს არჩევნებზე ხელისუფლების მთავარი კოზირი
არ ვიცი, მართლა ვინმეს თუ სჯერა ხელისუფლებაში, არის კი ისეთი ბრიყვი, რომელიც ფიქრობს, რომ პუტინს და რუსეთს გააჩნია დღეს, სურვილს რომ თავი გავანებოთ, რაიმე შიდა პოლიტიკური რესურსი, გადადგას ასეთი ნაბიჯი, აიმხედროს მისი მთავარი დასაყრდენი, რუსული საზოგადოების ნაციონალისტურად და იმპერიალისტურად განწყობილი ძალები, პრობლემები შეიქმნას ჩრდილოკავკასიაში კრემლის მიმართ ყველაზე ლოიალურად განწყობილ ოსურ თუ ჩერქეზულ მოსახლეობაში? იმედია, ასე მართლა არ გასულელდებიან.
ჩემი აზრით, უბრალოდ ხელისუფლება ცდილობს, 2024 წლის არჩევნებისათვის მოსახლეობაში იმედი გააჩინოს, რომ „ქართული ოცნებაა“ ერთადერთი ძალა, რომელსაც, თავისი პრაგმატული პოლიტიკით, რუსეთთან ამ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარება შეუძლია. ეს უნდა იყოს არჩევნებზე ხელისუფლების მთავარი კოზირი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი