ნინო ლაცაბიძე - ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას წლის დასაწყისში წარვუდგინეთ

რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რუსთავის მერის მიერ წლის დასაწყისში წარდგენილი სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო, რომლის განხორციელებაც, დღეისთვის უკვე აქტიურ ფაზაშია.

უწყების ცნობით, ლებანიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.

„რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო პროექტი მიმდინარეობს, რომელიც აფხაზეთისა და ლომურის ქუჩების დამაკავშირებელ ლებანიძის ქუჩაზე ახალი გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. ეს იყო მოსახლეობის მოთხოვნა, ამ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ იყო. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ცენტრალური ქუჩები განიტვირთოს და ამ უბანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვიდეს. ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას წლის დასაწყისში წარვუდგინეთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ლებანიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი, 3 996 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის, ტროტუარებისა და 950 მეტრის სიგრძის დაწნეხილი ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს. გზა, რომლის რეაბილიტაციაც ამჟამად მიმდინარეობს, აფხაზეთის ქუჩას, VIIა მკ/რ-სა და ლომოურის ქუჩებს აკავშირებს ერთმანეთთან, პროექტს ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტის შექმნის გარდა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.

ლებანიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რუსთავის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 336 974 ლარია.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის