ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023

სანდრო თვალჭრელიძე - „ან მსოფლიო აფეთქდება, ან რუსეთი ომს წააგებს...“

“კონტრშეტევისათვის ყველაფერი მზადაა”- უკრაინელების წინსვლა ბახმუტში და მწვავე შიდა დაპირისპირება რუსულ ნაწილებს შორის

“გიორგი გობრონიძე - “როდის გადავა „ბოროტების იმპერია“ გადამწყვეტ შეტევაზე?!”

რას შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება - ენმ-ის ახალი სტრატეგია და მისი სავარაუდო შედეგები

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს, საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე გაიზრდება”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - „ან მსოფლიო აფეთქდება, ან რუსეთი ომს წააგებს...“

“ნება მიბოძეთ საუბარი პრეზიდენტის ვიზიტით დავიწყო, რომლის დროსაც სალომე ზურაბიშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალიან გამოცდილი დიპლომატია. მისი გამოსვლა ევროპარლამენტში ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, სიმართლე გითხრათ, მე უფრო გამიკვირდა 26 მაისს წარმოთქმული სიტყვა. დამოუკიდებლობის დღეს მთავრობის ასეთი მძაფრი კრიტიკა არასწორად მივიჩნიე, მაგრამ დღეს უკვე ცხადია, რომ ეს ყველაფერი იყო გააზრებული და წარმოადგენდა საგარეო ვიზიტებისთვის სამზადისს. ქალბატონი სალომეს ყველა სიტყვას აკვირდებიან ანალიტიკოსები და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებენ”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ან მსოფლიო აფეთქდება, ან რუსეთი ომს წააგებს...“.

“ამ ვიზიტით და ევროპარლამენტში მისი დაბალანსებული სიტყვით მან აჩვენა ორი რამ: პირველი - საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყველა ერთიანი უნდა იყოს; და მეორე - შიდა და საგარეო პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და მიუხედავად იმისა, ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის არის განსხვავებები და რიგ შემთხვევაში დაპირისპირებაც, ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის წარმართვისას და პარტნიორებთან საუბრისას, ეს უნდა გახდეს მეორეხარისხოვანი, უმთავრესი კი უნდა იყოს საქართველოს ინტერესების დაცვა. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტები, მთავრობები იცვლებიან, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები კი რჩება. ამიტომაც მიიღო ჩვენი პარტნიორების ასეთი მაღალი შეფასება. მან გამოხატა სწორი პოზიცია, როგორც უკრაინის მხარდაჭერის, ისე რუსეთთან დაკავშირებით. პრეზიდენტის გამოსვლაში არაფერი ყოფილა ზედმეტი, მან სრულიად სწორად გააკეთა აქცენტები საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა თუ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას. ვფიქრობ, ეს ჩვენს პარტნიორებს არ დარჩენიათ ყურადღების გარეშე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ღარიბაშვილის და ზოგადად მთავრობის განცხადებებსა და მოქმედებებს მე პროვინციული პოლიტიკა დავარქვი. ჩემი აზრით, ღარიბაშვილი ასე ფიქრობს, ნატოში კი უნდა გავწევრდეთ, მაგრამ თუ ომი დაიწყო საქართველოში, ჩვენი ქვეყნისგან რაღა დარჩებაო. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს სწორედ ასე წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია... ნუ დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლება უკვე დიდწილად მომავალ არჩევნებზე ფიქრობს და ბევრ რამეს სწორედ ძალაუფლების შენარჩუნების პრიზმიდან უყურებს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, მაგრამ ასე ფიქრობენ. ხელისუფლება, ერთი მხრივ, ცდილობს საკუთარი საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელად წარმოაჩინოს პროდასავლური მიმართულება. რიტორიკის დონეზე მაინც ვნახეთ, ღარიბაშვილმაც რამდენი ილაპარაკა ევროპულ კურსსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე - მისი თქმით, სტატუსი აუცილებლად უნდა მივიღოთ და რომ ამისთვის ხელისუფლება თურმე ყველაფერს აკეთებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმავდროულად, მაქსიმალურად ფრთხილობს რუსეთთან ურთიერთობაში, მეტიც, იმის შიშით, რომ ვითარება არ გამწვავდეს, ზედმეტადაც კი თმობენ პოზიციებს, თანაც ცდილობენ შექმნილი ვითარებიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი მიიღონ. მოკლედ, ცდილობენ არც შამფური დაწვან, არც მწვადი, საბოლოოდ კი ვხედავთ, დასავლეთიდან როგორ კრიტიკას იმსახურებენ ამ პროვინციული, ვითომ ნეიტრალური და პროქართული პოლიტიკით. სხვათა შორის, ღარიბაშვილმა კიდევ უარესი რამ თქვა 26 მაისის ღონისძიებისას, როცა განაცხადა, დასავლეთს რომ უნდოდეს, ომს უკრაინაში ახლავე დაასრულებდა, მაგრამ არ სურსო... ეს, ჩემი აზრით, ყოველგვარ მორალს მოკლებული გამოსვლა იყო. ზუსტად პროვინციული პოლიტიკის ნიმუშია ის, რომ ფიქრობს, შეუძლია ამგვარი განცხადებებით საქართველო სამხედრო კონფლიქტს გადაარჩინოს. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ღარიბაშვილი აშკარად ვერ უმკლავდება საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თავის ფუნქციებს, ამიტომ ვურჩევდი, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის ნაცვლად, მას მოუსმინოს, დასხდნენ, გააანალიზონ შექმნილი ვითარება და დასახონ მოქმედების ერთობლივი გეგმა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სამწუხაროდ, საქართველო დღესაც გამოუყენებელი შესაძლებლობების ქვეყანაა. გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი წინსვლისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და არა ქვეყნის განვითარებაზე. ჩემი აზრით, დღეს ხელისუფლება არც პროდასავლურ და არც პრორუსულ პოლიტიკას არ აწარმოებს, ის აწარმოებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას, რასაც პროქართულად წარმოადგენს. ეს კი ძალიან შორს არის იმისგან, რაც რეალურად უნდა კეთდებოდეს. ისმის კითხვა, ეს ყველაფერი როგორ წაადგება ქვეყანას? ჩემი აზრით, მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები ისეთ ხისტი გახდა, რომ ჩვენი ხელისუფლების გამონათქვამებს, მიდგომებს, წარმოდგენებს დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. პროცესები არის შეუქცევადი, რომლის შედეგადაც ან მსოფლიო აფეთქდება, ან რუსეთი ამ ომს წააგებს, რისი დიდი იმედიც მაქვს. ორივე შემთხვევაში დადგება სულ სხვა რეალობა, როდესაც ღარიბაშვილის გამონათქვამები აღარავის ემახსოვრება”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი აზრით, ვინც სტატუსის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, ასე მარტივად არ უყურებს პროცესებს. ისინი ძალიან ღრმად აკვირდებიან და აანალიზებენ ყველაფერს. აფასებენ როგორც რეალპოლიტიკას, ისე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ა.შ. საქართველოს მდგომარეობა მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებულია, ჩვენ არ გვაქვს უშუალო საზღვარი ევროპულ სივრცესთან, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი არის სრულიად სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც, ვფიქრობ, აუცილებლად გაუწევენ ანგარიშს. ბოლოს და ბოლოს, ევროპულ სივრცეში ერთიანდებიან ხალხები და არა მთავრობები, ქართველი ხალხის პოზიცია კი ურყევია. ჩვენში მშვენივრად ესმით, რომ საქართველოს ადგილი სწორედ ევროპულ ოჯახშია. ის ენთუზიაზმი და სწრაფვა, რაც ჩვენს საზოგადოებაშია ამ თვალსაზრისით, შესაძლოა ევროპული ქვეყნებისთვისაც კი სამაგალითო იყოს”, - თვლის რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პოლიტიკური ელიტის კრიზისი, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ “ქართული ოცნებაც” ძალიან მოჰბეზრდა, მაგრამ არა აქვთ მესამე არჩევანის საშუალება. არ ვიცი, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც პირველ ორს კონკურენციას გაუწევს. ქვეყანაში არსებობს საპროტესტო განწყობა, მაგრამ მისი ორგანიზება ვერ ხერხდება პოლიტიკური ძალების ჩარევის გარეშე. შესაბამისად, ეს საპროტესტო მუხტი იფლანგება ისეთი პატარ-პატარა აქციებით, რაც, მაგალითად, ამ ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტთან იმართებოდა, როდესაც იმ ყმაწვილის, გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს მაშინ, როდესაც მისთვის წარდგენილი ბრალდება საკმაოდ მძიმეა. ჩვენ ხომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით იმ “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას. არ ვიცი, ეს ახალგაზრდა არის თუ არა ამაში დამნაშავე, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში მე სამოქალაქო მიდგომას ვერ ვხედავ, სამწუხაროდ”, - განმარტავს ექსპერტი.

“ამ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ქვეყანა ავიწყდებათ. ჩვენი ქვეყნის ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობას კიდევ ზურგში ლახვარი არ სჭირდება. ამაზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე, რომ მხოლოდ ერთმანეთის ჯიბრზე იმოქმედონ. ეს ძალიან ღრმა პოლიტიკური წინააღმდეგობაა, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის. გაგახსენებთ, პოლარიზაციის დაძლევა არის ერთ-ერთი პუნქტი ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციიდან და არ არის გამორიცხული, ძალიან ხელშემშლელიც აღმოჩნდეს. ამაზე პასუხისმგებელი კი ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც არის”, - ამტკიცებს თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “მახსოვს, იმედიანად იყავით, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებდა ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენას... ახლა როგორ აფასებთ მომხდარს?” - პასუხობს:

“ნამდვილად მეგონა, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანამედროვე საქართველოში დღევანდელი მანეთი თუ დოლარი ზნეობაზე მაღლა დგას... ჩემი აზრით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არის ჯიბეში მეტი ფულის დაგროვების მცდელობა. აღმოჩნდა, რომ ხვალინდელ საქართველოზე ზრუნვას დღეს 2 კაპიკით მეტის შოვნა ურჩევნიათ. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი მენტალიტეტი. მარტო”ქართული ოცნება” არ მოქცეულა ჩვენ უახლეს ისტორიაში ასე. გაიხსენეთ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც ომის შემდგომ 3 მილიარდი დოლარი მისცეს და იმის ნაცვლად, დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარებოდა, მისი მესამედი ჯიბეში ჩაიდეს, შედეგად კი კეზერაშვილი მომენტალურად გახდა მილიარდერი. ამგვარი მიდგომები უნდა შეიცვალოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას თაობების შეცვლა სჭირდება. ერთ დღეში ვერ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება და მაღალი შეგნების პოლიტიკური კლასი. დღეს ყველა უპირველესად საკუთარ თავზე ფიქრობს და არა საქართველოზე. ეს არის ყველაზე მეტად ტრაგიკული და დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. ვერ ვხედავ ამ ვითარებიდან ნორმალურ გამოსავალს...”

“რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს, სამწუხაროდ, მოყოლებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე, ეკონომიკურად სტრატეგიული ობიექტები რუსების ხელში ხვდებოდა. აღარ ჩამოვთვლი ენერგეტიკულ თუ წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებს, ისედაც იცის ყველამ... ღარიბაშვილი და მთელი მთავრობა დღესაც მხოლოდ დღევანდელობაზე ფიქრობენ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა კი არის პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე. ჩვენ არ გვაქვს სტრატეგიული ხედვა. გაიხსენეთ, ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე გასვლას და წარმატებას რამ შეუწყო ხელი - რუსულმა ემბარგომ, ჩვენი მეღვინეები იძულებული გახდნენ მკვეთრად გაეზარდათ ხარისხი. ეკონომიკის სხვა დარგებშიც იგივე მოხდება, თუ მოვახერხებთ ჩვენი ბაზრის დივერსიფიცირებას. 2-3 წელიწადი, ალბათ, გაგვიჭირდება, მაგრამ შემდგომ ყველაფერი უკეთ იქნება. მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ ხელმძღვანელობენ ტაქტიკით, დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამსო”, - ამბობს რესპონდენტი.

“ეკონომიკა ძირითადად საარჩევნო კამპანიის ნაწილად არის ქცეული. მაგალითად, “ქართულ ოცნებას” გაისად არჩევნები აქვს, ეშინიათ ეკონომიკური დონე რომ დავარდეს, შესაძლოა არჩევნები ვერც მოიგონ, ამიტომაც ამყარებენ იმედს რუსულ კაპიტალზე. სანამ ჩვენს წარმოებაზე არ ვიზრუნებთ, ჩვენი ეკონომიკა სულ გამოწვევების წინაშე იქნება. გავიხსენებ თურქეთის შემთხვევას. ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოდან რა აღარ გაიტანეს თურქეთში გასაყიდად, მაგრამ მალევე ამ ქვეყანამ თავის წარმოებაზე დაიწყო ზრუნვა და ახლა ლამის ყველაფერს თურქეთიდან ვყიდულობთ. მან შექმნა თავისი დამოუკიდებელი, მწარმოებლური ეკონომიკა, ჩვენ კი ეს დრო ამაოდ გავფლანგეთ. როცა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ვცდილობდით გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია შეგვექმნა, მაგრამ მოთხოვნა იყო მხოლოდ ოთხწლიან, არჩევნებზე მორგებულ გეგმებზე. გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა და სამოქმედო გეგმის დაწერა არავის აინტერესებდა. მე მაინც მგონია, რომ საქართველო უკვე იმდენად ღია ქვეყანაა, უკვე ისეთი კავშირები გვაქვს დასავლეთთან, ჩვენი ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია”, - აღნიშნავს ექსპერტი.

“შესაბამისად, შეუძლებელი მგონია რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ჩემი აზრით, რუსეთი ვერასდროს იქნება საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი! დასავლეთი, თურქეთი, ჩინეთი - უკვე ბევრი მოთამაშე გამოჩნდა. რაღა დაგიმალოთ და, მე ჩინეთის ფაქტორი უფრო მაშინებს. ვგულისხმობ იმას, რომ გზებსა და მნიშვნელოვან მაგისტრალებს ჩინელები აშენებენ და კაცმა არ იცის, როგორ. ამიტომ ამ გზებზე გავლისას სულ იმის უნდა გეშინოდეს ადამიანს, ან ხიდი არ ჩაინგრეს, ან გვირაბი არ დაგეცეს თავზე. საზოგადოების განვითარებას აქვს თავისი იმანენტური კანონები, რომელთაც ვერც რუსეთის აგრესია, ვერც მათი შემოსევები ვერ გააჩერებს, შეიძლება ეს ოდნავ შეფერხდეს. როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ვფიქრობ, სადღაც წელიწადნახევარში, ეს ტენდენციები მყისიერად შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ვიმეორებ, ძალიან კარგია ახალგაზრდებში ეს ანტირუსული მუხტი, თან მომწონს, რომ მიმართულია არა პიროვნებების, არამედ ტენდენციების მიმართ, ანუ რუსებს ჩვენთან არ სცემენ. ჩემი აზრით, მსოფლიო კარგი მიმართულებით მიდის - რუსეთს აღარავინ ელოლიავება. ავად თუ კარგად, ჩვენც გავყვებით ამ დინებას და აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

“კონტრშეტევისათვის ყველაფერი მზადაა”- უკრაინელების წინსვლა ბახმუტში და მწვავე შიდა დაპირისპირება რუსულ ნაწილებს შორის

“უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტრშეტევისათვის ყველაფერი მზადაა და შესაბამისი სამხედრო გეგმაც დამტკიცებულია. ამის ფონზე კი უკიდურესად იძაბება ვითარება სხვადასხვა რუსულ სამხედრო ფორმირებებს შორის. ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს ერთის მხრივ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის სამხედრო დაჯგუფებასთან აქვს კონფლიქტი და მეორეს მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ხელ-ფეხს უხსნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ზრდის ალბათობას, რომ მათი კონტრშეტევა წარმატებული იქნება. თავად პრიგოჟინმა “კადიროველებთან” კონფლიქტი უკვე ამოწურულად გამოაცხადა, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილს ამაში ეჭვი შეაქვს. რაც შეეხება “ვაგნერისა” და თავდაცვის სამინისტროს დაპირისპირებას, როგორც ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, აქ გაცილებით რთულადაა საქმე და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვა პრაქტიკულად უკვე შეუძლებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “კონტრშეტევისათვის ყველაფერი მზადაა”- უკრაინელების წინსვლა ბახმუტში და მწვავე შიდა დაპირისპირება რუსულ ნაწილებს შორის.

“ვაგნერის” ხელმძღვანელმა ბოლო 2 დღის განმავლობაში 2 მწვავე ბრალდება წაუყენა თავდაცვის სამინისტროს. პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის დატოვების შემდეგ მათ აღმოაჩინეს, რომ გზები, რომლითაც “ვაგნერის” დანაყოფები ქალაქს ტოვებდნენ, თავად რუსი სამხედროების მიერ იყო დანაღმული. შაბათს კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტში, რომლის აღებასაც „ვაგნერმა” თუთქმის 10 თვე და ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე შეალია, რუსული რეგულარული არმიის ნაწილები თანდათან კარგავენ პოზიციებს და უკრაინულმა არმია უკვე დაიკავა ქალაქის გარკვეული ნაწილი. პრიგოჟინის “ვაგნერსა” და კადიროვის “ახმატს” შორის სიტყვიერი დაპირისპირება 1-ლ ივლისს დაიწყო. საგანგებო ვიდეომიმართვები გაავრცელეს კადიროვის ნათესავმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვმა და სპეცრაზმ “ახმატის” მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა. მათ პრიგოჟინი გააკრიტიკეს დიდი დანაკარგებისა და თავდაცვის სამინისტროს კრიტიკის გამო. დელიმხანოვმა “ვაგნერის” მეთაურს ურჩია დაენიშნა საათი და ადგილი, სადაც მას “აუხსნიდნენ იმას, რაც არ ესმის”. პრიგოჟინს შესთავაზეს პირადად შეხვედრა და “კაცური დალაპარაკება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ მიმართვებს საგანგებოდ გამოეხმაურა “ვაგნერის” სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი. თავის “ტელეგრამ” არხზე მან დაწერა, რომ “ვაგნერელები” მზად არიან “კაცური ლაპარაკისთვის”, რადგან კადიროვის გარემოცვას “ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომებიდან” იცნობენ. სამხედრო მიმომხილველთა შეფასებით, ეს იყო მინიშნება იმაზე, რომ უტკინი და ჩეჩნეთის ომის ვეტერანი „ვაგნერელები" მაშინ იბრძოდნენ დელიმხანოვის და დაუდოვის წინააღმდეგ, რადგან ეს უკანასკნელები სეპარატისტების მხარეს იყვნენ. ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, ეს დაპირისპირება 2 ივნისს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს. 3 ივნისს კი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “კადიროველებთან” კონფლიქტი ამოწურულია. “ვაგნერის”ხელმძღვანელის ცნობით, ის ტელეფონით ესაუბრა კადიროვს ისინი შეთანხმდნენ, რომ ამ ამბავს “დაამუხრუჭებენ”. ამასთან, პრიგოჟინმა უარი თქვა შეეფასებინა დელიმხანოვისა და დაუდოვის განცხადებები: “ჩემგან ნებისმიერი პასუხი შეიძლება აღიქვან ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებად”, - განაგრძობს გამოცემა.

“გაცილებით უფრო მწვავედ ვითარდება პრიგოჟინის დაპირისპირება თავდაცვის სამინისტროსთან. “ბახმუტიდან ჩვენი გასვლისას თავდაცვის სამინისტრომ გზა დაგვინაღმა. მათ ასობით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობები დატოვეს”, - განაცხადა შაბათს პრიგოჟინმა. მისი თქმით, “ვაგნერის” შემადგენლობიდან არავინ დაშავებულა და ამჟამად ამ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. “ჩვენ შეკითხვა დავუსვით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თუ რატომ გააკეთეს ეს და ისინი თითს ზევით იშვერენ, მაგრამ სხვა დეტალებს არ გვეუბნებიან”, - განაცხადა პრიგოჟინმა. შაბათს კი მან ახალი ბრალდება წაუყენა თავდაცვის სამინისტროს. მისი თქმით, „ვაგნერმა” სულ ორიოდე დღეა, რაც დაასრულა ბახმუტიდან გასვლა და თავისი საბრძოლო პოზიციები რუსეთის არმიის რეგულარულ ნაწილებს გადასცა. შაბათს კი გაარკვია, რომ, მისი თქმით, სრულიად აღებული ქალაქის ერთ ნაწილზე ისევ უკრაინელებმა დაამყარეს კონტროლი. 2 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისმა ქვედანაყოფებმა პრაქტიკულად სრულად დატოვეს ბახმუტი და პოზიციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცეს. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ჯგუფებს შორის შიდა დაპირისპირებები რუსეთს უფრო ასუსტებს და აიძულებს უკან დაიხიოს”, - დასძენს გამოცემა.

“როცა ასეთი რიტორიკებია, ეს სერიოზულად მიანიშნებს კრიზისზე. ახლა ბრძოლა მიდის ტახტის გარშემო, რომელიც შეიძლება იყოს პუტინისგან ხელშეწყობილი. ან, შესაძლოა, ისე დასუსტდა პუტინი, რომ უკვე ჭიდაობა ხდება ადგილებისთვის. ფაქტია, რომ არის დაპირისპირება “ვაგნერსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის, ვაგნერის უკან კი “ეფესბე” დგას. დაპირისპირება ყოველთვის იყო, მაგრამ რადგანაც დასუსტდა სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს უკვე სააშკარაოზე გამოვიდა. ყველაფერი დასაშვებია. სავსებით შესაძლებელია საქმე მივიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებამდე. თუმცა, მნიშნელოვანია ამას რამდენად შეუწყობს ხელს ის სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რაც ზოგადად ჩამოყალიბდა რუსეთში. რა თქმა უნდა, ეს ომის მსვლელობაზეც აისახება. როდესაც ასეთი უნდობლობა ჩნდება ერთმანეთში, ეს უფრო ართულებს ვითარებას. რუსეთი ისედაც დასუსტებულია და უფრო დასუსტდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ პრიგოჟინი-კადიროვის დაპირისპირება ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგანაც ორივენი ერთი პოლიტიკური კლანის წევრები არიან. გაცილებით საყურადღებოა “ვაგნერისა” და თავდაცვის სამინისტროს დაპირისპირება, სადაც მხარეებმა უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. “ვაგნერსა” და კადიროვს შორის დაპირისპირება ალბათ არ არის ისეთი სერიოზული, როგორც პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის. იქ წითელი ხაზები გადალახულია. კადიროვი, პრიგოჟინი და ზოლოტოვი - ეს ერთი და იგივე დაჯგუფებაა. გუშინ პრიგოჟინმა თქვა კიდეც, რომ ელაპარაკა კადიროვს და თითქოს პრობლემები მოაგვარა. შეიძლება ფორმალურ ხასიათს ატარებდა კადიროვის მხიდან პრიგოჟინთან დაპირისპირება. როგორც ჩანს, კადიროვს სურდა პუტინისთვის ეჩვენებინა, რომ დაუპირისპირდნენ პრიგოჟინს. ასევე არსებობს დაპირისპირება პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. ეს კი უკვე სერიოზული დაპირისპირებაა და მხარეები უკან ვერ დაიხევენ”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია, რომლის თქმით, დაპირისპირება პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის არის პიროვნულ დონეზე, რომ შოიგუმ და გერასიმოვმა დატოვონ თანამდებობები”, - წერს სტატიის ავტორი.

“აქ არის პიროვნული და შიდა კორპორატიული ინტერესები. შეიძლება საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც მივიდეს. როცა ყველანი უკრაინის ომში არიან ჩართული, ეს საბრძოლო მოქმედებებზეც აისახება. ამან შეიძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხელ-ფეხი გაუხსნას და უფრო მეტი შესაძლებლობა მისცეს, რომ გადავიდნენ კონტრშეტევაზე და წამოიწყონ წარმატებული სამხედრო კამპანია”, - თვლის მაისაიამ. უკრაინული მედია წერს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონტრშეტევის განხორციელების გეგმა დაამტკიცა. თავად ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის მზადაა. ეს ინფორმაცია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინა კონტრშეტევისთვის მოემზადებინა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა შეცვლის ომის დინამიკას. “სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამისთვის მზად ვართ”, - განაცხადა ზელენსკიმ. ვახტანგ მაისაიას აზრით, კონტრშეტევის დაწყებას შესაძლოა რამდენიმე გარემოება - სხვადასხვა შუამავლის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმის განხილვა და საერთაშორისო სამიტები უკრაინის ლიდერის მონაწილეობით”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“უკრაინული მხარე, როგორც ჩანს, მზადაა დაიწყოს კონტრშეტევა და მას აქვს ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რასაც არ დავასახელებ. მეორე მხრივ მიმდინარეობს სერიოზული პოლიტიკური დიალოგები და მიდის სამშვიდობო გეგმების განხილვა, ჩინეთის იქნება სამხრეთ აფრიკული თუ სხვა. ასევე იმართება სამიტები უკრაინის მონაწილეობით. ეს იყო, მაგალითად, კიშინოვის სამიტი, მერე ბრიუსელის სამიტი იქნება, შემდეგ ნატოს სამიტი და როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, უკრაინა ცდილობს, რომ ამ პოლიტიკური დიალოგის პერიოდში გარკვეულწილად აჩვენოს, რომ ისინი უფრო სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრენი არიან. აქ გასათვალისწინებელია ერთი მომენტი - როცა ქვეყნის მთავარსარდალი იძულებულია დიპლომატიურ შეხვედრებზე იაროს, მის გარეშე კონტრშეტევა შეიძლება საერთოდ ვერ დაიწყოს. კიდევ ერთი საკითხი- უკრაინელები შეიძლება ელოდებიან შეიარაღების მიღებას. დასავლეთი კი ამბობს, რომ უკრაინა დღეს უკვე უზრუნველყოფილია ყველა სამხედრო აღჭურვილობით, მაგრამ ამას სჭირდება დასაწყობება და ა.შ., რაც დროს მოითხოვს”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

“რითი აიხსნება ის გარემოება, რომ უკრაინის ხელისუფლება ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მხოლოდ აანონსებს კონტრშეტევას და განცხადებების იქით საქმე არ მიდის? გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ თავის დროზე ასეთი განცხადებების მიზანი დასავლეთისგან თანამედროვე შეიარაღების მიღება იყო. ახლა კი, როდესაც უკრაინის არმია სრულადაა აღჭურვილი, კონტრშეტევის დაწყებასაც უნდა ველოდოთ. “მე უფრო მგონია, რომ ეს განცხადებები რაც დაიწყო, მიმართული იყო დასავლეთის დახმარების გაზრდისკენ. ახლა უნდა განახორციელონ კონტრშეტევა. უკრაინის გენერალურ შტაბში მიიჩნევენ, რომ ჯერ არ არის პირობები ჩამოყალიბებული, რომ კონტრშეტევა წარმატებული იყოს. მე მაინც მგონია, რომ კონტრშეტევა იქნება. ეს შეიძლება იყოს მძლავრი დარტყმა გარკვეულ კონკრეტულ მიმართულებაზე, ან შეიძლება, როგორც უკრაინელები საუბრობენ, იქნება დროში გაწელილი მრავალი დარტყმა სხვადასხვა მიმართულებაზე. რაღაც უნდა გააკეთოს უკრაინამ. როდესაც გამოდის ამერიკის ხელისუფლება და ამბობს რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინამ კონტრშეტევა განახორციელოს და უკრაინაც დიდი ხანია აცხადებს, რომ კონტრშეტევა იქნება, უნდა განხორციელდეს კიდეც”, - ამტკიცებს კაპანაძე, რომლის თქმით, “ასევე აცხადებდნენ რომ მაისში უნდა შესულიყვნენ ყირიმში”...”- დასძენს სტატიის ავტორი.

“გიორგი გობრონიძე - “როდის გადავა „ბოროტების იმპერია“ გადამწყვეტ შეტევაზე?!”

“პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრების სურვილის გამო, სიმართლის მარცვალს შეიცავს. უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჰქონდა არაერთი მიზეზი და ნატოსკენ სწრაფვა ერთ-ერთი იყო. რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს დასავლური ინსტიტუციებისა და კოალიციების გამოჩენას ე.წ. ახლო საზღვარგარეთში, რომელსაც საკუთარი გავლენის ექსკლუზიურ ზონად მიიჩნევს. რომ გავიგოთ, რა არის ჩვენთვის მთავარი საფრთხე, ჯერ უნდა გავარკვიოთ, როგორ აღიქვამს რუსეთი საქართველოს. რუსული პოლიტიკისა და ანალიზის შეფასებისას ჩვენ ერთ მნიშვნელოვან შეცდომას ვუშვებთ - გვგონია, რუსეთი სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განგვიხილავს. რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიიჩნევს... რუსები საქართველოს, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებს, ტერიტორიულ დანაკარგად მიიჩნევენ. პუტინის უკრაინაში შეჭრა ზუსტად ტერიტორიული დანაკარგის დაბრუნების პირველი ცდაა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როდის გადავა „ბოროტების იმპერია“ გადამწყვეტ შეტევაზე?!”

“ახლა შევაფასოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ნაციონალურ ინტერესს - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, და საქართველოს ეროვნულ ინტერესს - დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობას, შევძლებთ იმის განსაზღვრას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის კონფრონტაცია ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გარდაუვალია. ე.ი. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი კი არა, ჩვენი ეროვნული მიზანი, ნაციონალური ამოცანა მოდის კოლიზიაში რუსულ ნაციონალურ ამოცანასთან. როდესაც ორი ნაციონალური მისიის და იდეის კოლიზიაა, მნიშვნელობა აღარ აქვს, რომელ საინტეგრაციო პროექტს დავუჭერთ მხარს, კონფრონტაცია გარდაუვალია! მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვეძლო რუსული აგრესიის არიდება ისტორიის რომელიმე ეტაპზე, ჩანასახშივე მცდარია. ისტორიული კანონზომიერება არ იძლევა ამის საშუალებას. ერთადერთი, რაც შეიძლება მომხდარიყო, იყო კონფლიქტის გადავადება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“თუმცა, ადრე თუ გვიან, რუსეთი მაინც შეეცდებოდა საუკეთესო შემთხვევაში ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტებას, ფორმალიზაციას, უარეს შემთხვევაში კი სრულ აბსორბციას. პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ ნატოში ან ევროკავშირში გვსურს გაწევრება, პრობლემაა, რომ რუსეთს არ უნდა ჩვენი ხილვა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიან და დამოუკიდებელ წევრად. არის კიდევ ერთი საკითხი - როდესაც ლაპარაკია, რომ საქართველოს ან უკრაინის ნატოში მიღება შეიცავს საფრთხეს, მიჩნდება კითხვა, რატომ გაუჩნდათ ჩვენს ქვეყნებს ნატოში გაწევრების სურვილი, დროშა მოეწონათ?! მე მგონია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ნატოში გაწევრების რისკი. თქვენ გახსოვთ ერთი მაგალითი მაინც, როდესაც რუსეთი თავს დაესხა ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას, გნებავთ `ცივი ომის~ დროს ან მას შემდეგ?! შესაბამისად, ამ ეტაპზე მხოლოდ ნატოს კოლექტიური მექანიზმი იძლევა სამხედრო დაცულობის გარანტიას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

მეორე მხრივ, რუსეთი ცდილობს ნებისმიერი მეთოდით შეაჩეროს ნატოში იმ ქვეყნის ინტეგრაცია, რომლის სახელმწიფოებრიობის გაქრობისკენაც ისწრაფვის. რუსეთს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დამოუკიდებლობის ნიველირება არ ჰქონდეს მიზნად, პრობლემად არ მიიჩნევდა ნატოში ჩვენს გაწევრებას. ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის მეზობლებთან პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობისკენ, პრობლემად არ მიიჩნევს მეზობლების საგარეო პოლიტიკურ არჩევანს._ რუსი ლიდერები ამბობენ, ნატო რუსეთის გასანადგურებლად შეიქმნაო, მაგრამ ყველამ იცის, რომ 2022 წლამდე ამ ორგანიზაციაში დებატები მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რა უნდა ყოფილიყო კოალიციის მთავარი ფუნქცია. ნატოს წევრი გერმანია რუსეთის ენერგორესურსების პირველი მომხმარებელი იყო, პარტნიორულ ურთიერთობებზე მეტი რამ აკავშირებდათ, ბოლოს და ბოლოს, გერმანიის ყოფილი კანცლერი “გაზპრომში” მუშაობდა. რომელ საფრთხეზე იყო ლაპარაკი? მხოლოდ უკრაინაში რუსულმა აგრესიამ აქცია ნატო ანტირუსულ ორგანიზაციად. პუტინმა განაცხადა, რომ ის ნატოს შეასუსტებდა აღმოსავლეთ ფლანგზე, მაგრამ პასუხად მიიღო 120 გემი შავ და ხმელთაშუა ზღვაზე, ნატოს გაზრდილი კონტინგენტი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და ათასკილომეტრიანი საზღვარი ნატოსთან. პუტინმა თავისი პოლიტიკით ნატო ისეთ ძლიერ ორგანიზაციად გადააქცია, როგორიც არასდროს ყოფილა”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა აღიაროს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშეა და ეს საფრთხე არის სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ტერიტორიულ დანაკარგად განგვიხილავს. ნუ გვექნება ილუზია, რომ რუსეთს მოფერებით და დაყვავებით აფხაზეთსა და ცხინვალს დავათმობინებთ ან ჩვენი სახელმწიფოებრიობის მოსპობაზე ვათქმევინებთ უარს. ქართულ-რუსული ურთიერთობა, დაწყებული დავით აღმაშენებლითა და ვლადიმირ მონომახით და დამთავრებული ერეკლე მეორით, აგებულია ღალატსა და გაიძვერობაზე. საქართველომ ისტორიის რომელ ეტაპზეც არ სთხოვა დახმარება რუსეთს, ყოველთვის მოატყუეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ვერ იპოვით ერთ ხელშეკრულებას, ვალდებულებას, დათქმას, რომელიც რუსეთმა პატიოსნად შეასრულა! საუკუნოვანი პრაქტიკა გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რუსეთის ნდობა არ შეიძლება. როდესაც ოთხი საუკუნის განმავლობაში გატყუებენ და შენ მაინც გჯერა, ორ რამესთან გაქვს საქმე - ან ანალიტიკური უნარი და გონებრივი შესაძლებლობები არ გყოფნის, რომ ამა თუ იმ ერის ხასიათი, ბუნება და სტრატეგია დაინახო, ან ისეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ, რომ ფსიქიატრის დახმარებას საჭიროებ, იმიტომ, რომ მოძალადეზე ხარ შეყვარებული”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“არ დავკონკრეტდები “ქართულ ოცნებაზე”, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა ხელისუფლებას ეს პრობლემა სჭირდა. ზვიად გამსახურდიას, სამწუხაროდ, არ ჰქონდა იმდენი დრო, რომ ქვეყანა ემართა, და ჩვენ მისი პოლიტიკის შეფასების შესაძლებლობა მოგვცემოდა. შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, პრაქტიკულად რუსეთის სატელიტური ქვეყანა ვიყავით. 1992 წლიდან რა ხელშეკრულებაც დაგვიდო მოსკოვმა, ყველაფერს უპირობოდ მოვაწერეთ ხელი: დაგომისის ხელშეკრულებას, დსთ-ში შესვლას, რუსი სამშვიდობოების შეყვანას აფხაზეთსა და ცხინვალში თუ სხვას. ბოლოს და ბოლოს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ბათუმში, გუდაუთაში, ახალქალაქში იყო სამხედრო ბაზები. მინისტრები ინიშნებოდნენ მოსკოვის რეკომენდაციებით... რა მივიღეთ?! შევარდნაძემ რუსეთის ერთგულების საფასურად რამდენჯერმე მიიღო ტერორისტული თავდასხმა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს - საქმეც ის არის, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მაშინაც კი არ შეიძლება, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში ხარ”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“სააკაშვილის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში აქტიურად ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. სააკაშვილის პირველი საერთაშორისო ვიზიტი მოსკოვში იყო. საქართველოდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ ბათუმში კონტრტერორისტული ცენტრის გახსნას დათანხმდა. სხვათა შორის, მას “ვარდების რევოლუციის” დროს აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ ორივე პრეზიდენტის მმართველობის დროს მოსკოვიდან მაშინვე პრობლემები წამოვიდა, როგორც კი საქართველომ სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარება მოისურვა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო, ეკონომიკის დივერსიფიცირება თუ საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება. “ქართული ოცნების” ლიდერებსაც დროდადრო უჩნდებათ განცდა, რომ შეიძლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობით გავიდეთ ფონს. გამორიცხულია!” - თვლის ანალიტიკოსი.

“ამ რისკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ იცავს ძლიერი არმია, არა გვაქვს შესაბამისი შეიარაღება, ჩვენ უნდა მოვახერხოთ პოლიტიკური კონსოლიდაცია მთავარი იდეის გარშემო. მხოლოდ ამის შემდეგ არის მნიშვნელოვანი სამხედრო და უსაფრთხოების კომპონენტი. ძალიან ცუდია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის თაობაზე, არის თუ არა საფრთხე რუსეთი! ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ საფრთხეზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, პირიქით, კარგად უნდა განვსაზღვროთ, რა არის მთავარი საფრთხე და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაზღვროთ უსაფრთხოების პოლიტიკა. თუ ასე არ მოვიქცევით, მაშინ ავდგეთ და პირდაპირ ჩავბარდეთ რუსეთს!” - დასძენს გობრონიძე.

რას შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება - ენმ-ის ახალი სტრატეგია და მისი სავარაუდო შედეგები

|პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურება ენმ-ს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს - მათგან დანარჩენი ოპოზიციის დისტანცირების პროცესი გაძლიერდება და სააკაშვილის ფაქტორს “ქართული ოცნება” მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისას ისევ სათავისოდ გამოიყენებს. ამის შესახებ “რეზონანსთან” ანალიტიკოსები საუბრობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების გამო, სააკაშვილი ვერ იქნება ოპოზიციის ერთიანი ლიდერი. ბოლო თვეების განმავლობაში |”ნაცმოძრაობა” მუდმივად ცდილობდა იმის ხაზგასმას, რომ სააკაშვილის პატიმრობა უფრო ჰუმანიტარული საკითხია, ვიდრე პოლიტიკური. აქცენტი კეთდებოდა ექსპრეზიდენტის ჯანრთელობის მდგომარეობაზე და იყო მინიშნებები, რომ სააკაშვილი საერთოდ წავიდოდა ქართული პოლიტიკიდან, თუკი პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ და საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცემოდა. პარტიაში ხელმძღვანელობის შეცვლასთან ერთად, როგორც ჩანს, ეს მიდგომაც შეიცვალა, რაც თვალნათლივ იკითხება ენმ-ის მოქმედებებსა და განცხადებებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება - ენმ-ის ახალი სტრატეგია და მისი სავარაუდო შედეგები.

“ამ ცვლილებაზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც. “ქართული ოცნების”თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობაზე აპელირებამ არ გაამართლა და ახლა “ნაციონალური მოძრაობა” სათადარიგო გეგმაზე გადადის. “ჩაიშალა პირველი გეგმა. ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, მას კლავდა ქართული ხელისუფლება, სასამართლო, ის ხან იწამლებოდა, ხან აწამებდნენ, ათასი რამ მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა. აქედან გამომდინარე ამუშავეს გეგმა “ბ”. გეგმა “ბ” არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ეს არის ახალი გეგმა და ამის გამოხატულება შეიძლება იყოს მის სახლში პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა”, - განაცხადა კობახიძემ. ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი ლიდერი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირება თავიდანვე შეცდომა იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით, გააქტიურდა. “ნაციონალური მოძრაობის” სურვილია, რომ ხმების მობილიზაცია სააკაშვილის ფაქტორით შეძლონ. სააკაშვილს გამოჯანმრთელებას და პოლიტიკურ ბრძოლას ვუსურვებდი. ალბათ, თავიდანვე ასე უნდა ექნა. მისი თავისუფლების ერთადერთი შანსი ახლა არის ის, რომ 2024 წელს არჩევნები ოპოზიციამ მოიგოს. ვფიქრობ, პირველივე დღიდანვე მის ჯანმრთელობაზე საუბარი შეცდომა იყო. ამან საქართველოს მოქალაქეებს გადაჭარბების შთაბეჭდილება შეუქმნა. 2024-ის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაასრულებს, ამის სურვილი მაქვს”, - განაცხადა დეკანოიძემ. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ სააკაშვილის გააქტიურება ენმ-დან დანარჩენი ოპოზიციის დისტანცირების პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. იგი ექსპრეზიდენტს პოლიტიკიდან დისტანცირებასა და ნეიტრალურ ფიგურად დარჩენას ურჩევს. პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ გააქტიურებას “ქართული ოცნება” თავის სასიკეთოდ გამოიყენებს”, - დასძენს გამოცემა.

“ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირება ალბათ მაინც შეცდომა იყო. მით უმეტეს, რომ ეს, როგორც “ოცნება” ამტკიცებს, ხელოვნურად იყო გამოწვეული და არა დაავადების გართულების კუთხით. ამიტომ ამ პროცესმა კრახი განიცადა, რამაც საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა ზოგადად ოპოზიციას და მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”. ახლა სააკაშვილის გააქტიურება, როგორც ჩანს, უკავშირდება ამ გეგმების შეცვლას. მაგრამ ოპოზიციის იმ ნაწილს, “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ, სხვა გამოსავალი არ აქვს. ისინი მოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში იმ დაპირებით, რომ სააკაშვილს დაიხსნიდნენ ციხიდან, მაგრამ ეს ვერ ხერხდება და როგორც ჩანს, ვერც მოხერხდება. ახლა გააქტიურებული სააკაშვილი რას წარმოადგენს? ის ვერ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ის შეიძლება იყოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და სააკაშვილისგან დისტანცირების პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ახალი იდეა, თითქოს “ნაციონალები”გვთავაზობენ, რომ სააკაშვილი იყოს პრემიერობის კანდიდატი და ა.შ., ეს, ჩემი აზრით, მათი მხრიდან კიდევ ერთი შეცდომაა. სააკაშვილი უნდა შეეგუოს იმას, რომ არის ციხეში და იქნება მანამ, სანამ ხელისუფლება საქართველოში არ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე მაინც და ჯობია იგი პოლიტიკაში იყოს ნეიტრალური ფიგურა. სხვა შემთხვევაში სიკეთეს ვერც თავის თავს მოუტანს და ვერც ოპოზიციას, პირიქით, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. არ გაამართლა “ა” გეგმამ და ვერც “ბ” გეგმა გაამართლებს. რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ მეორე გეგმა გაამართლებს?! - თვლის ძაბირაძე

“ეს ოპოზიციას ბევრს არაფერს მოუტანს. იგივე ხატია დეკანოიძის სიტყვებს რომ დავესეხოთ, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი შეცდომა იყო. რა გამოდის - სააკაშვილს ჯანმრთელობის კუთხით არაფერი სჭირდა, მთელი ამ თვეების მანძილზე ატყუებდა საზოგადოებას და საკუთარ მხარდამჭერებსაც. რომ კვდება, წამლავენ... ახლა გამოდის, რომ კარგ ჯანზეა და აქვს უნარი, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაებას. ეს ხომ არის ერთმანეთთან შეუთავსებადი ორი რამ. შეიძლება მართლმორწმუნე “ნაციონალებმა” ეს მიიღონ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ხომ არ არიან მხოლოდ სააკაშვილის ფანები, სხვადასხვა სეგმენტებია და რამდენად შეხედავენ ამას დადებითად, აქ უკვე კითხვები ჩნდება. გარდა ამისა, საზოგადოებამ დაინახა მისი მორალური სახე. ახლა იასკოს ისტორიაც დაემატა და არ მგონია ეს დადებითი კუთხით აღიქმებოდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ეს ვერც ოპოზიციაზე იმოქმედებს დადებითად. რომ გავაკეთოთ დაშვება, რომ სააკაშვილი ერთიანი ოპოზიციის ლიდერი გახდა, “ქართულ ოცნებას” ეძლევა შესანიშნავი საშუალება, რათა საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ ხელისუფლებაში ბრუნდება ისევ “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი, რომელსაც არ მოუნანია თავიანთი მმართველობის დროს ჩადენილი შეცდომები. ეს გეგმა არ გაამართლებს კიდევ იმიტომ, რომ ვერ გაიგო ხალხმა საბოლოოდ რა უნდა სააკაშვილს. რამდენიმე დღის წინ განაცხადა - უკრაინელი ვარ და უკრაინულ პოლიტიკაში ვარ ჩართულიო. მე მგონი მას კონკრეტულად არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში აპირებს დაბრუნებას. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სურვილები, რომ ის დაბრუნდეს პოლიტიკაში”, - განმარტავს ზაალ ანჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს, საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე გაიზრდება”

“ვფიქრობ, ევროკავშირი საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს. თუმცა ჩვენი პარტნიორების განცხადებები თანდათან სერიოზულ სახეს იღებს. პრემიერის გამოსვლა ბრატისლავაში შოკისმომგვრელი იყო, ფაქტობრივად, ერთი-ერთში იმეორებდა რუსულ­ ნარატივს. მოლდოვაში შედარებით “რბილი” გამოსვლა ჰქონდა. ამას დაემატა პრეზიდენტის მშვენიერი გამოსვლა ბრიუსელში - ანუ ჯერ რაღაც ჩარჩო არსებობს, სადაც მეტ-ნაკლებად ჯდება “ქართული ოცნება”. ოღონდ არ ვიცით, ხვალ რას იზამენ. ვფიქრობ, დასავლეთი უკვე სერიოზულად ფიქრობს ქართულ პრობლემატიკაზე და არ არის დამოკიდებული ცალკეულ ინფორმაციაზე. ამიტომ უფრო ღრმად დაიწყებენ პროცესში ჩახედვას, მხოლოდ ხელისუფლება ხომ არ არის, საზოგადოების განწყობებიც ყურადსაღებია. ამიტომაც მგონია, გადაწყვეტილებას ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებე”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ სტატუსი არ მოგვანიჭეს, საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე გაიზრდება”.

“ევროკავშირის 12 პუნქტზე ხელისუფლება კი ამბობს, შესრულებულიაო, მაგრამ ფაქტია, თითოეულის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ისეთი არ არის, რაც გვაფიქრებინებს, რომ რეკომენდაციები მართლა შესრულდა. ანტიკორუფციული ბიურო კი შექმნეს, მაგრამ არ არის ისეთი, რომ შედეგი მოგვცეს. ყველა პუნქტი ფორმალურად შესრულებულია, მაგრამ არ პასუხობს იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს და რაც მთავარია, ქვეყანას სჭირდება. მგონი, დასავლეთი ხვდება, რომ ჯობს, გადადგას პოლიტიკური ნაბიჯი და მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ დათქმები რეალურად შესრულებულია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აკეთებს ხელისუფლება ამას, უპირველესად, ალბათ, იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მეორე კი, ალბათ, იმიტომ, რომ რეალურად რუსეთის თამაშს თამაშობს, რადგან მისი ეშინია. დასავლეთი თუ სანქციებს დაუწესებს, ცუდია, მაგრამ გაუძლებენ. რუსეთის კი ეშინიათ. ალბათ, არის რუსეთისგან პერსონალური მუქარები და ამიტომაც ურჩევნიათ, თავი ცოცხალი შეინახონ, ვიდრე ქმედითი ნაბიჯები გადადგან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სტატუსის მონიჭება დათქმებით არაფერს ნიშნავს ხელისუფლებისთვის, რადგან ამით “ოცნება” პოლიტიკურ კაპიტალს ვერ მიიღებს. ამიტომაც პირობები უნდა იყოს მკაფიო და მკვეთრად ჩამოწერილი. უნდა იყოს ხაზგასმა იმაზე, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს სტატუსს. ეს, ჩემი აზრით, იქნება დასავლეთის ის პოლიტიკური სვლა, რომელიც არასტაბილურობას თავიდან აგვაცილებს და არჩევნებამდე მიგვიყვანს. არჩევნები უკვე სხვა საქმეა. თუ სტატუსს არ მოგვანიჭებენ, ოპოზიცია შეეცდება ეს გამოიყენოს საპროტესტო მუხტის ასაგორებლად. მუხტი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ოპოზიცია არ არის მზად ამ პროტესტის რეალიზებისთვის. ამიტომაც სტატუსს თუ არ მოგვცემენ, შესაძლოა ეს გახდეს დეტონატორი, რომ ოპოზიციისა და ელექტორატის ნაწილმაც დაიწყოს აქციები, რამაც შესაძლოა სულაც არ მიგვიყვანოს ხელისუფლების ცვლილებამდე... ოპოზიციაც არ არის ერთიანი, იქაც ბევრი გაუგებრობაა. ამიტომ, თუკი სტატუსს მოგვანიჭებენ დათქმებით, ამას ხელისუფლება პოლიტიკური ქულებისთვის ვერ გამოიყენებს, ვერც ოპოზიცია გამოიყენებს საპროტესტო ტალღის ასაგორებლად. სამაგიეროდ, გახდება მოტივატორი, ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადოს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“თუ საქართველომ დეკემბერში სტატუსი ვერ მიიღო, ქვეყანაში დაიწყება საპროტესტო აქციები. პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება და რუსული სპეცსამსახურები მღვრიე წყალში თევზის ჭერას დაიწყებენ. მოსკოვში შეიძლება ჩათვალონ, რომ დასავლეთმა საქართველო მიატოვა და რუსული ცოფიანი დათვი, სავარაუდოდ, გადამწყვეტ შეტევაზე გადმოვა... მეორე მხრივ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის აქციები შედეგს მოიტანს. დღეს გვაქვს ასეთი ელექტორალური განწყობა - მხარს უჭერენ “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას”. არსებობს 1/3, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. ამიტომ ოპოზიციურ ელექტორატზე ლაპარაკისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ამომრჩევლის 2/3-ია, მაგრამ აქედან ნახევარზე მეტი ოპოზიციურია “ნაცმოძრაობის” მიმართაც. შესაბამისად, ოპოზიცია ამ ელექტორატს ვერ გააერთიანებს - ევროინტეგრაციის საკითხზე კი იქნება ერთიანი, მაგრამ შიდა საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რომლითაც მერე ვინ როგორ ისარგებლებს და პირველ რიგში რუსეთი, ადვილი მისახვედრია”, - დაასკვნის ანალიტიკოს და შეკითვაზე - “რა რისკია, რომ ეს ყველაფერი რუსეთმა გამოიყენოს?”- პასუხობს:

“მთავარი რისკი სწორედ ის არის, რომ გამოიყენებს. რუსეთი უკრაინაში ომს რომ იწყებდა, სწორედ ეს გათვალა, ევროპა რუსულ ენერგეტიკაზე იმდენად არის დამოკიდებული, უკრაინას გვერდით არ დაუდგებაო. რუსეთმა ენერგორესურსები პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ საქართველო აზერბაიჯანთან ერთად დარჩა იმ ღერძად, სადაც ევროპას აზიიდან ენერგორესურსების მიღება შეუძლია. შესაბამისად, რუსეთს ამ ტრანზიტული ხაზის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმის და შესაძლოა მისი გადაკეტვა სცადოს. ამისთვის კი შეეცდება ქვეყანაში შექმნას არასტაბილური გარემო. იმედია, ეს საფრთხე ესმის როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ევროპას... დასავლეთი დღეს უფრო არის დაინტერესებული კავკასიის რეგიონით, ვიდრე იყო თუნდაც ომის დაწყებამდე უკრაინაში და არ გამიკვირდება, რომ ეს ხაზი ძალიან მალე შუა აზიისკენაც გაგრძელდეს. დასავლეთი დღეს კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში გაცილებით ყურადღებით აკვირდება პროცესებს, ისმენს არა მარტო ხელისუფლების განცხადებებს, არამედ იკვლევს საზოგადოების განწყობებსაც. აქედან გამომდინარე, მაქვს იმედი, რომ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს მაშინაც კი, თუ ვალდებულებები ისე არ იქნება შესრულებული, როგორც საჭიროა, და მოგვანიჭებს განსაზღვრული დათქმებით”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა