ნინო ლაცაბიძე - ჩვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, პროცესში ჩართულია სემეკიც

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ხრამის სათავე ნაგებობაზე განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანია ”რუსთავის წყალმა” ქალაქის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში, მდინარე ხრამის ნაპირდაცვისთვის, მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად, მდინარე ხრამის სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე, მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ.
,,ჩვენ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, პროცესში ჩართულია სემეკიც.კომპანია ,,რუსთავის წყალს“ დღეს ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ესპანური კომპანია მართავს, რომელსაც წყლის მენეჯმენტში საუკეთესო კომპანიად ითვლება მსოფლიოში. ეს კიდევ დამატებით საფუძველს გვიქმნის იმის სათქმელად, რომ რუსთავისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც ჩვენი მოთხოვნით დღეს ხორციელდება, რუსთავის წყალმომარაგებას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუდმივ მონიტორინგს და სისტემატურად მივაწვდით მოსახლეობას ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარე პროექტი არა მხოლოდ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის გამოცვლას და მოწესრიგებას, არამედ სათავე ნაგებობის მოწესრიგებასაც ისახავს მიზნად.
,,მარეგულირებელი კომისიის დავალების საფუძველზე ,,რუსთავის წყალი“ ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის გამოცვლას და მოწესრიგებას, არამედ სათავე ნაგებობის მოწესრიგებასაც. ჩვენ დღეს ვიმყოფებით სათავე ნაგებობაზე, სადაც ვახორციელებთ შესრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოების მონიტორინგს“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
,,რუსთავის წყალს” დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანია Aqualia მართავს, რომელიც 2022 წელს, მსოფლიოში წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. მდინარე ხრამის ნაპირდაცვით სამუშაოებზე კომპანიამ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია ,,რუსთავის წყლის“ ტექნიკური დირექტორის ზურაბ ალფაიძის განცხადებით, მდინარე ხრამთან არსებული შახტურ ჭები და ჭაბურღილები ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების მთავარ რეზერვუარებს წარმოადგენს. იმისთვის, რომ ქალაქის წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნას, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული რეზერვუარები დაცული იყოს მოსალოდნელი წყალდიდობებისგან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომპანია ,,რუსთავის წყლის“ ტექნიკური დირექტორის, ზურაბ ალფაიძის თქმით, მიმდინარე პროექტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ,,რუსთავის წყლის” მიერ 2023 წელს დაგეგმილ სამუშაოებს შორის, რომელთა დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
,,1000 მეტრზე მეტი სიგრძის გაბიონი, რომელიც კომპანია ,,რუსთავის წყალმა" მოაწყო მდინარე ხრამის ნაპირდაცვისთვის, მე-6 და მე-7 შახტური ჭებსა და მე-6, მე-7 და მე-8 ჭაბურღილებს დაიცავს მოსალოდნელი წყალმოვარდნებისგან. ხრამის სათავე ნაგებობაზე, ასევე მიმდინარეობს შახტური ჭების რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ 2023 წელს დაგეგმილ სამუშაოებს შორის, რომელთა დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის წყალმომარაგება და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა ზურაბ ალფაიძემ.
GGU ჯგუფის გენერალური დირექტორის ხოსე მიგელ სანტოსის განცხადებით, ახალი მენეჯმენტის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი რუსთავის წყალმომარაგების სისტემა და ადგილზე არსებული პრობლემები.
,,სწორედ სისტემის სრულფასოვანი კვლევა დაედო საფუძვლად რუსთავის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის გეგმას. სისტემის მასშტაბურობა და სამუშაოების სირთულე, საკმაოდ დიდ დროს და სრულ მობილიზებას მოითხოვს, თუმცა ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემები. ჩვენ ვიცით, როგორ ვაკონტროლოთ პროცესი და ამას ქალაქის ხელმძღვანელობასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაკეთებთ. კომპანია ,,აქუალია“ 2023 წლის ბოლომდე რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს“, - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

























