საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე წელს 5 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება.
„2023 წელს დაიწყება შემდეგი ბაღების მშენებლობა: ქალაქი ამბროლაური-200 ბავშვზე გათვლილი; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი სადმელი-50 ბავშვზე გათვლილი; ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ტვიში-30 ბავშვზე გათვლილი; ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეში-20 ბავშვზე გათვლილი; ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში -50 ბავშვზე გათვლილი.
ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის გარდა, 2023 წელს აგრეთვე დაგეგმილია: ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია.
აქვე გაცნობებთ, რომ რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საბავშვო ბაღს: ქალაქ ონის საბავშვო ბაღი, ლენტეხის სოფელ საყდარის საბავშვო ბაღი, ცაგერის სოფელ ორბელის საბავშვო ბაღი საერთო ღირებულებით- 937 098 ლარი.
2022 წელს დაიწყო 2 საბავშვო ბაღის მშენებლობა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩსა და ქულბაქში, რომლის დასრულებაც დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს და საერთო ღირებულება შეადგენს- 1 225 841 ლარს.
საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.