ეს განცხადება და შეფასება მხოლოდ დაშვების დონეზეა გაკეთებული და არ უნდა გავიგოთ როგორც კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით გაკეთებული შეფასება, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე 2 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულთა შესახებ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას.
სარჯველაძის თქმით, თუ ყურადღებას მივაქცევთ პრესსპიკერთან დასმულ კითხვას, მაშინ გასაგები გახდება, რომ მისი პასუხი არ იყო აქციაზე განვითარებული მოვლენების პირდაპირი შეფასება. მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ პრესსპიკერი ინფორმირებული იყო დეტალებზე.
"ზოგადი კონსტიტუციური მიდგომის თანახმად და ამ საკითხს მთელი ცივილიზებული სამყარო ასე ხედავს, რომ გამოხატვის თავისუფლებასაც აქვს ფარგლები, როცა ეს ზღვარი გადაილახება-ხოლმე, ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, ეს არის საკამათო საკითხი და მე არ მგონია, რომ იმ პასუხში, რომელზეც საუბრობთ, ეს საკითხები შეფასებული იყო ან თუნდაც ინფორმირებული იყო ადამიანი, რომელიც კომენტარს აკეთებდა ამ დეტალებთან დაკავშირებით. მან თქვა დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, რომ აკვირდება ამ მოვლენებს და მოგეხსენებათ კითხვა როგორ იყო დასმული,"- განახადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება საკითხს, რომ აქციაზე ადამიანები თეთრი ფურცლების გამოც დააკავეს, სარჯველაძე აცხადებს, რომ "არ შეიძლება კონცენტრირებული ვიყოთ რომელიმე კონკრეტულ ფაქტზე და მხედველობაში არ მივიღოთ იქვე მიმდინარე პროცესების მთლიანი შინაარსი და მასშტაბი".
სხვათა შორის, საკითხის ასე სრულფასოვნად განხილვის საჭიროებაზე სტრასბურგის იურისპრუდენციაც მოგვითხრობს ბევრს. ასე რომ, თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას როგორი იყო მთლიანი კონტექსტი, ასეთი კითხვის დასმის შესაძლებლობა უბრალოდ აღარ გექნებათ, რომ ვითარება ისე წარმოაჩინოთ, თითქოს ერთი სუფთა ფურცლის გამო ვინმე დააკავეს და დააპატიმრეს, სხვა არაფერი გინახავთ იმ აქციაზე?"- განაცხადა სარჯველაძემ.
აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა 2 ივნისის აქციაზე მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკური ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს რომ შეუერთდეს.
"ყურადღებით ვაკვირდებით 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დაკავებულთა საქმეებს"- აღნიშნა ვედანტ პატელმა.