ბათუმის საქალაქო სასამართლოში რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელის თეიმურაზ ვარშანიძის სასამართლო პროცესი დღეს 16:30 წუთზე გაიმართება.
როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, თეიმურაზ ვარშანიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატი სასამართლოს თეიმურაზ ვარშანიძის გათავისუფლებას მოითხოვს.
გამოძიება ბრალდებულ თეიმურაზ ვარშანიძე „სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე და 151-ე მუხლებით ედავება, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რესტორან „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს.
მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.