შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ლოკაციაზე მორიგეობენ და მომლოცველების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ლომისის მთის ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობით და ტექნიკით მობილიზებულია 110 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, საჭიროების შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.