ბათუმში „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელის დეა ერემაშვილის განცხადებით, სმენადაქვეითებულ გოგონებთან დაკავშირებით გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიებას ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა. მისი თქმით, საქმეში საგამოძიებო ორგანოს ყველა სამსახურია ჩართული. დეა ერემაშვილის თქმით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არის თუ არა მისთვის უცნობია.
„გამოძიებას სრული ინფორმაცია მივაწოდე სავარაუდო დანაშაულის შესახებ. ამ საქმეში არაერთი სამართალდამცავი ინსტანცია ჩაერთო. საქმეში, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, მოწმის სახით ვარ. გამოძიებას ინფორმაცია მივაწოდე, შემდეგ გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა დეა ერემაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, სმენადაქვეითებულ პირთა თემში არასრულწლოვან გოგონებზე სავარაუდოდ, სექსუალური შევიწროება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ხდებოდა. ამის შესახებ „შშმ ქალთა ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა დეა ერემაშვილმა ბრიფინგზე გუშინ განაცხადა. დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, ხოლო საუბარია 8- დან 18 წლამდე გოგონებზე.