ისრაელის ელჩი ქუთაისის მერს და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

ისრაელის ელჩი ქუთაისის მერს და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ისრაელის ელჩს საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდნენ.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ებრაელი დიპლომატი ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან მანამდე შეხვედრები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართა, სადაც ისრაელის საინვესტიციო ფონდისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ისრაელის ქალაქ იოკნეამისა და ქუთაისის დაძმობილების შესახებ მუშაობა მიმდინარეობს.

„დღეს ისრაელის ელჩს ჰადას ესტერ მეიცარს შევხვდით. ქალბატონ ელჩთან იმ მჭიდრო მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, რაც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ტრადიციულად არსებობს. ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გასამყარებლად, ქუთაისისა და ისრაელის ქალაქ იოკნეამის დამეგობრების თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ელჩი ქუთაისში, ივლისის თვეში დაგეგმილ უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ჩემპიონატის თამაშებს დაესწრება, სადაც ისრაელის გუნდი სამი თამაშს გამართავს. ჩემპიონატის მსვლელობისას საშუალება გვექნება, ისრაელიდან ჩამოსულ სპორტსმენებს ქუთაისი უფრო კარგად გავაცნოთ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მისასალმებელია, რომ ისრაელის ახალი ელჩი იმერეთის და ისრაელის მომავალ თანამშრომლობაში ჩართულია.

„იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს ისრაელში დამეგობრებული ქალაქები ჰყავს. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ისრაელის ახალი ელჩი ჩართულია ზოგადად იმერეთის და ისრაელის მომავალ თანამშრომლობაში. იმედი მაქვს, ერთად ძალიან საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ. დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ისრაელის სხვადასხვა საგანმანათლებლო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა იწყება, რაც ვფიქრობ დადებითად აისახება, როგორც უნივერსიტეტზე ისე ჩვენს ქალაქზე“, - გააცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისის მერიის ცნობითვე, შეხვედრაზე ასევე ყურადღება რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალსა და ბიზნეს გარემოზე გამახვილდა.