მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!

ინტერვიუ „უკრაინის არმიის, კონსერვაციის და განიარაღების ანალიზის ცენტრის“ ხელმძღვანელ მიხაილო სამუსთან.

ხათუნა ლაგაზიძე:

ბატონო მიხაილო, რა მოიგო რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ ბარბაროსული აქტის ჩადენით: კახოვკის ჰესის აფეთქებით და რამდენით გადაავადა უკრაინის კონტრშეტევა?

რუსეთს უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში ისტერიული კამპანია აქვს გაშლილი და რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის აფეთქება ჯდება რუსულ ლოგიკაში, რომ არ დაუშვას უკრაინის კონტრშეტევა დნიპროს მიმართულებით ხერსონის ოლქიდან. რუსეთი, რომელიც ახლა უარყოფს კაშხლის აფეთქებას, თავად აცხადება გასული წლის ოქტომბერში, როცა უკრაინული ჯარი აცხადებდა ხერსონის გათავისუფლების ოპერაციას, რომ მათ დანაღმეს კახოვკის ჰესი. რუსეთი აცხადებდა, რომ უკრაინის ჯარის შემდგომი წინსვლის შემთხვევაში, ის ააფეთქებდა კაშხალს, რადგან მათ არ უნდოდათ უკრაინული ჯარისთვის მიეცათ დნიპროზე გადასვლის საშუალება. ამ კატასტროფამ შეიძლება შეცვალოს უკრაინული ჯარის გეგმები გარკვეულწილად, რაც ეხება ხერსონის ოლქს, თუმცა, მე არ მგონია, რომ მთავარი დარტყმები იგეგმებოდა ამ ნაწილში. დნიპროს ფორსირება ძალიან რთული სამხედრო ამოცანაა, ამიტომ ეს მიმართულება შეიძლება ყოფილიყო დამატებითი, დამხმარე ოპერაციები. ძირითადი დარტყმები, ვვარაუდობ, რომ იქნება ზაპოროჟიეს და ლუჰანსკის მიმართულებით, ასევე, რუსეთის ტერიტორიაზე, რათა შემცირდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის საშუალება, ამიტომ ეს კატასტროფა, თავისი მასშტაბების მიუხედავად, უკრაინის კონტრშეტევის გეგმებს არსებითად ვერ შეცვლის.

მერაბ მეტრეველი:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქებით დამანგრეველი ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია უკრაინაში, „რომელმაც საარტილერიო დარტყმები განახორციელა ჰესზე“. საბოლოო ჯამში, რა გაირკვა, კაშხალი დანაღმული იყო თუ აფეთქების შედეგად დაინგრა, რა შეგვიძლია დღეს ვთქვათ?

როგორც გითხარით, ეს კაშხალი დანაღმული იყო 2022 წლის ოქტომბრიდან და რუსეთი იქიდან მოყოლებული იმუქრებოდა მისი აფეთქებით უკრაინული ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში.

ხათუნა ლაგაზიძე:

რა შეიძლება იყოს რუსეთის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს შემდეგი ნაბიჯი: როგორც დღეს უკრაინულ საინფორმაციო წყაროებში ვკითხულობთ, რუსეთს დანაღმული აქვს როგორც ყირიმის, ასევე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისადგომები. ხომ არ იყო კახოვკის ჰესის აფეთქება რუსეთის მხრიდან დასავლეთისთვის იმის ჩვენება, რომ ის არაფერზე დაიხევს უკან?

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით დასავლეთის შენელებული რეაქცია პრობლემაა. რუსეთმა უკვე 2022 წლის თებერვლიდან მოახდინა ატომური სადგურის ოკუპაცია, რაც უნიკალური სიტუაციაა და მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატურ რეაქციას. უკრაინა ითხოვს ამ რეაქციას გაეროსგან, ითხოვს, რომ შემოიღონ სანქციები „როსატომის“ წინააღმდეგ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სანქციები აქამდე არ არის შემოღებული, რადგან „როსატომს“ აქვს კონტრაქტი ათობით მილიარდ ევროსა და დოლარზე, მათ შორის ჩვენს პარტნიორ აშშ-სთან, საფრანგეთთან, უნგრეთთან და თურქეთთან და ეს არ აძლევს „მაგატეს“ საშუალებას, დააწესოს სანქციები „როსატომის“ წინააღმდეგ, რომელმაც ფაქტობრივად, მოახდინა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ოკუპაცია და ამით საფრთხის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ფულს ისევ აქვს უპირატესობა ჭკუაზე, ნებისმიერ ლოგიკაზე, პროცესზე, რითიც სარგებლობს რუსეთი და აშანტაჟებს უკრაინას და მსოფლიოს ბირთვული საფრთხით და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით და მერე დააბრალებდნენ უკრაინას. არადა, „როსატომი“, თუკი საფრთხე შეექმნებოდა ათობით მილიარდს, შეწყვეტდა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ოკუპაციას. რა თქმა უნდა, დამნაშავე რუსეთია, მაგრამ სიტუაციას ართულებს საერთაშორისო საზოგადოების ამგვარი პოზიციაც.

რაც შეეხება, რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს, ახლა რუსეთის სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება კიევის ჰესის კაშხლის აფეთქება. კიევში ახლა იმყოფება 4 მილიონზე მეტი ადამიანი. შესაბამისად, ეს იქნება მსოფლიო დონის კატასტროფა და რუსები აქტიურად განიხილავენ კიევის კაშხლის აფეთქების სცენარს, რათა ამ გზით გაიმარჯვონ უკრაინაზე. მაგრამ რუსებმა ხომ ვერ მოასწრეს კიევის, ასევე, მისი ჰესის დანაღმვა, ამიტომ არის მხოლოდ სარაკეტო დარტყმის საშიშროება, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენს გვაქვს სუპერ-თანამედროვე, ძალზედ ეფექტური ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, რომელიც დღე-ღამეში აგდებს რუსეთის მიერ გაშვებულ 30-35 რაკეტას. რეალურად, რასაც გააკეთებს რუსეთი, იქნება ის, რომ ის გაანადგურებს, უდაბნოდ აქცევს იმ უკრაინულ ტერიტორიებს, რომლის დატოვებაც მას მოუწევს უკრაინის ჯარის მიერ გათავისუფლების შემდეგ. ის გაანადგურებს ინფრასტრუქტურას, ხიდებს, სახლებს, რადგან რუსეთი ასე მოქმედებს ყველგან: ნახეთ, რა დატოვა მან კიევის ოლქში, ხარკოვის და ხერსონის ოლქებში, შეხედეთ ბახმუტს, რუსეთი ყველგან დატოვებს ტერორისტი ქვეყნის კვალს.

მერაბ მეტრეველი:

თქვენ ახსენეთ, რომ დასავლეთი არ აკეთებს საკმარისს, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ უკრაინას უფრო ეფექტურად დაეხმაროს?

ხათუნა ლაგაზიძე: აქვე მეც ჩაგეკითხებით - ის სამხედრო დახმარება, რაც უკვე აღმოუჩინა დასავლეთმა, საკმარისია თუ არა ეფექტური კონტრშეტევისთვის?

სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინა აბსოლუტურად უზრუნველყოფილია ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით. რამშტაინის ფორმატში უკრაინას გადასცეს ასობით ტანკი, 1500 ჯავშანმანქანა, ძალიან ბევრი საარტილერიო სისტემა, 300 კილომეტრის რადიუსის ზუსტი დამიზნების რაკეტები. რაც ვერ მოვასწარით სამწუხაროდ, ეს არის F-16-ები, რომლებიც, ალბათ, მოგვეწოდება ამ წლის ბოლოს, ზაფხული-შემოდგომის კამპანიის შემდეგ, მაგრამ ამ მომენტისთვის უკრაინის სარდლობა აცხადებს, რომ ჩვენ გვაქვს მასშტაბური შეტევისთვის საჭირო იარაღის სრული კომპლექტი.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება კიდევ გააკეთოს დასავლეთმა, ჩვენ ბოლომდე არ ვაფასებთ სანქციის ფაქტორს. სამწუხაროდ, რუსეთი ძალიან ბევრ ფულს გამოიმუშავებს, ეს არის ათობით მილიარდი დოლარი ყოველთვიურად ბუნებრივი აირით, ატომური ენერგეტიკით, ვაჭრობით. უკრაინა ახლა ძალიან აქტიურად მუშაობს აშშ-სთან, ევროკავშირთან, რათა სანქციებმა მიაღწიოს იმ დონეს, რომ რუსეთმა ვეღარ გამოიმუშაოს ამდენი ფული. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ, მაგრამ თუ რუსეთი ისევ მილიარდებს იშოვის, ის ისევ გამოუშვებს ახალ რაკეტებს, ტანკებს, არტილერიას, შეისყიდოს ირანისგან დამრტყმელი დრონები-შაჰიდები, შავი სქემების მეშვეობით სხვა ქვეყნებისგან მიიღოს მიკროსქემები, კომპონენტები, რომლებიც საჭიროა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სამხედრო კომპონენტზე, მაგრამ გვავიწყდება სანქციები და ეკონომიკა, რომელიც არის 50% სამხედრო ოპერაციის. თუ რუსეთს არ გადაეკეტა შემოსავლის წყაროები, უკრაინის გამარჯვება ძალიან რთული იქნება, ძალიან ძვირი ფასი დაჯდება. ამიტომ რუსეთი უნდა დარჩეს ამ ფულის გარეშე.

მერაბ მეტრეველი: თქვენ ახსენეთ, რომ F-16-ებს ველოდებით წლის ბოლოს ანუ თქვენი ვარაუდით, ომი მინიმუმ რამდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს. როგორ ფიქრობთ, რამდენს ხანს გასტანს ომი?

ხათუნა ლაგაზიძე: კახოვკის ტრაგედიამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უოლესი ვარაუდობდა, რომ უკრაინა უკვე 2023 წლის ბოლოსთვის შეძლებდა ყირიმის გაკონტროლებას, როგორც ამას ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი. თქვენც წინა კითხვის პასუხისას ახსენეთ, ომის მომავალი ზაფხული-შემოდგომის ფაზა. ანუ თქვენ ვარაუდობთ, რომ ეს მომავალი კონტრშეტევა საკმარისი არ იქნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღსადგენად?

სცენარი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ჩვენ რა თქმა უნდა, გვინდა, რომ სწრაფად დავასრულოთ ეს ომი, მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება გავათავისუფლოთ უკრაინის ტერიტორიები, მაგრამ ომი ამით არ დამთავრდება, პუტინის რეჟიმი იარსებებს და თუკი ის იშოვის ფულს და გამოუშვებს რაკეტებს, მათ ამ რაკეტებით შეეძლებათ უკრაინას დარტყმა მიაყენოს, შეიძლება განახორციელოს დარტყმები შავ ზღვაში ფლოტის წინააღმდეგ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ზაფხული-შემოდგომის პერიოდი ჩვენი წინსვლისთვის, მაგრამ კონკრეტული ამოცანები დამოკიდებულია უკრაინის სარდლობაზე. სხვადასხვა ვარიანტია, მაგალითად, შეიძლება უკრაინის ჯარმა გაათავისუფლოს დონბასი და უკრაინის სამხრეთი და დაბლოკოს ყირიმი და ყირიმის გათავისუფლება განხორციელდეს მაშინ, როცა ჩვენ გვექნება F-16-ები შორი დამიზნების რაკეტებით და ჩვენ გვექნება უპირატესობა ჰაერში და მერე, მომავალ წელს განვახორციელებთ კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებს ბლოკირებული ყირიმის გასათავისუფლებლად, იმიტომ, რომ უახლოეს მომავალში იქნება დანგრეული ყირიმის ხიდი და გაწყდება ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზა და ყირიმის ბლოკადა იქნება ყირიმის გათავისუფლების ოპერაციის მოსამზადებელი ეტაპი. შეიძლება იყოს სხვა ვარიანტიც, როცა უკრაინის სარდლობა გადაიტანს ძირითად აქცენტს ყირიმის და სამხრეთის გათავისუფლებაზე ანუ გათავისუფლდება ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქები და დაიწყება ყირიმის გათავისუფლების ოპერაცია, ხოლო დონბასი დარჩება ნაწილობრივ ოკუპირებული, რადგან დონბასი არის ძალიან რთული სამხედრო ოპერაციის განხორციელების თვალსაზრისით, ეს არის აგლომერაცია, რომლის გათავისუფლება ძალიან რთულია. ჩვენ ვხედავთ რამდენი თვის განმავლობაში ცდილობდნენ რუსები დონბასის ოკუპაციას და ეს იყო მხოლოდ ერთი ქალაქი დონბასზე, სადაც ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ რუსებს და ამას პრიგოჟინიც აღიარებს - 20 ათსზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა რუსეთმა და 10 ათასზე მეტი დაჭრილი მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით შეტევისას. დონბასი არის ძალიან რთული სივრცე ოპერაციის ჩატარებისთვის და განსაკუთრებით სწრაფი გათავისუფლების კუთხით. მე ვთვლი, რომ მომავალ წელს, როცა გვექნება F-16-ები და ყველა საჭირო ზეთანამედროვე შეიარაღება, დასრულდება ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციები. რაც შეეხება, ომის დასრულებას რუსეთთან, ეს დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვებებზე, არამედ საერთაშორისო საზოგადოების პოზიციებზეც. გარდა სამხედრო მარცხისა, რუსეთს უნდა მივაყენოთ ეკონომიკური ზიანიც. მხოლოდ ამის შემდეგ დასუსტდება პუტინის რეჟიმი და როგორც შედეგი, შეიცვლება ის, რის შემდეგაც შესაძლებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა რუსეთის კაპიტულაციის გასაფორმებლად ან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და თანხები იქნება კოსმიური და რა თქმა უნდა, სამხედრო დამნაშავეების დასჯა, პუტინიდან დაწყებული.

ხათუნა ლაგაზიძე: რას ელოდება უკრაინა ვილნიუსის ნატოს სამიტისგან? რა კონკრეტული მოლოდინი გაქვთ?

უკრაინაში კარგად გვესმის, რომ სანამ ჩვენ გვაქვს აქტიური ომის ფაზა რუსეთთან, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ნატოს წევრები, რადგან ნატოს ბევრ წევრს არ სურს პირდაპირი კონფლიქტი რუსეთთან. ომის პირობებში უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ კი, შეიძლება მაშინვე მოახდინოს ნატოს წესდების მე-5 მუხლის აქტივიზაცია. უკრაინას ეს ესმის და მაქსიმუმი, რაც შეიძლება უკრაინამ მიიღოს, ეს არის მკაფიო ფორმულირება ვილნიუსის სამიტის ფინალურ დეკლარაციაში, რომ ნატოს წევრები აძლევენ უკრაინას გაწევრიანებს სამოქმედო გეგმას და განისაზღვროს უკრაინის ნატოში შესვლის მექანიზმები ამ ომის დასრულების შემდეგ. ეს მოგვცემდა ძლიერ იმპულსს უკრაინის შიგნით და უნდა შემუშავდეს რამშტაინის ფორმატში და ასევე, კიევის უსაფრთხოების კომპაქტი, რომელიც წარმოადგინა პრეზიდენტმა და რომელიც არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანებამდე.

ხათუნა ლაგაზიძე

მერაბ მეტრეველი

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი