ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ნორჩ ნატურალისტთა კლუბის“ წევრებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური დახმარებით, მოსწავლეები ქალაქ ვარშავაში საერთაშორისო სამეცნიერო პიკნიკზე იმყოფებოდნენ.
„ნორჩ ნატურალისტთა კლუბის“ წევრებს კონკურსში გამარჯვება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიულოცეს.
მოსწავლეებმა დავით შერაზადიშვილსა და გოგი მეშველიანს პოლონეთში, სამეცნიერო პიკნიკზე მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს. „ნორჩ ნატურალისტთა კლუბის“ წევრებმა სტუმრების მონაწილეობით ჩაატარეს სხვადასხვა ქიმიური ცდაც, რომლებიც ქალაქ ვარშავაში სამეცნიერო პიკნიკზე წარადგინეს.
„ბოლნისის N1 საჯარო სკოლის „ნორჩ ნატურალისტთა კლუბის“ წევრებმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური დახმარებით, ქალაქ ვარშავაში საერთაშორისო სამეცნიერო პიკნიკზე გაემგზავრნენ. ჩვენს საამაყო მოსწავლეებს, რომლებიც მეცნიერებით არიან დაინტერესებულნი, ვულოცავ ამ წარმატებას და მათ მომავალშიც არაერთ გამარჯვებას ვუსურვებ. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ახალგაზრდების გვერდითაა და ბოლნისელი მოსწავლეების პოლონეთში გამგზავრებაც ამის ნათელი დასტურია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.