აჭარის პოპულარიზაცია ევროპულ ქვეყნებში გრძელდება და ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში სპეციალური მიღება გაიმართა - „ერთი დღე საქართველოში - გაიცანი აჭარა“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაზე, ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით პრეზენტაცია ჩატარდა უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების, ტურ-ოპერატორების და ბლოგერებისთვის. მათ შორის ავიაკომპანია wizzair-ის, მედიაგამოცემების budapest time-ის, dailynews-ის, hungary-ის და წამყვანი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. უნგრეთში გამართული შეხვედრების მიზანი, ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება და ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვაა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უნგრეთი აჭარისთვის ახალი სამიზნე ტურისტული მიმართულებაა, სადაც წელს რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები გამოქვეყნდა უნგრულ მედიასაშუალებებში, რომლის ჟურნალისტებიც ბათუმს მედიატურის ფარგლებში სტუმრობდნენ.