თენგიზ ფხალაძე - ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი აცდენილია ეროვნულ ინტერესებსაც და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსაც

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლსა და საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ მხარეები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავდნენ.

შოლცისა და ღარიბაშვილის ოფისებმა ამ შეხვედრის შესახებ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია და რამდენიმე ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელეს. ოფიციალური ბერლინისა და თბილისი მიერ გავრცელებული განცხადებები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა, ინფორმაციული თვალსაზრისით გერმანული მხარის მიერ გავრცელებული ცნობა განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება.

ვიდრე გავრცელებულ განცხადებებზე უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ, საუბრის დაწყება მაინც იმის გარკვევით გვიწევს, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მხარეებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვეს უარი.

არადა, პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტს ბერლინში წინ უძღოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელსაც ჩვენი პრემიერი რატომღაც არ შეხვედრია.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე კითხვას ასე დავსვამდი - სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, როცა ორი ქვეყნის უმაღლესი პირების შეხვედრა იგეგმება და მხარეები წინასწარ ამბობენ უარს შეხვედრის შედეგებზე ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარებას?

- პრესასთან ურთიერთობის ფორმატი მრავალნაირია: პრეს-კონფერენცია, ბრიფინგი, განცხადება პრესისთვის, კითხვების გარეშე, ცალ-ცალკე განცხადებები, მაგალითისთვის შეგახსენებთ ბაიდენის და პუტინის ბოლო შეხვედრას)და შეხვედრა ყოველგვარი განცხადებების გარეშე.

ჩამოთვლითაგან ნებისმიერი ჩვეულებრივი პრაქტიკაა საერთაშორისო ურთიერთობებში და გამოიყენება საჭიროების მიხედვით. შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ კეთდება მაშინ, როდესაც მხარეებს არ სურთ რამის გახმაურება ან ზოგადად შეხვედრის დეტალებზე საჯაროდ საუბარი.

შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ კეთდება მაშინ, როდესაც მხარეებს არ სურთ რამის გახმაურება ან ზოგადად შეხვედრის დეტალებზე საჯაროდ საუბარი

თუმცა ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც არაფერი იმალება და სხვადასხვა წყაროებიდან მაინც ხდება ცნობილი საუბრის შინაარსი. ამიტომაც მთავარი სწორედ შინაარსია და არა შეხვედრის შემდგომ ან მის წინ გაკეთებული განცხადებები.

- უნდა დავუბრუნდეთ მხარეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადება იწყება ასე - შეხვედრის თემას წარმოადგენდა გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გლობალური შედეგები.

ამავე განცხადება ვკითხულობთ - კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მომავალი კვირების განმავლობაში ყველა ძალისხმევა მიმართოს ხსენებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად”.

განცხადების ეს ნაწილი აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ ბერლინში „ვარდისფერი სათვალეებით“ არ უყურებენ ხელისუფლების მტკიცებას, რომ იგი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ საქართველომ შეასრულოს ევროპული რეკომენდაციების 12-ვე პუნქტი.

თქვენ როგორ აღიქვით და შეაფასებდით ოფიციალური ბერლინის ოფიციალურ განცხადებაში მოხვედრილ ამ ჩანაწერს?

- ამიტომაც ვთქვი, რომ მთავარი შინაარსია. ვფიქრობ, გზავნილი ნათელია - გერმანია საქართველოს პარტნიორია, მას დიდი სურვილი აქვს დაეხმაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, მაგრამ ამისთვის თავად საქართველომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აღმოიფხვრას ის დაბრკოლებები, რომელიც ქვეყნის ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვას აფერხებს.

ამასთანავე ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწრაფად, უახლოეს კვირებში, რადგან მიმდინარეობს შეფასებითი ანგარიშის მზადება და მნიშვნელოვანია, რომ მასში საქართველოს პროგრესი აისახოს.

გზავნილი ნათელია - გერმანია საქართველოს პარტნიორია, მას დიდი სურვილი აქვს დაეხმაროს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში.... ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწრაფად, უახლოეს კვირებში, რადგან მიმდინარეობს შეფასებითი ანგარიშის მზადება და მნიშვნელოვანია, რომ მასში საქართველოს პროგრესი აისახოს

მოგვეცით საშუალება, რომ დაგეხმაროთ! - ეს არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორის პოზიციაა. პარტნიორები ჩვენს კარგსაც ამჩნევენ და ცუდსაც და ცდილობენ არ დაგვაშვებინონ საბედისწერო შეცდომა!

- ვითარებაში, როცა ჩვენი ხელისუფლების მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ზედმიწევნით ასრულებს ევროპული რეკომენდაციებს. არადა, ვინც ამ პროცესს აკვირდება, ამბობენ, რომ ეს ასე სულაც არაა.

მეტიც, ის პუნქტები, რომელსაც ხელისუფლება შესრულებულად თვლის, ისინიც მხოლოდ ნახევრად შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. ამის კარგი მაგალითია ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად მისი შეფი პრემიერს ექვემდებარება და არ აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებები. „შესრულებულ“ მუხლებზე საუბრის გაგრძელება კი შეიძლება, მაგრამ აღარ მოგაცდენთ.

რადგან ვიცით, რომ დაგეგმილია პრემიერის შეხვედრა თბილისში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ ერთად გამოხატეს უკმაყოფილება საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა.

შოლცი-ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ გაქვთ განცდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი, რომელიც აცხადებს, რომ სურს წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მართლაც გაითვალისწინებს გერმანიის კანცლერის რჩევას და რეალურად დაიწყებს ევროპული რეკომენდაციების შესრულებას?

- შეგვიძლია დაუსრულებლად ვიძახოთ, რომ ყველაფერი შესრულებული გვაქვს და საუკეთესონი ვართ, მაგრამ ამით საქმეს არ ეშველება და პრობლემები პრობლემებად დარჩება.

„ქართულმა ოცნებამ“ იმთავითვე ე.წ. „ტექნიკურ თემად“ აქცია 12 პუნქტი, ნაცვლად იმისა რომ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით წარემართა პროცესი. ამას დაემატა უპრეცედენტო ანტიდასავლური ინფორმაციული შტურმი, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

წარმოუდგენელია გინდოდეს ევროპული კლუბის წევრობა და თან კლუბის წევრებს აგინებდე, ცილს სწამებდე და შენი ზოგიერთი ნაბიჯი რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდიოდეს კლუბის პოლიტიკასთან და მის ღირებულებებთან.

წარმოუდგენელია გინდოდეს ევროპული კლუბის წევრობა და თან კლუბის წევრებს აგინებდე, ცილს სწამებდე და შენი ზოგიერთი ნაბიჯი რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდიოდეს კლუბის პოლიტიკასთან და მის ღირებულებებთან

დღეს ხელისუფლება თავის მართლებისთვის 2 ძირითად „არგუმენტს“ იყენებს: ა) არ გვაძლევენ სტატუსს, რადგან ომში არ ჩავერთეთ და ბ) არ გვაძლევენ სტატუსს, რადგან შეცდომაში არიან შეყვანილნი და ვერ ხედავენ იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს

მოდით ვნახოთ რამდენად აბსურდულია ორივე გზავნილი:

  1. თავად ხელისუფლება აღიარებს, რომ გაიზარდა ე.წ. „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ მნიშვნელობა, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთს აკავშირებს. ზოგადად ეს დერეფანი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერით არსებობს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი პროექტი რეგიონში TRASSECA იყო. დღესაც ევროკავშირი ფიქრობს დამატებით ინვესტიციებზე და ჩვენი ხელისუფლებაც თავს იწონებს იმ ახალი ინიციატივებით რაც დაკავშირებულია შავი ზღვის ფსკერზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ელექტროკაბელების გაყვანასთან.

აქედან გამომდინარე ისმის კითხვა: თუკი ევროკავშირი დაინტერესებულია ამ დერეფნით, თუკი ის ინვესტიციებს დებს ამ დერეფანში და მის განვითარებაზე ფიქრობს, მაშ როგორღა ითრევს საქართველოს ომში? როგორ შეიძლება ინვესტიციებს ახორციელებდე იქ, სადაც ხვალ ომის დაწყებას აპირებ? რატომ უნდა იწყებდე ომს იქ, საიდანაც შემოსავალს იღებ და დესტაბილიზაციის შემთხვევაში ამ შემოსავალს დაკარგავ?

  1. ახლა მეორე „არგუმენტს“ შევხედოთ - ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ ვერ ხედავენ და შეცდომაში არიან შეყვანილნი. ჯერ ერთი ამით ვამბობთ, რომ ევროკავშირი, თავის წარმომადგენლობებით, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო აპარატები, თურმე სრული დილეტანტებით ყოფილა დაკომპლექტებული, რომლებსაც თურმე წარმოდგენა არა აქვთ რა წყაროებით უნდა მიიღონ ინფორმაცია და მათ თურმე პატარა ბავშვებივით ატყუებენ.

ხელისუფლება ამბობს - ჩვენ კარგები ვართ, მაგრამ ევროკავშირში ვერ ხედავენ და შეცდომაში არიან შეყვანილნი. ჯერ ერთი ამით ვამბობთ, რომ ევროკავშირი, თავის წარმომადგენლობებით, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო აპარატები, თურმე სრული დილეტანტებით ყოფილა დაკომპლექტებული, რომლებსაც თურმე წარმოდგენა არა აქვთ რა წყაროებით უნდა მიიღონ ინფორმაცია და მათ თურმე პატარა ბავშვებივით ატყუებენ

იმავდროულად „ქართული ოცნება“ ამით ამბობს, რომ არამხოლოდ ევროკავშირი, არამედ თავად „ქართული ოცნება“ თავის მთავრობიან, პარლამენტიან და მთელი სახელმწიფო აპარატით ასევე დილეტანტებით ყოფილა დაკომპლექტებული, რადგან ვერც პარლამენტი, თავისი საპარლამენტო ჯგუფებით, დელეგაციებით, ვერც მთავრობა, თავის სამინისტროებით, სახელმწიფო აპარატით, მრავალმილიონიანი ბიუჯეტით ვერ ახერხებს პარტნიორისთვის ჯეროვნად ინფორმაციის მიწოდებას და თურმე მთელს საერთაშორისო ურთიერთობებს წარმართავს რამდენიმე ოპოზიციონერი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

თუკი ამ აბსურდით ვაპირებთ გაგრძელებას, ევროკავშირის 12 პუნქტი კი არა საერთოდ ყველაფერს დავკარგავთ!

- შოლცი-ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ ბერლინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ - "უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია”.

კარგია, რომ საქართველოს ატლანტიკურ პერსპექტივაზე ბერლინსა და თბილისს შორის დიალოგი და კომუნიკაცია იქნება.

მალე ვილნიუსში ნატოს მორიგი სამიტი გაიმართება. ამის გათვალისწინებით, იყო მოლოდინი, რომ ვითარებაში, როცა ევროპა და ვაშინგტონი აქტიურად განიხილავენ უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ახალი დიდი ევროპის უსაფრთხოების ახალ სისტემებს, საქართველოს ნატოს პერსპექტივაზე მეტი ითქმებოდა.

ახლა როცა უკრაინის ომის ფონზე საქართველოსთვის ნატოს კარიც ფართოდაა ღიად, ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით თბილისი არ აქტიურობს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს. პრემიერი ღარიბაშვილი იმეორებს კრემლის ნარატივს, რომ რუსეთმა ომი უკრაინაში უკრაინის ნატოში გაწევრების სურვილის გამო დაიწყო.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, მაინც ვიტყვი - როცა ევროპა და მსოფლიო უსაფრთხოების ახალ სისტემაზე აქტიურად მსჯელობს, უსაფრთხოების საკითხებზე ბერლინსა და თბილისს შორის მხოლოდ დიალოგი, მეცოტავა. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბერლინის ამ განცხადების ნაწილმა?

- სამიტამდე მართლაც რამდენიმე კვირა რჩება და ჩვენი პოზიცია კვლავაც გაურკვეველია. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ფაქტობრივად აღარ საუბრობენ ნატოში ინტეგრაციაზე.

ჩვენ უარი ვთქვით ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე, ჩვენ არ ვჩანვართ იმ დისკუსიებში, სადაც ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაზე მსჯელობენ. ამ ვითარებაში ძნელია რაიმე მოლოდინზე საუბარი.

ჩვენ უარი ვთქვით ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე, ჩვენ არ ვჩანვართ იმ დისკუსიებში, სადაც ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაზე მსჯელობენ. ამ ვითარებაში ძნელია რაიმე მოლოდინზე საუბარი

წინა სამიტზე საქართველოს ხელისუფლებამ ფაქიურად უმტკივნეულოდ, ყოველგვარი პროტესტის გარეშე გაატარა ის უაღრესად სუსტი ჩანაწერი, რომელიც მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ვიხილეთ! ასეთი არაფრისმთქმელი ჩანაწერი საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში არ მახსოვს.

როგორც ჩანს, ამ სამიტზედაც საკმაოდ დაბალი თამასა გვაქვს და ამიტომ რაიმე მოლოდინზე საუბარი გადაჭარბებულად მეჩვენება!

- ვიცი, რომ გარკვეული დრო ევროპაში იყავით სხვადასხვა ფორუმებზე. თბილისში ჩამოსვლისას კი სოციალურ ქსელში თვალი მოვკარი თქვენს სტატუსს - „დილით დავბრუნდი. აეროპორტიდან მოყოლებული ვუყურებ და ვისმენ რას განიხილავენ და როგორ. ვაჰ, რა მაგრად ვართ აცდენილი რეალობას.»

ვითარებაში, როცა კოლექტიური დასავლეთი და რუსეთის შევიწროებას ცდილობს ეკონომიკურ ბაზრებსა და ფინანსების წვდომაზე, ვიცით, ამის პარალელურად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო ბრაიენმა დაასახელა ხუთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. სამწუხაროდ, ამ სიაში ერთ-ერთი საქართველოა.

არ ვიცი, „რეალობის აცდენილობაში“ ეს იგულისხმეთ თუ სხვა რამ, ამიტომ კითხვას ასე დავსვამდი - „რეალობას აცდენილი“ რაში ვართ? და სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- კი, ბევრგან მომიწია ყოფნამ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კიევი იყო და ის საოცარი შემართება, რაც ჩემი თვალით ვიხილე. შეუძლებელია ამ სულისკვეთების ხალხს რამე მოერიოს. ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ, ხოლო პუტინის რეჟიმს კი ნამდვილად ელის „ნიურნბერგი“.

რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ „აცდენას“, სამწუხაროდ ასეა. ჩვენ ჩავიკეტეთ საკუთარ ნაჭუჭში, რაღაცას ვარჩევთ, რაღაცაზე ვდავობთ და ვერც კი ვამჩნევთ რა პროცესები ხდება მსოფლიოში, ევროპაში ან თუნდაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში. ჩვენ მივყვებით დინებას და ვკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რასაც ეს დინება მოგვიტანს.

ჩვენ ჩავიკეტეთ საკუთარ ნაჭუჭში, რაღაცას ვარჩევთ, რაღაცაზე ვდავობთ და ვერც კი ვამჩნევთ რა პროცესები ხდება მსოფლიოში, ევროპაში ან თუნდაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში. ჩვენ მივყვებით დინებას და ვკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რასაც ეს დინება მოგვიტანს

მაგალითისთვის, თუნდაც „შუა დერეფნის“ თემა განვიხილოთ, რითაც ჩვენი ხელისუფლება ესოდენ თავს იწონებს. ინტერესის გაზრდა ობიექტური მოცემულობაა, რაც უკრაინის ომიდან გამომდინარე სანქციებმა მოიტანა და არა ჩვენი ხელისუფლების აქტიურობამ. საკითხავია, ჩვენ რამდენად მომზადებულნი შევხვდით ამ ხელსაყრელ მოცემულობას? არ მგონია თავმოსაწონი ბევრი გვქონდეს.

თავის დროზე რომ ანაკლიის პროექტი არ ჩაგვეგდო, ახლა საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი გაცილებით დიდი იქნებოდა. ევროპა-აზიის დერეფანზე ვსაუბრობთ და რიკოთზე მოძრაობა ვერ მოგვიწესრიგებია და ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტი ვერ აითვისა.

სამწუხაროდ, ასეთი შეცდომები ბევრი გვაქვს, მაგრამ ნაცვლად მათი გააზრებისა და რეალური პრობლემების მოგვარებისა, ჩვენ სულ სხვა რამეს ვახმართ ძალისხმევას. დავდევთ „კუდიანებს“ და „ქარის წისქვილებს“, ხოლო რეალურ საფრთხეს ვერ ვიმჩნევთ.

შეცდომები ბევრი გვაქვს, მაგრამ ნაცვლად მათი გააზრებისა და რეალური პრობლემების მოგვარებისა, ჩვენ სულ სხვა რამეს ვახმართ ძალისხმევას. დავდევთ „კუდიანებს“ და „ქარის წისქვილებს“, ხოლო რეალურ საფრთხეს ვერ ვიმჩნევთ

დღეს „ზურგის ქარი“ უბერავს, ეკონომიკური სარგებელი გეოპოლიტიკურ მოცემულობას მოაქვს და არა ჩვენს სიბეჯითეს. მაგრამ თუკი შექმნილ შესაძლებლობებს სწორი პოლიტიკური ინიციატივებით და ქვეყნის განვითარების პროექტებით არ ვუპასუხეთ, მოცემულობის შეცვლისთანავე ინტერესიც ჩაქრება და შემოსავლებიც დაიკლებს.

სამწუხაროა, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი აცდენილია ეროვნულ ინტერესებსაც და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსაც.

ამიტომაც ჩვენ ვხდებით საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ობიექტი, რომელზეც, ზოგჯერ მსჯელობენ და არა სუბიექტი, რომელიც განხილვაში აქტიურად მონაწილეობს.

პოლიტიკაში არის ასეთი გამოთქმა: ან მაგიდასთან ხარ, ანუ თავად განიხილავ, თავად ირჩევ, ან მენიუში შენ არ განგიხილავენ. ან აგირჩევენ, ან დაგიწუნებენ. ჩვენ კი იმდენად სხვა რამეზე ვართ გადართულნი, რომ ნამდვილად არ ვართ მაგიდასთან, ხოლო თუ ასე გავაგრძელეთ ხვალ მთავარ მენიუშიც აღარ ვიქნებით.

ჩვენ კი იმდენად სხვა რამეზე ვართ გადართულნი, რომ ნამდვილად არ ვართ მაგიდასთან, ხოლო თუ ასე გავაგრძელეთ ხვალ მთავარ მენიუშიც აღარ ვიქნებით

- როცა საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე მსჯელობენ, ხშირად გაიგონებთ დიამეტრულად განსხვავებულ მოსაზრებებს. ნაწილი თვლის, რომ "ქართული ოცნებანაბიჯ-ნაბიჯ რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ორბიტისკენ მიგვათრევს“.

მეორე ნაწილი უფრო კატეგორიულია და ამბობს, რომ „ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა საფრთხეშია“. ამის მიზეზად სახელდება არა მხოლოდ მოსკოვსა და თბილისს შორის დამთბარი ურთიერთობები, არამედ რუსულ ეკონომიკაზე ქართული ეკონომიკის ზრდა.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას კრემლთან კოლაბორაციონალიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება კრემლის ნებისმიერი დაკვეთის შემსრულებელია.

დაახლოებით ორი თვის წინ თქვენ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - „დღეს ერთდროულად ორ სკამზე ვეღარ იჯდები, ვერ იქნები ერთდროულად პროევროპულიც და რუსეთის მაამებელიც. ომი უკრაინაში ომი სწორედ ის წყალგამყოფი აღმოჩნდა, როდესაც პოზიცია არაორაზროვნად, მკაფიოდ უნდა დააფიქსირო და განცხადებას საქმეც მოაყოლო“.

გაქვთ განცდა, რომ შოლცი-ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ თქვენს მიერ აღწერილი სურათში ცვლილებები მოხდება და ხელისუფლება მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს?

- დიახ, რუსეთის შეჭრა უკრაინაში მართლაც ასეთი წყალგამყოფი აღმოჩნდა, თუმცა კითხვები, რაც „ქართული ოცნების“ მიმართ არსებობს, გამომდინარეობს არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან.

კერძოდ, როდესაც ვუახლოვდებით რუსულ ბაზარს, არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ რუსეთი ეკონომიკას, ენერგეტიკას, ვაჭრობას, ისევე როგორც კულტურას, მეცნიერებას, სპორტს და ა.შ. იყენებს საკუთარი საგარეო პოლიტიკის ამოცანების განსახორციელებლად.

ასე რომ, ჩვენ რაც არ უნდა „გავყოთ“ ერთმანეთისგან პოლიტიკა და ბიზნესი ან პოლიტიკა და კულტურა, ამის გაყოფა შეუძლებელია, რადგან თავად რუსეთის სტრატეგიული დოკუმენტები მოიხსენიებს და მოიაზრებს ამ ყოველივეს რუსული საგარეო პოლიტიკის განხორციელების ინსტრუმენტად.

ეს რომ მხოლოდ ქაღალდზე არ რჩება, არაერთხელ ვიხილეთ ეკონომიკური ემბარგოსა თუ სხვა სანქციების სახით, რაც რუსეთმა სწორედ პოლიტიკური მოტივით არაერთხელ დაგვიწესა.

ამდენად რუსული ბაზრის წილის ზრდა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რადგან ამით მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ჩვენზე ზეწოლის ბერკეტებს ვუძლიერებთ.

რუსული ბაზრის წილის ზრდა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რადგან ამით მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ჩვენზე ზეწოლის ბერკეტებს ვუძლიერებთ

უკრაინის საკითხმა ეს ვითარება კიდევ უფრო გაამძაფრა. მოგეხსენებათ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს, რომლის მთავარი მიზანიც იმ სქემების აღმოფხვრაა, რაც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

თქვენ ასევე ახსენეთ ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაც საქართველოს მიმართ არსებული ეჭვების შესახებ. ეს ყოველივე ნამდვილად არ ქმნის ჩვენთვის სახარბიელო სურათს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პარტნიორები არ გვთხოვენ ყველა სანქციასთან მიერთებას. მაგრამ, მათი რეაქცია უკიდურესად მწვავე იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველო მათ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და დაფიქრება სჯობს თუ არა „დღევანდელი კვერცხი“ (თანაც რუსული) ქვეყნის სამომავლო კეთილდღეობას. გვიღირს კი სტრატეგიულ პარტნიორებთან უთანხმოებად ლავროვის შვილის, ან კადიროვის ძმაკაცის (ხან დატუქსულის, ხან შეწყალებულის), ან რომელიმე სხვა რუსი ბიზნესმენის ქართული არდადეგები?

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პარტნიორები არ გვთხოვენ ყველა სანქციასთან მიერთებას. მაგრამ, მათი რეაქცია უკიდურესად მწვავე იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ საქართველო მათ მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლევა

ან რამდენად გვირჩევნია ევროპულ მომავალს ხანტიმანტინსკსა თუ იამალასთან „დაძმობილების“ პერსპექტივა? შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა თურქეთს მოსთხოვა შეწყვიტოს ამერიკული ავიახომალდების რუსეთის მიმართულებით გამოყენება, ჩვენ კი ამ დროს ვისმენთ განცხადებებს რუსეთიდან საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით ფრენების შესაძლო სქემებზე. ასეთი მაგალითები საკმარისადაა და ვერ ვიტყვი, რომ კარგად წარმოგვაჩენს.

გარდა ამისა, ერთი წელიც არ გასულა რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციული ნაკადის პირველი ტალღიდან და უკვე გამოჩნდა ობიექტები, სადაც ქართულ ენაზე არ გემსახურებიან. ასეთი ობიექტების განსაკუთრებული სიმრავლე ბათუმში შეინიშნება.

ასევე გამოჩნდა კომპანიები, სადაც ქართველს სამსახურში არ იღებენ, ხოლო თუ იღებენ, რუსეთისადმი პოლიტიკურ ლოიალობას სთხოვენ. ვინმე დამარწმუნებს, რომ ეს დისკრიმინაცია საქართველოს ეროვნული ინტერესებს ემსახურება?!

ხელისუფლება ამ საშიშ პროცესს ყურადღებას არ აქცევს, არადა ასეთი რუსული ეკოსისტემები ყოველდღიურად იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ელექტორალური უსაფრთხოების პრობლემაც კი შეიძლება შეგვექმნას.

ოკუპაცია ომის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს და “მშვიდობიანი” ოკუპაცია გაცილებით უარესია. ასე რომ დაფიქრება მართლაც გვმართებს, რომ წუთიერ მოგებას მომავალი არ გადავაყოლოთ.

ოკუპაცია ომის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს და “მშვიდობიანი” ოკუპაცია გაცილებით უარესია. ასე რომ დაფიქრება მართლაც გვმართებს, რომ წუთიერ მოგებას მომავალი არ გადავაყოლოთ

- ყველაფერ ამის ფონზე ზოგჯერ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ზოგჯერ მათი გულმხურვალე მხარდამჭერებისგან გაიგონებთ მოსაზრებას, რომ მოსკოვთან ურთიერთობების „დათბობა-დალაგებით“, საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაიბრუნებს.

არ ვიცი, ასეთი პროგნოზები რის საფუძველზე კეთდება, რადგან, ამ თემაზე კრემლს ჩვენთვის გასახარი, ჯერჯერობით არც არაფერი უთქვამს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მათ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება მოვთხოვოთ, რაც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, ჩვენ ამაზე არც არაფერს ვამბობთ.

ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო საუბრობენ. მეტიც, ბევრჯერ გამოთქვეს სინანული იმის გამო, რომ 2008 წელს ვერ გამოიჩინეს შორსმჭვრეტელობა და რუსულ აგრესიაზე მათი რეაქცია სუსტი იყო. მათ ასევე შეეშალათ უკრაინასთან მიმართებაში 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

ამას წინათ, შექმნილ ვითარებაზე ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოგესმა აშკარად რიტორიკული კითხვა დასვა - „წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ნატო- გაფართოებას ადანაშაულებს - რა დაემართა საქართველოს?

სავარაუდოდ, რა დაემართა საქართველოს? - თქვენ საკმაოდ ისაუბრეთ. ჩვენი საუბრის ბოლოს მე კითხვას ასე დავსვამდი - თუ პროცესები იმ დინამიკით განვითარდა, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, - რა დაემართება საქართველოს?

- ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით მანიპულაცია ნამდვილად არ ახალია, მაგრამ მიკვირს რამდენჯერ შეიძლება წამოვეგოთ ერთსა და იმავე სატყუარას. გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული რუსეთს არ შეუსრულებია არც ერთი (!) შეთანხმება რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას ემსახურებოდა.

ისტორიაში შორს აღარ წავალ და უახლოეს წარსულს გავიხსენებ. 1993 წელს ჩვენ რუსეთის გარანტიებით მძიმე შეიარაღება გამოვიყვანეთ აფხაზეთიდან. დევნილების დაბრუნება დაიწყო, ხოლო 1993 წლის სექტემბერში კი სასწავლო პროცესი განახლდა სოხუმის სკოლებში... და აი სწორედ მაშინ მოაწყო უსასტიკესი სასაკლაო რუსეთმა

სწორედ მაშინ, როდესაც დავიჯერეთ რუსული სამშვიდობო გარანტიების და ყველაზე დაუცველები ვიყავით. მაშინ არც ნატოზე ვსაუბრობდით და არც ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობა იმთავითვე ყელში ჰქონდა გაჩხირული „ერთმორწმუნეს“. შემდგომ ჩვენ დავთანხმდით დსთ-ში შესვლაზე, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოში განლაგებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებაში მონაწილეობაზე...

ფაქტობრივად ყველაფერზე, რაც მოითხოვეს, მაგრამ ამან ვერც ცხინვალი დაგვიბრუნა, ვერც აფხაზეთი.

მეტიც, მშვიდობისმყოფელის სტატუსმა საშუალება მისცა რუსეთს ხელოვნურად შეეცვალა მოსახლეობის სტრუქტურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განეხორციელებინა რუსიფიკაცია, პასპორტიზაცია, ჩაეტარებინა ე.წ. რეფერენდუმები და იდეოლოგიურად ისე მოეწამლა მომავალი თაობები, რომ მათთვის ქართველი და მტერი სინონიმები გამხდარიყო. ამ რუსეთისგან ველოდებით რამის დაბრუნებას?!

მაგრამ ჩვენ საკუთარი წარსულის გააზრება ვერ ვისწავლეთ, ვერ ვისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება და ამიტომაც ვართ იოლი სამიზნე დამპყრობლისათვის.

ჩვენ საკუთარი წარსულის გააზრება ვერ ვისწავლეთ, ვერ ვისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება და ამიტომაც ვართ იოლი სამიზნე დამპყრობლისათვის

დღეს, ნაცვლად იმისა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობდეთ, ჩვენ მათ „ომის გაჩაღების“ მცდელობაში ვადანაშაულებთ, ხოლო ოკუპანტისგან და მტრისგან გულმოწყალებას ველოდებით. ამ დროს რუსეთი საკუთარ ზრახვებს არ მალავს.

ჩახედეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებულ სტრატეგიას, თქვენ იქ ქართული სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივას ვერ იპოვით. ამიტომაც ვამბობ, საქართველოს ერთადერთი მომავალი აქვს - ევროპული მომავალი და თუკი ქართული სახელმწიფოებრიობა გვინდა, ის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახებში უნდა ვეძიოთ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა