ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ნიუ იორკის მერს, არიკ ადამსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტული პროექტების განხორციელების შესახებ გაცვალეს ინფორმაცია. ასევე, საუბარი შეეხო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან შეხვედრებს და მიღწეულ შედეგებს. აჭარის მთავრობის მეთაურმა ნიუ იორკის მერს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული, საინვესტიციო პოტენციალისა და ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. შეხვედრაზე ერთობლივი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ დასახეს გეგმები.
,,ჩვენ განვიხილეთ პარტნიორობის გაძლიერება, ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები აშშ-დან. საქართველო რჩება სამაგალითო ქვეყნად, როგორც სამშვიდობო პოლიტიკით, ისე იმ ეკონომიკური პროგრესით და ზრდით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქვს ჩვენს ქვეყანას მისი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, მერთან ერთად დავგეგმეთ პროექტები, რომელიც ჩვენს პარტნიორობას გააძლიერებს, ასევე, ხელს შეუწყობს პირდაპირ ინვესტიციებს ამერიკიდან“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განმარტებით, შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ არა ერთი ოფიციალური შეხვედრა გამართა, მთავრობის მეთაური შეხვდა მაიამი ბიჩის და მაიამი დეიდის მერებს, ფლოროდის გუბერნატორს, ასევე, შეხვედრები ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან გამართა.