პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ლაშა ხუციშვილი კანდიდატად განიხილებოდა, უბრალოდ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. აქ არის ერთი რამ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იყოს, მას არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის იმ კომპეტენციებში, რომელიც მას საერთოდ არ ევალება. ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეკითხვას, განიხილებოდა, თუ არა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, რასაც შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს რეაქცია მოჰყვა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება გიორგი მსხილაძემ პარლამენტში გააკეთა, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ასევე უპასუხა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვას.

„აქვე, ვუპასუხებ ბეჟან წაქაძის შეკითხვას, თუ რა წყობილებაში ვცხოვრობთ? ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, ბატონო ბეჟან, მაგრამ ის, რაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, უნდა შესრულდეს, სადაც ცალსახად წერია, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება წარადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები პარლამენტისთვის“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

მისივე განმარტებით, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა, ფაქტია, რომ პრობლემა არ შექმნილა და ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას და მუშაობას აგრძელებს. ამასთან, მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრის თანამდებობაზე კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ კანდიდატების წარდგენას დეკემბრამდე არ აპირებს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნება. ასე რომ, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება მას დაუჭერთ თუ არა მხარს“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით