გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი - საჭიროა გაეროს რეფორმირება - დღევანდელი მსოფლიო ძალიან განსხვავებულია იმ პერიოდისგან, როცა ორგანიზაცია შეიქმნა

საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის, საბინე მახლის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირება საჭიროა, რათა ის ბევრად უფრო ადაპტირებადი და ასევე, აქტუალური გახდეს მიმდინარე კონტექსტთან მიმართებაში. მისივე თქმით, გაეროს არსებობის პერიოდში, იყო წარუმატებლობები, მაგრამ აგრეთვე იყო კარგი ისტორიებიც, სადაც ორგანიზაციამ რეალური დახმარება უზრუნველყო.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება, რუსეთის უკრაინაში შეჭრა, გაეროს როლი საქართველოში არსებული კონფლიქტის მოგვარებასა და სამშვიდობო პროცესში, საქართველო-გაეროს 31 წლიანი პარტნიორობა, მდგრადი განვითარების 17 მიზნის განხორციელება, ახალგაზრდების გაძლიერება - ამ და სხვა საკითხებზე, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი, საბინე მახლი ექსკლუზიურად საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

- გაეროს მთავარი მიზნები საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაა, თუმცა მთელ მსოფლიოში არაერთი კონფლიქტი მიმდინარეობს. რამდენად წარმატებულია გაერო მსოფლიოს მასშტაბით არსებული კონფლიქტებისა და საომარი მოქმედებების გადაწყვეტის მხრივ?

- მადლობა ამ კითხვისთვის. რამდენად წარმატებულები ვართ? ვფიქრობ, გაერო ისეთივე ძლიერი და წარმატებულია, როგორიც ეს 193 წევრ სახელმწიფოს სურს, რომ ის იყოს. 1945 წელს, გაეროს დაარსების დღიდან, ჩვენ გვაქვს გაეროს წესდება. მისი იდეა კონფლიქტების თავიდან აცილება, მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტის მხარეთა შორის არსებული საკითხების მშვიდობიანი გადაჭრის მხარდაჭერა იყო. ჩვენ უნდა გვამხნევებდეს ყველაფერი ის, რაც მიღწეულია. სამწუხაროდ, როგორც თქვენ თქვით, ჩვენს გარშემო ჯერ კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი კონფლიქტია. გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ასევე, აჩვენა უზარმაზარი ტანჯვა, რომელიც ხალხს მიადგა და ჩვენ - გაერო, როგორც გლობალური ორგანიზაცია, კვლავ ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენმა გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ომი გაეროს წესდების შესაბამისად უნდა დასრულდეს.

- უკრაინაში რუსეთის საშინელი ომის დასრულების კუთხით გაეროს ძალისხმევასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ვერ დაიცვა საერთაშორისო სამართალი, როდესაც რუსეთმა, გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთმა მუდმივმა წევრმა, მეზობელ სუვერენულ ქვეყანაში სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა წამოიწყო?

- ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაეროს, როგორც გლობალური ორგანიზაციის არსებობა. რა თქმა უნდა, გაეროს ისტორიის განმავლობაში ჩვენ, სამწუხაროდ, გვინახავს, რომ ამ ორგანიზაციის წესდება დაირღვა და ამ შემთხვევაშიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასეა, მაგრამ მე მაინც მწამს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო წესრიგის არსებობა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი კიდევ უფრო მეტად დაცვა ახლა, რადგან როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა, ჩვენ სხვა მსოფლიოში ვცხოვრობდით. დღეს კი ჩვენ გაცილებით მეტი გლობალიზაცია გვაქვს. ჩვენ ვართ ციფრულ ეპოქაში, სადაც ბევრი რამ ხდება სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტში. ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზა, რომ ორგანიზაციამ აქტუალურობა შეინარჩუნოს. სწორედ ამაზე საუბრობდა ჩვენი გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, მანამდე კი ბატონი ბან კი მუნი და კიდევ უფრო ადრე, 2005 წელს, ბატონი კოფი ანანი. ჩვენ გვჭირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირება, რომ იგი ბევრად უფრო ადაპტირებადი და ასევე აქტუალური გახდეს მიმდინარე კონტექსტთან მიმართებაში. დღეს მსოფლიო ძალიან განსხვავებულია იმ დროსთან შედარებით, როდესაც გაერო შეიქმნა. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ გაერო აქტუალური დარჩეს. ვფიქრობ, მართალი ბრძანდებით, ორგანიზაციის არსებობის პერიოდში, დიახ, იყო წარუმატებლობები, მაგრამ იყო ასევე კარგი ისტორიებიც, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რეალური დახმარება უზრუნველყო. ჩვენ, ალბათ, ყველაზე მეტად სამშვიდობო ოპერაციებით ვართ ცნობილი, არა?! ვგულისხმობ, რომ წლების განმავლობაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა სამშვიდობო ოპერაციებში მსოფლიო მასშტაბით. როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრ კონფლიქტში, სადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა ჩართული, ასევე გვაქვს კარგი ისტორიებიც. ჩვენს საქმიანობას წარუმატებელს ვერ ვუწოდებთ. ჩვენ ნამდვილად უნდა დავინახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, როგორც გლობალურ მოთამაშეს, მშვიდობის შენარჩუნებისა და აგრეთვე, კონფლიქტების თავიდან არიდების მხრივ. ბატონი გუტერეში მომხრეა კონფლიქტების პრევენციის. მას ნამდვილად სურს, რომ კონფლიქტები თავიდან იქნეს აცილებული, კონფლიქტის გაჩაღებამდე, მასში ინვესტირების გზით. ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ჩართული გადაწყვეტილებების ძიების პროცესში.

- თქვენ უკვე ახსენეთ გაეროს რეფორმირების აუცილებლობა, მაგრამ ამ საკითხს უფრო ვრცლად ოდნავ მოგვიანებით შევეხებით. მანამდე, მინდა გკითხოთ, თუ როგორ უნდა აგებინოს გაერომ რუსეთს პასუხი უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისა და აშკარა ომის დანაშაულებისთვის?

- რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს და ამჟამად ჩვენ, როგორც გაერო ვეხმარებით იმ ადამიანებს უკრაინაში, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მაგალითად, ყველაზე მოწყვლად პირებს, როგორებიც არიან ბავშვები, მოხუცები. ახლა, უკრაინის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 8 მილიონი ლტოლვილია. თავად უკრაინაში 5 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გვყავს. გაერო, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. თქვენ, ალბათ, ასევე, გსმენიათ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივისა და რუსული საკვებისა და სასუქების შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც გაეროს შუამავლობით იქნა გაფორმებული 2022 წლის ივლისში. ასე ვცდილობთ შევამსუბუქოთ ამ საშინელი ომის შედეგები, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. ძირითადად, ესაა ის, რასაც ჩვენი კოლეგები აკეთებენ უკრაინაში. ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, ჩვენ ვცდილობთ იმ გზების გამონახვას, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ნებისმიერი სახის პლატფორმას, რათა ამ ომის შედეგებს გავუმკლავდეთ.

- გასულ თვეს, იაპონიაში, ჰიროსიმაში ვიზიტისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ დროა უშიშროების საბჭოს რეფორმირება დღევანდელი მსოფლიოს რეალობების შესაბამისად მოხდეს. შეგვიძლია გაეროს უშიშროების საბჭო მოძველებულ და უფუნქციო ორგანოდ აღვწეროთ, რომელიც ვერ უმკლავდება თავის მთავარ როლს - საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას?

- როგორც მანამდე ვთქვი, ვფიქრობ, მართალი ხართ. ვგულისხმობ, რომ როდესაც გაერო შეიქმნა იმდროინდელ უშიშროების საბჭოში, ხუთი დიდი სახელმწიფოს შემადგენლობით, ყველაფერი მიმართული იყო იმის უზრუნველსაყოფად, რომ აღარ ყოფილიყო სახელმწიფოთაშორისი ომები. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს კიდევ მრავალი სხვა საფრთხე - მიმდინარეობს შიდა ომები, სამოქალაქო ომები, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ტერორიზმს, უნდა აღვკვეთოთ ყველა სახის ექსტრემიზმი და ბევრი სხვა რამ.

ჩვენმა გენერალურმა მდივანმა წევრ ქვეყნებს სთხოვა შეისწავლონ, რა ვარიანტები არსებობს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გაეროს რეფორმირება მის ყველა მმართველ ორგანოში და რა იქნება საუკეთესო გზა იმ სახელმწიფოთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მხრივ, რომლებიც ნამდვილად არღვევენ ორგანიზაციის წესდებას. მაგალითად, იყო იდეა უშიშროების საბჭოში კიდევ უფრო მეტი მუდმივი წევრების ყოლაზე. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი ან შეგვიძლია ასევე, ვიფიქროთ როტაციის საფუძველზე არჩეული არამუდმივი წევრი-ქვეყნების რაოდენობის გაზრდაზე. მე ვგულისხმობ, რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს და წევრმა ქვეყნებმა უნდა იმსჯელონ და იპოვონ გამოსავალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა და იმის უზრუნველყოფა, რომ გაერომ შეძლოს ყველა წევრი ქვეყნის მაქსიმალურად ქმედითუნარიანი მხარდაჭერა და საერთო დღის წესრიგის განხორციელება.

2030 წლის დღის წესრიგში, მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი, რომელიც მშვიდობას ეხება და ასევე მე-10 მიზანი, რომელიც უთანასწორობაზეა - უმნიშვნელოვანესია. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ქვეყნებს შორის უთანასწორობა. მოკლედ, ეს არის ნამდვილად გადამწყვეტი დისკუსია, რომელსაც წევრი ქვეყნები უძღვებიან. ჩვენ, როგორც გაეროს საჯარო მოხელეებს, შეგვიძლია შევთავაზოთ იდეები, შესაძლოა, წინადადებებიც. ჩვენი კოლეგები ნიუ-იორკში, ვფიქრობ, ასევე იკვლევენ ვარიანტებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება გაეროს 193 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს.

- მოდით, საქართველოში გადმოვინაცვლოთ. როგორ შეუძლია გაეროს საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“ შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებასა და სამშვიდობო პროცესში წვლილი შეიტანოს?

- თქვენ, ალბათ, იცით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შესახებ, რომელიც წელიწადში სამ-ოთხჯერ იმართება და სადაც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებული საკითხები განიხილება. ეს დისკუსიები გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს ხელშეწყობით ტარდება და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის ერთ-ერთი მექანიზმია. ჩვეულებისამებრ, ორი სამუშაო ჯგუფია. მე, როგორც წესი, მეორე სამუშაო ჯგუფში ვმონაწილეობ, რომელიც ჰუმანიტარულ საკითხებსა და იქ მცხოვრებთა საჭიროებებს ეხება. პირველი სამუშაო ჯგუფი მეტ ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების ასპექტებსა და სტატუსის საკითხებზე. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ამ გაჭიანურებული კონფლიქტის გადაწყვეტისა და ტრანსფორმაციის შესახებ განხილვის გასაგრძელებლად.

- ფიქრობთ, რომ ჟენევის დისკუსიები ნაყოფიერია და მას შეიძლება რაიმე ხელშესახები შედეგები ჰქონდეს საქართველოში კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით?

- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყოვლისმომცველი დისკუსიების არსებობა. ადგილი ჰქონდა პრაქტიკულ მიღწევებს თანამშრომლობის სფეროში და გადაიდგა მცირე ნაბიჯებიც. განმარტებისათვის, ჩვენ, საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი (UNCT), ბევრს ვფიქრობთ იმაზე თუ როგორ შეგვიძლია პრაქტიკულად ვიმუშაოთ გარკვეულ საკითხებზე და მხარი დავუჭიროთ ხალხის საჭიროებებს ადგილზე, რასაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი არ გვთავაზობს. თუმცა, ამ დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფში, ჩვენ, მაგალითად, განვიხილეთ სასოფლო-სამეურნეო მავნებლებთან ბრძოლა (აზიური ფაროსანა ან ნებისმიერი სხვა მწერი); ამ მავნებლებმა არ იციან ადმინისტრაციული საზღვრები, მწერები ყველგან აღწევენ. ამდენად, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფში, ჩვენ ნამდვილად გამოვნახეთ გარკვეული გამოსავალი ამ მავნებლებთან ერთობლივად გასამკლავებლად. ჩვენ შეგვიძლია სხვა პრაქტიკული საკითხებიც განვიხილოთ, რომლებიც რეალურად შეამსუბუქებს იმ სირთულეებს, რომელსაც ადამიანები კონფლიქტის გამო ახლა განიცდიან. ასე რომ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემები აქ, საქართველოში, ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია. როგორც საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი (UNCT), ჩვენ ასევე ვმუშაობთ დევნილებთან აქ, საქართველოში. ამასთან, ჩვენ წვდომა გვაქვს აფხაზეთში. ჩვენ იქ ვმუშაობთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს წვდომა „სამხრეთ ოსეთში“, ამიტომ ცხინვალში წარმოდგენილები არ ვართ. ჩვენი მუშაობა აფხაზეთში ჰუმანიტარულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს ეფუძნება.

- საქართველოსა და გაეროს ერთმანეთთან 31 წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. რა არის ამ ორს შორის თანამშრომლობის უმთავრესი მომენტები?

- ეს პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შეიცვალა. თავიდან ის უფრო მეტად ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო ფოკუსირებული. დღეს საქართველო ზედა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაა. ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ორიენტირებულები ვართ განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ფართოა. უკვე, მესამე წელია, რაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას“ ვახორციელებთ. ამის შესახებ მოლაპარაკება ჯერ კიდევ 2020 წელს შედგა და მთავრობასთან შეთანხმებას ხელი 2020 წლის ოქტომბერში მოვაწერეთ. სოციალური თანასწორობა, ადამიანის კეთილდღეობა და შესაძლებლობები არის ის ყოვლისმომცველი მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს და რაშიც მხარს ვუჭერთ საქართველოს. ერთი მხრივ, კანონის უზენაესობაზე ვმუშაობთ. შემდეგი მიმართულება ისეთ სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, როგორებიცაა ჯანმრთელობა, განათლება თუ სოციალური დაცვა. მესამე შედეგი ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე, კერძოდ არაფორმალური სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე. მეოთხე მიმართულებაა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა. და ბოლო მიმართულება ეხება გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილების შედეგების დაძლევას. ამდენად, ესაა ის ხუთი გრძელვადიანი შედეგი, რომლის მიღწევაც გვსურს, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანის კეთილდღეობის, შესაძლებლობებისა და სოციალური თანასწორობის გაუმჯობესებას საქართველოში.

- წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლისთავი აღინიშნება. შეუძლია თუ არა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იამაყოს?

- ვფიქრობ, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისიდან თქვენი ქვეყანა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, აჩვენოთ, რას აკეთებს საქართველო შიდა და გლობალურ დონეზე. თქვენ გაქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი (2022-2030) სტრატეგია, რომელიც გასულ წელს იქნა მიღებული და რომელიც რიგ მნიშვნელოვან სფეროს ეხება. რამდენიმე მიმართულებით, კონკრეტულ სფეროებში, როდესაც უმცირესობათა დისკრიმინაციაზე, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგონების უფლებებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ვგულისხმობ, რომ ამ სფეროებში კვლავაც არსებობს გარკვეული ხარვეზები. ამასთან, როცა სასამართლო სისტემას განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ. მაგრამ მთლიანობაში, თუ შევხედავთ საქართველოს მიღწევების ტრაექტორიას, ეს ნამდვილად საამაყოა. მნიშვნელოვანია გადაიდგას ნაბიჯები ზოგიერთი დარჩენილი ხარვეზისა და გამოწვევის აღმოსაფხვრელად. და როგორც ახლა ვთქვი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით განახლებული ენერგიით მუშაობისთვის.

- რამდენად ეფექტურად მოქმედებს საქართველო მდგრადი განვითარების 17 მიზნის განხორციელების მხრივ, რომელიც 2017 წელს ამ ქვეყნის მთავრობამ ეროვნულ პრიორიტეტად გამოაცხადა? და რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ მდგრადი განვითარების მიზნები სრულად და ყოველმხრივ განხორციელდება საქართველოში მომდევნო 7 წლის განმავლობაში, ვინაიდან გაეროს ეს დღის წესრიგი 2030 წლისთვის უნდა იქნას მიღწეული, ასე არაა?!

- გაეროს გენერალური მდივანი თვლის, რომ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საფრთხე ემუქრება და მათი გადარჩენის მოწოდებით გამოვიდა, რადგან სამწუხაროდ, ჯერ კოვიდპანდემიის, ახლა კი უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეჭრის გამო, 2030 წლისთვის ბევრი მიზანი შესაძლოა რეალურად ვერ განხორციელდეს.

გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველას, რომ მაქსიმალურად ეცადონ და მიაღწიონ ამ მიზნებს. როგორც მანამდე ვთქვი, შემცირების ნაცვლად, უთანასწორობა იზრდება ქალაქებსა და სოფლებს, მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ამდენად, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ იმ ძირითად სფეროებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მეცამეტე მიზნის, რომელიც კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებებს ეხება, ზოგიერთ ინდიკატორს ნამდვილად სჭირდება დაჩქარება. საქართველოში, თქვენ საოცარი ბიომრავალფეროვნება გაქვთ. თქვენ ბევრი ტყე და წყალი გაქვთ, რისი დაცვაც ფრიად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. ზოგადად, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას ნამდვილად სჭირდება იმპულსი. ეს საკითხი გარკვეულწილად ყურადღების მიღმა დარჩა არსებული კრიზისების ფონზე. ჩვენ ამ მიზნებზე კვლავინდებურად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ესაა მსოფლიოს მასშტაბით, სახელმწიფოების მიერ 2015 წელს გაცემული დაპირება. რამდენიმე მიზანი ამჟამად მიუღწეველია ამიტომ საჭიროა მეტი ძალისხმევა მათ მისაღწევად.

- გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა საკუთარი მანდატის დაწყების დღიდან ახალგაზრდები საკუთარ პრიორიტეტად აქცია. ჯერ კიდევ 2018 წელს გენერალურმა მდივანმა წარადგინაახალგაზრდობა 2030: გაეროს ახალგაზრდული სტრატეგია“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობასა და გაძლიერებას. უფრო მეტი რისი გაკეთება შეუძლია გაეროს ახალგაზრდების მხარდასაჭერად? როგორ უზრუნველვყოთ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს?

- თქვენის ნებართვით, ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებ. თქვენი ქვეყანა რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გაეროს ახალგაზრდა დელეგატი ჰყავს. ყოველწლიურად ახალგაზრდის არჩევა ხდება, რომელიც იმ ძირითად საკითხებს წარადგენს, რასაც აქ ახალგაზრდობა აწყდება. ამჟამად, გაეროს ახალგაზრდა დელეგატი დავით ესათიაა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემები გაუზიაროს როგორც საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს, ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეასა და სხვა ფორუმებს, როგორიცაა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო.

საქართველოში გაეროს 18 სააგენტო მუშაობს. ჩვენ ასევე გვაქვს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხელმძღვანელობს. მან წვლილი შეიტანა საქართველოს ახალგაზრდობის სტრატეგიის შემუშავებაში. აღნიშნული დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, თუ როგორ შეგვიძლია ახალგაზრდები რეალურად ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მომავლისთვის. და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ღირსეული სამუშაო ნახონ, ისწავლონ იქ, სადაც სურთ, განავითარონ თავიანთი ნიჭი და მაქსიმალურად შეიტანონ წვლილი საზოგადოების განვითარებაში. ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული პრობლემები აქვთ. ეს არის ერთ-ერთი სფერო, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები და ბავშვები დიდი ჯგუფს წარმოადგენენ ჩვენი თანამშრომლობის ხელშეკრულებაში. საქართველოში მუშაობს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women). ყველა, თავისი განსხვავებული მანდატებიდან გამომდინარე, ცდილობს გაარკვიოს რა სფეროებში შეგვიძლია მხარდაჭერა.

ახალგაზრდები და მათთან დაკავშირებული საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. გენერალურ მდივანს დანიშნული ჰყავს სპეციალური წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, რომელიც მუშაობს ახალგაზრდობისთვის აქტუალურ საკითხებზე.

თორნიკე კაკალაშვილი

ინტერპრესნიუსი

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა