„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი „ქართული ოცნების” ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, არასწორად აშენებულ საბავშვო ბაღებზე მილიონობით ლარი დაიხარჯა. მისი თქმით, „ქართული ოცნების” კორუფციული გარიგებების გამო, უამრავი ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა.
„უმნიშვნელოვანესი საკითხია ბათუმში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სამწუხაროდ, ბათუმის მერია დღემდე ვერ ახერხებს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის ეფექტურ გამართვას, რაც პირდაპირ კავშირშია ივანიშვილთან, მის რუსულ ხელისუფლებასთან და კორუფციასთან. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არაერთხელ იქნა მხილებული „ქართული ოცნების“ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები კორუფციაში, რაზეც სამწუხაროდ ამ დრომდე პასუხები არ მიგვიღია.
ეს არის კონკრეტული საქმეები თუ როგორ უხარისხოდ აშენებდნენ საბავშვო ბაღებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, სადაც მილიონობით ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. აღნიშნული საბავშვო ბაღები დღემდე ვერ ემსახურება ბავშვებს. დღეს კი დამატებით ამ ავარიულ, არასწორად აშენებულ საბავშვო ბაღებზე მილიონობით ლარს ვხარჯავთ:
მე - 13 საბავშვო ბაღზე დაიხარჯა 747 675 ლარი. შენობა 3 წელია დაკეტილია, დღეს კი თავიდან რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, რაშიც დამატებით 1.218.509 ლარს ვიხდით.
31- საბავშვო ბაღი - 892.258 ლარი დაიხარჯა. დღეს დამატებით 1.170.899 ლარს ვხარჯავთ.
33 - ე საბავშვო ბაღი - 1.998.427 ლარი დავხარჯეთ, დღეს დამატებით 1 753.296 ლარს ვხარჯავთ.
დღეს, უამრავი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დატოვა „ქართული ოცნების“ კორუფციულმა გარიგებებმა. მივმართავ ახლად შექმნილ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს - ეს არის თქვენი მუშაობის ტესტი. ველოდები გამოძიების დაწყებას”,- განაცხადა მან