ჯორჯიას შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი და პირველი ლედი მარტი კემპი საქართველოს ეწვევიან

ჯორჯიას შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი და პირველი ლედი მარტი კემპი საქართველოს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 13 ივნისს, გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი და პირველი ლედი მარტი კემპი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას საერთაშორისო მისიით, რომელიც დაიწყება საქართველოს დედაქალაქში და პარიზში დასრულდება.

საელჩოში განმარტავენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე. ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.

„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით. ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის შტატი საუკეთესო ინვესტირებისა და შესაძლებლობებისთვის“, - განაცხადა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან. საქართველოში ყოფნისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. გუბერნატორი კემპი და დელეგაცია გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მოინახულებენ ჰუმანიტარულ თავშესაფარს, რომელიც აშენდა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით, შეხვდებიან მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებს, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ და გამართავენ სხვა შეხვედრებს, რათა გააძლიერონ ურთიერთობა ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის.

„ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას. ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენს მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის,”- განაცხადა გენერალ-მაიორმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა ტომ კარდენმა.

გუბერნატორი კემპი და GDEcD-ის წარმომადგენლები მისიას პარიზში გააგრძელებენ და მონაწილეობას მიიღებენ “პარიზის საჰაერო შოუში”. აშშ-ის საელჩოს ცნობით, დელეგაცია შეხვდება საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიებს, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიცია ან განიხილავენ ინვესტირებას ჯორჯიის შტატში. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მეშვეობით დელეგაცია ხელს შეუწყობს ყველა იმ აქტივის პოპულარიზაციას, რის გამოც ჯორჯიის შტატი 9-ჯერ დასახელდა საუკეთესო შტატად ბიზნესის კეთების კუთხით.

„კავშირები ბიზნეს საქმიანობის საწინდარია და ის იწყება ურთიერთობების დამყარებით. ასეთი ვიზიტები ამყარებს ამ ურთიერთობებს და ქმნის ახალს, ხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით. ჩვენი პოზიციის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებაში აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ეკოსისტემებს, აძლიერებს ვაჭრობას და ხელს უწყობს ინოვაციებს,”- აღნიშნა GDEcD-ის წევრმა პეტ უილსონმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს