ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, ძლიერმა წვიმამ, მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 პიროვნება კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი.
სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის 600-ზე მეტი ბინადარი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა - წყნეთის გზის მონაკვეთი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართული საზოგადოების გვერდით იდგნენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდობის ერთიანობა, რომელთაც კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითი აჩვენეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.