პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, რომ თითქოს არეულობაა ევროპაში, თითქოს ერთი ერთს გვავალებს, მეორე - მეორეს და ვეღარ გაიგო ირაკლი კობახიძემ, რა უნდა ქნას

„მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო“ - ბიძინას „კუდებმა“ უნდა გადაწყვიტონ არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.

მისი თქმით, მმართველი გუნდის პროპაგანდაა, რომ თითქოს ევროკომისიის და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება. მანჯგალაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პოზიციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია უნდა შესრულდეს არა იმ კანონპროექტის მიღებით, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა, არამედ სისტემური მიდგომით, რაც სხვადასხვა სფეროში რეფორმებს გულისხმობს.

„ქართული ოცნების" პროპაგანდაა, რომ თითქოს არეულობაა ევროპაში, თითქოს ერთი ერთს გვავალებს, მეორე - მეორეს და ვეღარ გაიგო ირაკლი კობახიძემ, რა უნდა ქნას. სინამდვილეში გვეუბნებიან, რომ სისტემურად მოაგვარეთ ოლიგარქიის პრობლემა და არა უკრაინული კანონის კოპირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში რასაც ვამბობდით, ის თქვა ვენეციის კომისიამ. კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, უკრაინაში ხელისუფლება თავს იცავს ოლიგარქიისგან და აქ ოლიგარქის მიერ არის ხელისუფლების სამივე შტო უზურპირებული. სად უნდა გავასაჩივროთ ღარიბაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? ვინც ოლიგარქიის არსებობის მტკიცებულებაა, იმ ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ივანიშვილი ოლიგარქი არის თუ არა? "მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო" რომ არის ნათქვამი, ამაზე სასაცილო მდგომარეობაში ვართ - ბიძინას "კუდებმა" უნდა გადაწყვიტონ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია თუ არა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება