შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ეხმაურება სოფელ ზარდიაანთკარში ომბუდსმენის ვიზიტის დროს გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს, „არის სახლები, რომლის რეაბილიტაცია სრულად არ ხდება და სახლების რეაბილიტაცია ხდება შერჩევით“, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ზარდიაანთკარის შემთხვევა და მდგომარეობა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ამ სოფელში საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე გვიან მიეცა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა. შესაბამისად, გახანგრძლივებული ოკუპაციისა და სახლებისთვის ომით მიყენებული დაზიანებების შედეგად, შეუძლებელი აღმოჩნდა მათი საცხოვრებლად გამოყენება. გამომდინარე აქედან, სახელმწიფოს მხრიდან, ოჯახების ნაწილმა მიიღო ფინანსური კომპენსაცია, ხოლო 28 ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა დროებითი საცხოვრებლით. მომზადდა თითოეული სახლის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ექსპერტული დასკვნები, სარეაბილიტაციო პროექტები და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 1 800 000 ლარი.
„ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარებს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 50%-მდე. მათ შორის, ორ სახლზე უკვე დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, გარდა ამისა კარ-ფანჯრები შეიცვალა 20 სახლში, სახურავი შეიცვალა 10 სახლზე, გაილესა და გამაგრდა 8 სახლის კედელი, მოპირკეთდა და სამღებრო სამუშაოები დასრულდა 7 სახლში. ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, რეაბილიტაციას არ დაექვემდებარა 4 საცხოვრებელი სახლი, ამ ეტაპზე მოხდა 2 სახლის დემონტაჟი და მიმდინარეობს ახლის მშენებლობა, ხოლო დარჩენილ 2 სახლზე მომზადდა პროექტი და ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიწყება დემონტაჟი და სამშენებლო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.