ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2023

როდის და სად იქნება უკრაინელების მთავარი დარტყმა - ე.წ. მაფორმირებელი შეტევების ეტაპი დასრულდა

“ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის ახალი სკანდალი მწიფდება - “იყო ზეწოლა და ამაზე ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს”

საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ 2 ავიაკომპანია დაფრინავს ნახევრად ცარიელი თვითმფრინავებით

* * *

როდის და სად იქნება უკრაინელების მთავარი დარტყმა - ე.წ. მაფორმირებელი შეტევების ეტაპი დასრულდა

“ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ნაწილებმა 20-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსების დაცვის პირველი ხაზიც გადალახეს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები “რეზონანსთან” აცხადებენ, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კონტრშეტევისას ე.წ. მაფორმირებელი ოპერაციების ეტაპი დასრულდა და უახლოეს დღეებში ფრონტის ეს ან რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინელთა კონცენტრირებულ დარტყმას ვიხილავთ. პარალელურად რუსული მედია უკრაინელთა დიდ დანაკარგებზე წერს და აქცენტს ბრძოლის ველზე განადგურებულ დასავლურ ტექნიკაზე აკეთებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთი შედეგის ერთ-ერთი მიზეზი რუსების მიერ დანაღმული ველებია, თუმცა ეს დანაკარგები არ არის იმ მასშტაბის, რომ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე აისახოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ე.წ. მაფორმირებელი შეტევების ეტაპი დასრულდა - როდის და სად იქნება უკრაინელების მთავარი დარტყმა.

“უკრაინული მიმომხილველები კი წერენ, რომ ამინდის გაუარესება და კოკისპირული წვიმები უკრაინულ არმის გარკვეულ პრობლემებს უქმნის. ამავე მიზეზით პრობლემა ექმნებათ რუსებსაც - უამინდობის გამო რუსული ავიაციის მოქმედება შეზღუდულია. თუმცა, კვირის ბოლოსთვის უკრაინაში გამოდარებასა 30-გრადუსიან სიცხეს ელიან, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინელებმა იჩქარეს კონტრშეტევის დაწყება და ჯობდა დასავლეთისგან “ეფ-16” ავიაგამანადგურებლების მიღებას დალოდებოდნენ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე ფიქრობს, რომ უკრაინელებმა კონტრშეტევა ძალიან დროულად და კარგ დროს დაიწყეს, რადგან “ეფ-16”-ს რომ დალოდებოდნენ, ამით რუსებს მოსამზადებლად კიდევ დამატებით დროს მისცემდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ დიდი ალბათობით, უკრაინელები კონტრშეტევას სწორედ იმის გამო აგვიანებდნენ, რომ დასავლეთისგან “ეფ-16”-ებს ელოდნენ. თუმცა, კონტრშეტევის დაწყების დრო სწორად იყო შერჩეული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინა რაც უფრო გვიან დაიწყებდა კონტრშეტევას, რუსეთი მით უფრო უკეთესად მოემზადებოდა. ამ ეტაპზე უკრაინული კონტრშეტევა, ყველა ანგარიშის მიხედვით, ძალიან კარგად მიმდინარეობს. უკრაინელები ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით წინ მიიწევენ, რაც ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქის მომიჯნავედ მდებარეობს. უმნიშვნელოვანესი კვანძია, რომელიც მარიუპოლის მიმართულებით მიდის. უკრაინელებმა სულ ცოტა 20 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს. ეს საკმაოდ კარგი შედეგია მიუხედავად იმისა, რომ რუსები დიდი ხანია ამ მიმართულებას ყველა რესურსით ამაგრებენ. ნახევარი წელია აქ თავდაცვით ზღუდეებს აგებენ, მაგრამ უკრაინელებმა მისი გარღვევა მიანც შეძლეს. რაც შეეხება უკრაინელების დანაკარგებს, ეს შედარებით მცირეა. თუკი ვიტყვით, რომ 16 “ბრედლი” და 6 ტანკი “ლეოპარდ 2” დაკარგეს, საერთო ჯამში ეს არაფერია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსების თავდაცვით ზღუდეს მიუახლოვდნენ. “ბრედლი” ქვეითთა საბრძოლო მანქანაა და მისი დაკარგვა რეალურად არაფერს ნიშნავს. თუმცა, რადგანაც დასავლური მანქანებია, რუსებმა ამაზე აჟიოტაჟი ატეხეს. სინამდვილეში “საოცარი ტექნიკა“”, რომელიც ფრონტის ხაზზე არ გაჩერდება და აფეთქებების შედეგად არ დაზიანდება, არ არსებობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“რაც შეეხება “ეფ-16” ავიაგამანადგურებლებს, ეს არის მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომელსაც ბომბდამშენის ფუნქციაც აქვს. შესაბამისად, უკრაინელთა მხარეს კონტრშეტევის დროს დიდ უპირატესობას შექმნიდა. მიუხედავად ამისა, რუსებს ჰაერში გადამწყვეტი უპირატესობა მაინც არ აქვთ, რადგანაც უკრაინული შვეულმფრენები და ჰაერსაწინააღმდეგო საშალებები აქტიურად მუშაობენ. საბოლოო ჯამში უკრაინელების შეტევას წარმატებულია. ამ შეტევაში უკრაინული ძალების მხოლოდ 10%-ია ჩაბმული. 6 000-მდე სამხედრომ უკვე შესანიშნავად გაართვა თავი ამ შეტევას - რუსების დაცვის პირველ ზღუდამდე მიაღწია. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ რუსების საპასუხო კონტრშეტევა, რომლითაც უკრაინელების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიების ხელახლა დაკავებას ცდილობდნენ, ჩავარდა. ახლა ფრონტის ხაზზე ინიციატივა უკრაინელებს აქვთ. ისინი რუსებს უტევენ როგორც სამხრეთში, ასევე ბახმუტის მიმართულებითაც. ვფიქრობ, რაც უფრო გაიზრდება კონტრშეტევის მასშტაბები, რუსების შანსები კიდევ უფრო შემცირდება”, - ამტკიცებს ჯიპას პროფესორი.

“ჯერჯერობით უკრაინელები ცდილობენ ფრონტის ყველა მიმართულებაზე რუსებს პრობლემებს შეუქმნიან და სხვადასხვა მონაკვეთებზე დარტყმის დარტყმების რაოდენობას, სავარაუდოდ, გაზრდიან. უკრაინელები რუსებს ახლა სამხრეთის მიმართულებით 4 ადგილას ურტყამენ, თუმცა ასეთი დარტყმების რაოდენობა მთელს ფრონტის ხაზზე გაიზრდება. შესაძლოა ეს იყოს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის ოლქებში. ამ დარტყმების შედეგი, რა თქმა უნდა, ერთნაირი არ იქნება. სადაც რუსებს ყველაზე დიდი სისუსტე აქვთ, იქ უკრაინელთა დიდი დანაყოფები იქ უფრო ღრმად გაიჭრებიან. პარალელურად შეტევა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება, რათა რუსებმა იქიდან ფოკუსი ვერ მოხსნან. თუკი იქიდან ფოკუს მოხსნიან, მაშინ გენერალური შეტევის მიმართულებაც შეიცვლება. ახლა კონტრშეტევის იმ ეტაპს ვუყურებთ, რომელსაც მომზადების ეტაპი ჰქვია და უკრაინელებმა რუსების საკვანძო ტერიტორიები უკვე აითვისეს. ბრძოლა გადადის კრიტიკულ ზღვარზე. თუ უკრაინელებმა რუსების დაცვითი ხაზი გადალახეს, რუსებს მათი შეჩერება გაუჭირდება” - დაასკვნის კობერიძე..

“უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტებით იბრძვიან. 4 ივნისიდან დაწყებული იყო ე.წ. მაფორმირებელი მოქმედებები. ეს გულისხმობს მომზადებას შეტევის ძირითადი ღონისძიებისთვის. ამის შემდეგ კი ეს შეტევები ნელ-ნელა გაიზარდა. ჩემი აზრით, იყო თავდაცვის ზღუდის გარღვევა და შემდეგ აი, ამ გარღვევის მონაკვეთში, ძირითადი ძალების შემოყვანა. უკრაინელების შეტევის ორი მიმართულებაა - ეს არის ერთი კურსკის მიმართულება, რომელიც წარმოადგენს დამხმარეს და რუსების ყურადღების გადასატანად ხდება. მეორეა სამხრეთით, დონეცკიდან ზაპოროჟიეს მიმართულება, რომელიც უკვე მთავარი დარტყმის მიმართულებად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ბახმუტს, უკრაინელებმა აქაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს... ცუდი ისაა, რომ უკრაინელები არ არიან აღჭურვილი იმ რაოდენობის განაღმვის საშუალებებით, რაც მათ მისცემდა დანაღმული ველების გადაკვეთის საშუალებას. რუსებმა ძალიან მჭიდროდ დანაღმეს დიდი ტერიტორიები. უკრაინელებმა გარკვეული ოდენობის საბრძოლო ტექნიკა სწორედ ამ დანაღმულ ველებზე დაკარგეს. შესაბამისად იძულებული არიან გამოიყენონ არსებული გზები და ხოლო ამ გზებზე რუსები საცეცხლე ზემოქმედებას ახორციელებენ, რაშიც დიდი უპირატესობა გააჩნიათ რაოდენობრივი თვალსაზრისით”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის ახალი სკანდალი მწიფდება - “იყო ზეწოლა და ამაზე ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს”

“26 მაისის აღლუმსა და შემდეგ 27 მაისს დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მომხდარი სკანდალის შემდეგ, მმართველმა პარტიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ აღარ შევიდოდა პოლემიკაში პრეზიდენტთან. თუმცა, 7 ივნისს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც იმაზეა საუბარი, თუ რა დაბრკოლებას უქმნის პრეზიდენტი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას. 13 ივნისს კი პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. სწორედ ამ დღეს გაირკვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ პარტიას შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს და რომ ამ დაპირისპირების დეტალებზე შესაძლოა პრეზიდენტმა უახლოეს დღეებში საგანგებო განცხადება გააკეთოს. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ეროვნული ბანკის არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთი - პირველი ვიცე-პრეზიდენტი დაემატება, რომელიც ბანკის პრეზიდენტის არყოფნაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტმა ამ კანონს ხელი არ მოაწერა და მისი ვეტოს განხილვა პარლამენტში სამშაბათს გაიმართა.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებასა” და პრეზიდენტს შორის ახალი სკანდალი მწიფდება - “იყო ზეწოლა და ამაზე ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს”.

“კენჭისყრამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს აშანტაჟებდა და ამაზე პრეზიდენტმა შესაძლოა დეტალური განცხადება გააკეთოს. “ერთი რამ შემიძლია გითხრათ - რომ თვითონ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია “ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ”. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე, ამაზე ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხი კამათის საგანი გახდა და ამით შემოთავაზება იყო, რომ თუ იმ კანდიდატს წარვადგენდით, რომელიც მმართველ გუნდს სჭირდებოდა, მაშინ ვეტო დაძლეული არ იქნებოდა, სწორედ აქედან ჩანს მმართველი გუნდის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტისადმი”, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ. ის გულისხმობდა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს 7 ივნისის განცხადებას, რომ პრეზიდენტის გამო პრობლემები ექმნება სხვადასხვა ინსტიტუტებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.ზურაბიშვილმა ასევე უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა”, - აღნიშნულია განცხადებაში. აქვე საუბარია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც და პრეზიდენტი მმართველ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების იგნორირებაშია დადანაშაულებული”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამჟამად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია”, - ნათქვამია 7 ივნისის განცხადებაში.

“ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის”, - წერს 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პრეზიდენტს, სავარაუდოდ, მომხდარის საკუთარი ვერსია ექნება და სწორედ ამაზე გააკეთებს განცხადებას. რაც შეეხება “ოცნების” მიერ ნახსენებ ჩაშლილ შეთანხმებას, ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა პრეზიდენტი თავდაპირველად მართლაც შეუთანხმდა მმართველ პარტიას, თუმცა, შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებიდან გამომდინარე შეცვალა გადაწყვეტილება”, - დასძენს გამოცემა.

“ალბათ იქნება ბრიფინგი. ვფიქრობ, პრეზიდენტი უნდა გამოეხმაუროს ამ ყველაფერს, რადგანაც მის სახელს დაუკავშირდა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული პერიპეტიები და რადგანაც “ქართულმა ოცნებამ” ის გამოიყვანა ქართული საბანკო სისტემის ინსტიტუციური შერყევის ერთ-ერთ ავტორად, სავარაუდოდ, პასუხი იქნება. “ოცნების” ვერსია ასეთია, რომ თითქოს პრეზიდენტთან იქნა მიღწეული თანხმობა, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტმა ეს თანხმობა დაარღვია და არ წარადგინა მათი კანდიდატურა და ეს გახდა ვეტოს დაძლევის მიზეზი. ახლა ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი, ეს რთული გასარკვევია იმიტომ, რომ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ყველას თავისი სიმართლე აქვს და ყველა საკუთარ სიმართლეს იცავს. ამ შემთხვევაში ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა და სავარაუდოდ, პრეზიდენტს ამაზე ექნება რეაქცია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ზურაბიშვილმა შეიძლება “ქართული ოცნების” მიერ ნახსენები შეთანხმების საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინოს, რაც შეიძლება განსხვავებული იყოს მმართველი გუნდის ვერსიისგან. რთულია ამაზე მარჩიელობა. ჩვენ ხომ არ ვიცით რა ხდება პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას” შორის. აქ მეორე საკითხიც არის - პრეზიდენტის პოზიციას, როგორც გაირკვა, ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ისიც წინააღმდეგი იყო პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღების და მიაჩნდა, რომ ამით ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობას კარგავდა. ვნახოთ, შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა იცოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია და ამიტომ ის დადგა საერთაშორისო ინსტიტუტების მხარეს და არა იმ შეთანხმების მხარეს, რაც მან თითქოს მიაღწია “ქართულ ოცნებასთან”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ 2 ავიაკომპანია დაფრინავს ნახევრად ცარიელი თვითმფრინავებით

“რუსეთსა და საქართველოს შორის ავიაბილეთები ძალიან ძვირია და ამიტომ ქვეყნებს შორის მიმოსვლა მოქალაქეებს ისევ სახმელეთო გზით ურჩევნიათ. გამოდის, რომ ერთი თვის წინ მოხსნილი ავიაემბაგრო და აღდგენილი რეისები დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს. საინტერესოა, ასეთი სიძვირე შენარჩუნდება ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, თუ კომპანები ბილეთებს გააიაფებენ? მოსკოვის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომპანიებმა ბილეთების გაყიდვა ძვირად დაიწყეს. ღირებულება 1100-1200 ლარს ქვევით არ არის, ამიტომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნებს შორის მოგზაურობა კვლავ სახმელეთო გზით ურჩევნიათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით საქართველოსა და რუსეთს შორის მხოლოდ 2 ავიაკომპანია დაფრინავს ნახევრად ცარიელი თვითმფრინავებით / ბილეთი 400-500 დოლარი ღირს და ამიტომ ურჩევნიათ ისევ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ქვეყანაში.

“საქარველოდან რუსეთში “ჯორჯიან ეარვეისი” დაფრინავს. რუსეთიდან საქართველოში კი - “აზიმუტი”. “რეზონანსთვის” ცნობილია, რომ საქართველეში ფრენების დაწყება კიდევ ერთ რუსულ კომპანია - “რედ ვინგსს” სურდა, თუმცა უარი ეთქვა. “ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი კოდუა ადასტურებს, რომ ბილეთები მართლაც ძალიან ძვირია და თვითმფრინავები ნახევრად ცარიელები დაფრინავენ. “ორ მხარეს შორის პარიტეტი უნდა იყოს დაცული. ყველამ იცის, რომ არასტაბილურობიდან გამომდინარე და სხვა ბევრი მიზეზის გამო, ამ ბაზარზე შესვლაზე ოფიციალურად ვაცხადებ უარს. ჩვენგან დარჩა “ჯორჯიან ეარვეისი” (აირზენა). რუსეთიდან კი “აზიმუტი” და “რედ ვინგსი”. წესით, მეორე გადამზიდი მე რომ ვყოფილიყავი, კომპანიების თანაბრობა იქნებოდა 2-2-ზე, მაგრამ რადგან მე რუსეთში ფრენაზე უარი განვაცხადე, 2-2-ზე აღარ გამოდის და საქართველოდან წარდგენილია მხოლოდ ერთი კომპანია, ამიტომ “აირზენამ” რუსულ კომპანიებს “ჭიდაობა” დაუწყო, რომ ბაზარზე არ შემოუშვას”, - განაცხადა კოდუამ, რომლის განმარტებით, საბოლოოდ, ერთი სიხშირე მიეცა “აზიმუტს”, ერთი სიხშირე კი - “აირზენას” და მესამე სიხშირე სურდა “რედ ვინგს”, მაგრამ “ჯორჯიან ეარვეისმა” გააჩერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რედ ვინგს” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი ჰქონდა, მაგრამ “ჯორჯიან ეარვეისმა” დაბლოკა, ამიტომ ახლა რუსეთიდან დაფრინავს ერთი კომპანია - “აზიმუტი”, საქართველოდან კი - “ჯორჯიან ეარვეისი”. ეს არ ეხება ქუთაისის და ბათუმის მიმართულებას, მხოლოდ თბილისს. ბილეთების ფასები აწეულია. მგზავრებიც პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ფრენა 200 ევროდან დაიწყეს და ახლა 400 ევროა. არადა, პარიზში და ევროპის სხვა ქვეყნებში 200 დოლარად შეიძლება გაფრინდეს ადამიანი. კომპანიებს შეუძლიათ ბილეთები გააიაფონ და მგზავრთა ნაკადი გაიზარდოს, მაგრამ, ალბათ, “აზიმუტი” შეუთანხმდა, გაურიგდა “აირზენას” და მუშაობენ ერთიანი ტარიფით. კი ბატონო, თვითმფრინავები შეიძლება იყოს ნახევრად ცარიელი, რადგან ბილეთები ძვირია და ამას ადგენს “აირზენა” და არა ბაზარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კოდუა.

“მიმდინარე ეტაპზე არსებობს მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, ბილეთები შესაძლოა, გაიაფდეს. ავიასფეროს სპეციალისტის იასე ზაუტაშვილის აზრით, გადაწყვეტილება დადებთად მხოლოდ რუსულ ავიაკომპანიაზე აისახა. “გამომდინარე იქიდან, რომ ავიაციაში ე.წ. მაღალი სეზონია დაწყებული, მოთხოვნა იზრდება. მგზავრთა ნაკადი მატულობს და ტურისტული მიმართულებები უფრო მეტად დატვირთულია. შესაბამისად, რუსეთიდან იქნება თუ სხვა ქვეყნებიდან, ტურისტების შემოდინების მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა. მით უმეტეს, რომ საუდის არაბეთის, ერაყისა და სხვა დიდმა ავიაკომპანიებმა ფრენები განაახლეს საქართველოში, რადგან ტურისტული სეზონი იწყება. ანალოგიურად, მგზავრთა ნაკადის მატება შეიმჩნევა რუსეთის მხრიდანაც, როგორც სახმელეთო გზით, ისე ავიამიმართულებით”, - ამბობს ზაუტაშვილი, რომლის განმარტებით, “სურათი მივიღეთ ასეთი, რომ სანქცირებული ქვეყნის კომპანიებს დამატებითი ეკონომიკური შემოსავლის მიღების საშუალება მივეცით იმით, რომ საქართველოში პირდაპირი რეისების განხორციელება დაიწყეს”, - დასძენს გამოცემა.

“რამდენიმე ხნის წინ მოვისმინეთ თავად “აირზენას” დამფუძნებლის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით კმაყოფილი არ არის რეისების აღდგენით, რადგან 40%-ზე მეტით რეისები არ იტვირთება. მგზავრთა ნაკადის უმეტესობა (80%) არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ტურისტები, რომლებიც საქართველოში შემოდიან. ეს ყველაფერი დადებითად მხოლოდ და მხოლოდ რუსულ კომპანიაზე აისახა. ეკონომიკურ სარგებელს იღებს სწორედ რუსული ავიაკომპანია. ქართული გადამზიდავი კი როგორც აქამდე იყო, ისევ ისე დარჩა”, - დაასკვნის ზაუტაშვილი. რუსეთ-საქართველოს შორის ავიაგადაადგილება რომ ძალიან ძვირია, ამაზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძეც და აცხადებს, რომ ბილეთების ფასი არასწორად გაითვალა”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამწუხაროდ, რუსი ტურისტების გამოჩენისთანავე, რიგ შემთხვევებში, ტარიფები გაიზარდა და ეს შეუსაბამოა. ასევე, რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების ფასიც არასწორად გაითვალა. ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ. იქ, სადაც რუსეთიდან ფრენა ერთ ადამიანზე 400-500 დოლარია, მათთვის მისაღები ისევ სახმელეთო მგზავრობაა. გაუგონარი და წარმოუდგენელია ავიაკომპანიების ასეთი სიხარბე. თითქოსდა, საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევდნენ და, რეალურად, ამ სიხარბის გამო, პირიქით, მათ პრობლემებს უქმნიან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შოთა ბურჯანაძე.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით