პაატა მანჯგალაძე - კვერცხის სროლა ყოფილა ბარბაროსობა და ჩვენი ისტორიული, ძირძველი კუთხეების მიწასთან გასწორებას რა ჰქვია მაშინ? - ესაა ღირსების საკითხი და ზურაბ აბაშიძე თავად უნდა გადადგეს

კვერცხის სროლა ყოფილა ბარბაროსობა და ჩვენი ისტორიული, ძირძველი კუთხეების მიწასთან გასწორებას რა ჰქვია მაშინ? - ესაა ღირსების საკითხი და ზურაბ აბაშიძე თავად უნდა გადადგეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე და მარკ ზილბერკვიტი, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ვიზიტის დროს ახლდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

მანჯგალაძის შეფასებით, ამით ხელისუფლების ლუსტრირება კიდევ ერთხელ მოხდა.

„აბაშიძეზე ამბობენ, რომ გამოცდილი დიპლომატია, რას ახმარს მის დიპლომატიას - საქართველოს ინტერესის გატარებას, თუ რუსეთის ინტერესს? კვერცხის სროლას ეძახის ბარბაროსობას და არ გახსენებია ცხინვალი და გასწორებული თამარაშენი.

რუს პროპაგანდისტებს კვერცხის სროლის გამო უხდის ბოდიშს, ბოდიში მოიხადოს 8-9-10 აგვისტოს დაღუპული გმირი ბიჭების მშობლების წინაშე. კვერცხის სროლა ყოფილა ბარბაროსობა და ჩვენი ისტორიული, ძირძველი კუთხეების მიწასთან გასწორებას რა ჰქვია მაშინ? ღარიბაშვილის წარმომადგენელია და მის ინტერესს გამოხატავდა, როცა პრემიერი ისეთი გვყავს, "რასაც გინდა დაუძახებ", არ მიკვირს აბაშიძის დამოკიდებულება. ეს არის ღირსების საკითხი, თვითონ უნდა გადადგეს. რისთვის იხდიდა ბოდიშს- ელარჯის გაწელვა რომ ბოლომდე არ დააცადეს? ეს არის ლუსტრაცია იმ რუსული საქმის, რასაც "ქართული ოცნება" ემსახურება,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

თავად ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ „შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია”.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს