აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოდან ვიზიტის ხელისშემშლელი, პირდაპირი, მტრული მოწოდებები და გზავნილები მოდიოდა.
მისი თქმით, როცა ის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარტნიორებს მოუწოდებდა, რომ ქვეყანაში მეტი ინვესტიცია ჩაედოთ, რიჟვაძის განმარტებით, ამ დროს საქართველოში პოლიტიკოსების ნაწილი აჟღერებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება „კადიროველ მებრძოლებს მასპინძლობდა.“
„ამერიკაში მივიღეთ ძალიან პრესტიჟული, საერთაშორისო აღიარება, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ საქმეს, რომელსაც თითოეული ჩვენი გუნდის წევრი ამ რეგიონისთვის მუხლჩაუხრელად აკეთებს. სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ საერთაშორისო აღიარებასთან მიმართებაში ერთსულოვნები არ ვართ. იმ დროს, როცა ჩვენი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, პირდაპირი, მტრული მოწოდებები და გზავნილები მიდიოდა, რომ მაქსიმალურად ხელი შეშლოდა ამ ვიზიტს. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ჩვენი პარტნიორები, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე ამერიკელი პარტნიორები დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო რჩება მათ სტრატეგიულ ერთგულ მოკავშირედ და მაშინ, როცა მე ვარწმუნებდი, ჩვენს პარტნიორებს, რომ კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ, როგორც საქართველოში, ასევე აჭარაში, ბათუმში, ამ დროს დამაჯერებლობით მიდიოდა მტკიცება მთელი რიგი პოლიტიკოსების და მათთან დაკავშირებული მედიის მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ კადიროველ მებრძოლებს ვუმასპინძლეთ.
მინდა გითხრათ, რომ ესეც არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც თქვენ უკვე 19 წელია აკეთებთ, შესაბამისად, გამოცდილებაც უკვე ძალიან დიდი დაგიგროვდათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი მთავარი დასავლური მისწრაფებები რაც არის, საქმით დავამტკიცოთ. იცით, რომ ამ ვიზიტის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით, რომ ის სანუკვარი მიზანი, რომელიც არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს მოვიდეს სრულ მოქმედებაში. „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას ჯეროვნად აფასებს. გავაგრძელებთ წინ სვლას, როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ასევე, მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს იმ სამშვიდობო პოლიტიკის დამსახურებით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება პრემიერ მინისტრის და მთლიანად სახელისუფლებო გუნდის მეშვეობით ახორციელებს, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გამთლიანებას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ აჭარა დარჩეს წარმატების მაგალითად ყველასთვის, ეს ეხება მიღწევებს ეკონომიკის მიმართულებით, ეს ეხება ჩვენს საერთაშორისო აღიარებებს და სწორედ, ამ წარმატების ისტორიით ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ კიდევ უფრო წარმატებული და ძლიერი, დამოუკიდებელი და კიდევ უფრო მეტად ევროპული“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს წინაშე წლის ანგარიშის წარდგენისას.