აჭარის მთავრობა - აჭარაში 80 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იწყება 1000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, გრძელდება ათასობით სტუდენტის სწავლის დაფინანსება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის საქმიანობის 1 წლის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ანგარიშის პრეზენტაციას, მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რეგიონში განათლების ხარისხის ზრდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნის და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, 2023 წლის ბიუჯეტი 105 მილიონი ლარით განისაზღვრა.

„2022-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა. 2022 წელს განხორციელდა 40 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 2023 წელს დაგეგმილია 10 საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყება, 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 50 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა.

განათლებისა და მეცნიერების ქალაქში დასრულდა ახალი ფიზიკა-მათემატიკის პროფილის სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, სკოლა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით.

დაიწყო პროფესიული სასწავლებლის ,,ბლექსის" ახალი კორპუსის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სახელოვნებო სკოლის მშენებლობა, რომელშიც 5 სახელოვნებო სკოლა იფუნქციონირებს.

აქტიურად გრძელდება უმაღლესი საგანმანთლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 2023 წელს დაგეგმილია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1500 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, ასევე, აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1000 სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი შენობის მშენებლობის დაწყება.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დასრულდა სატრენაჟორო-საწვრთნელი კონსტრუქციის მონტაჟის სამუშაოების პირველი ეტაპი, მოეწყო ახალი სივრცე მცურავი საშუალებებისა და სხვა საზღვაო მოწყობილობების მცირე ზომის ანალოგების (მაკეტების) შესაქმნელად.

განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება. 2022 წელს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1130 სტუდენტი, 1 217 834 ლარით. ასევე, აჭარაში მოქმედ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური დაუფინანსდა 1000 სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელთაც დავალიანება წარმოექმნათ პანდემიის პერიოდში.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი აგრძელებს სტუდენტებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული ზრდის პროგრამების შეთავაზებას, მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების რეალიზების ხელშეწყობას. 2022 წელს ჩატარდა 22 ღონისძიება, რომელშიც ჩაერთო 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის საქმიანობის წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბურ სპორტულ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზეც, რაც მისივე განცხადებით, პოზიტიურად აისახება როგორც სპორტულ მიღწევებზე, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მნიშვნელოვნად ვითარდება სპორტული ტურიზმი.

სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ 2023 წელს 155 მლნ. ლარი დაიხარჯება. აჭარაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდა ბათუმის სტადიონი, ბათუმის სპორტული კომპლექსი, სრულდება ჩაქვის ძალოსანთა ბაზა, დასრულდა შუახევში ფიფას სტანდარტების სტადიონი.

2023 წელს დაგეგმილია ახალი პროექტების, ხელვაჩაურის სასპორტო კომპლექსის, ფიფას სტანდარტის „მაჭახელას" საფეხბურთო სტადიონის, ჭადრაკის სასახლის, ქედის სასპორტო კომპლექსის, საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის" საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.

2023 წელს დაგეგმილია ასევე, ყინულის არენის და საცურაო აუზის, ქობულეთის სასპორტო კომპლექსის, ბათუმის საჩოგბურთო კორტების, ფურტიოს სარაგბო მოედნის, ხუცუბნის სარაგბო მოედნის მშენებლობები.

მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2024-2027 წლებში - 133,6 მლნ. ლარი დაიხარჯება.

მთავრობის მეთაურმა სპორტში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა - 2022 წელი განსაკუთრებული იყო სპორტისათვის - საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა აჭარიდან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოიპოვეს 300-მდე მედალი, მათ შორის არიან 8 მსოფლიო ჩემპიონი, 9 ევროპისა და 79 საქართველოს ჩემპიონი.

მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორებისათვის გასაცემი ერთჯერადი ჯილდოების რაოდენობა. მთლიანი საპრიზო ფონდის მოცულობა 400 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვრა ერთი მილიონი ლარით.

2023 წელს რეგიონი მასპინძლობს არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას. 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ბათუმში გაიმართება რამდენიმე მატჩი, მათ შორის ფინალი. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში. მსოფლიო თასი ფარიკაობაში. გაიმართა ღია საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო