ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2023

4 თვე საბოლოო გადაწყვეტილებამდე - რაზე მიანიშნებს ევროკომისიის შუალედური ანგარიში

ყველაზე პრობლემური რეკომენდაცია - რის მიხედვით აფასებს ევროპა მედია პლურალიზმის ხარისხს საქართველოში

თბილისი სიძვირით უკვე დიდ ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდება

* * *

4 თვე საბოლოო გადაწყვეტილებამდე - რაზე მიანიშნებს ევროკომისიის შუალედური ანგარიში

“ევროკომისიის შუალედური ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესზე არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს, მიანიჭებენ თუ არა წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ 4 თვეა და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას წესით არ უნდა გაუჭრდეს სასურველი შედეგის მიღწევა. ევროკომისიამ 21 ივნისს ბრიუსელში გამართულ ზეპირ მოსმენაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უკვე გააცნო თავისი შალედური ანგარიში. ხუთშაბათს კი მას სტოკჰოლმში ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე”- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 4 თვე საბოლოო გადაწყვეტილებამდე - რაზე მიანიშნებს ევროკომისიის შუალედური ანგარიში.

“ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში ცალკეული რეკომენდაციების პროგრესის შეფასება დაყოფილია კატეგორიებად “სრული”, “ნაწილობრივი”, “შეზღუდული” და “არანაირი პროგრესი”. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან 3 შეფასებულია, როგორც “სრულად” შესრულებული - ეს ეხება გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და სახალხო დამცველის დანიშვნას. ნაწილობრივად “შესრულებულად” ჩაითვალა 7 რეკომენდაცია - დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ევროკომისიის შეფასებით, “შეზღუდული” პროგრესი იქნა მიღწეული დეოლიგარქიზაციის კუთხით. ხოლო მედია პლურალიზმთან დაკავშირებით “არანაირი პროგრესი” არ არის მიღწეული. შედარებისათვის, ამავე ანგარიშის თანახმად, მოლდოვამ სრულად შეასრულა ცხრა პრიორიტეტიდან სამი; ხოლო უკრაინამ სრულად შეასრულა შვიდიდან ორი რეკომენდაცია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე, მას კანდიდატის სტატუსზე დადებით პასუხის მოლოდინი, საწუხაროდ, არ აქვს. “ევროპარლამენტში ვნახეთ დებატები და მოვისმინეთ პირდაპირ როგორ აცხადებდნენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ რა სახის პრეტენზიები აქვთ. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს, რომლებსაც საქართველოს მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ, ჩვენმა ხელისუფლებამ ამის კიდევ მეტი საბაბი მისცა: ჯერ როცა ე.წ. აგენტების რუსული კანონი მიიღო და რაც მოხდა ვნახეთ და ახლა დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელსაც ასევე ცინიკურად მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კი, ბატონო, ახლა ამბობენ, რომ დეკემბრამდე მიღებას გადავდებთო, რადგან შარლ მიშელმა პრემიერს სთხოვა არ მიიღოთო. მიუხედავად იმისა, რომ ელჩმაც განაცხადა - ამ კანონის ამოღებას არ ვაპირებთ რეკომენადციებიდანო, ხოლო ვენეციის კომისიამ თავისი დასკვნით კანონში ბევრ ხარვეზებზე მიგვითითა, მაინც იგივეს გაიძახიან”, - ამბობს გოგოლაშვილი, რომლის თქმით, “ყველაზე სკეპტიკურად მაინც გერმანიაა განწყობილი და არავინ იცის შოლცმა ღარიბაშვილს კარს მიღმა რა ესაუბრა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ტვიტერზე” გამოქვეყნებული განცხადება რადიკალურად სხვა შინაარსის არის, რასაც პრემიერს შოლცი კარს მიღმა ეტყოდა. შარლ მიშელმაც კარს მიღმა სრულიად სხვა რამ უთხრა პრემიერს. გახმაურდა, რომ გერმანიამ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით გარკვეული კონცეფცია შეიმუშავა და იქ წერია, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ, ხოლო საქართველოს საკითხმა ცოტა იქით გადაიწია. უკვე აქედანაც გასაგებია შოლცმა ღარიბაშვილთან რაზეც ილაპარაკა. უბრალოდ ამას არ ახმაურებენ. შუალედური დასკვნიდანაც ჩანს, რომ საქართველოში სისტემური ცვლილებებია საჭირო და ამის გარეშე ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსს ვერ მისცემენ. ამის გარდა, ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობები თბილი არ არის. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის საგარეო და უსაფთხოების საკითხებში ერთობლივ განცხადებებს არ უერთდება, დამატებით კითხვებს აჩენს ეროპელებისთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

“არცთუ კარგ ურთიერთობას რუსეთიდან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლაც დაემატა. საქართველოს ხელისუფლებამ ისე მიიღო ეს გადაწყვეტილებები, რომ ევროპელებთან კონსულტაციებიც კი არ გაუვლიათ. ასევე, ბოლო დროს, რაც უფრო ახლოვდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერიოდი, ჩვენი ხელისუფლებიდან ძალიან უცნაური რიტორიკა ისმის - ბრალდებები იმაზე, რომ დასავლეთს საქართველოში ომის დაწყება უნდა და ა.შ. ევროპარლამენტარებმაც თქვეს, ამის მოსმენა უკვე მოგვწყინდაო. ყველაფერი ეს ხომ ჯამში ურთიერთობას აფუჭებს. ეუბნებიან ჩვენს ხელისუფლებას, რომ თუ გინდათ მიგიღოთ ჩვენთან, მოიქეცით ასე და ასე. ესენი პირიქით იქცევიან და თან დაჟინებით მოითხოვენ - მიგვიღეთო. სამწუხაროდ, სტატუსს ქვეყანას აძლევენ, ხალხს კი არა. გასაგებია, რომ ხალხს უნდა, მაგრამ თუ სახელმწიფომ ის მოთხოვნები არ შეასრულა, რაც გვითხრეს, ამის გარეშე არავინ არსად მიგვიღებს”, - დაასკვნის გოგოლაშვილი.

“ფონდის “ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ შუალედური დასკვნით წინასწარ ვერ ვიტყვით მოგვანიჭებს თუ არა ევროკავშირი კანდიდატის სტატუს. ჩხიკვაძის აზრით, ოქტომბრამდე დრო ჯერ კიდევ დარჩენილია, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. ჩხიკვაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ნამდვილად აქვს სურვილი, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს”, - დასძენს გამოცემა.

“ოქტომბრამდე დიდი დროა დარჩენილი და ამ ოთხ თვეში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ამიტომ წინასწარ რაიმეზე მოლოდინის შექმნა, რომ ან დადებით პასუხს მივიღებთ და ან უარყოფითს, ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. მაგ დროისთვის შესაძლოა, თუკი ხელისუფლების პოლტიკიური ნება იქნება, ბევრი რამ გაკეთდეს. ასევე არაა გამორიცხული კიდევ უფრო გაფუჭდეს ურთიერთობა ევროპასთან, ან ქვეყნის შიგნით სიტუაცია. ამის გამოცდილებაც გვქონია, ამიტომ ამ ეტაპზე რაიმე მოლოდი არაპროფესიულია. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყანაა საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან შესაძლოა აზრი ბევრმა მათგანმა შეიცვალოს, თუკი 12 პუნქტი სრულად შესრულდება; თუნდაც გერმანიამ, რომელზეც არის საუბარი, რომ ჩვენს მიმართ მათ სკეპტიციზმი აქვთ. ბევრი სცენარით შესაძლოა მოვლენები განვითარდეს და მე ვუშვებ იმას, რომ შესაძლოა გარკვეული დათქმებით კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. ამის შანსი 50/50-ზეა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო ჩხიკვაძე.

ყველაზე პრობლემური რეკომენდაცია - რის მიხედვით აფასებს ევროპა მედია პლურალიზმის ხარისხს საქართველოში

“საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო 12 რეკომენდაციიდან, არაოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე პრობლემურად მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა მიიჩნევა. ქართველი ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას ასეთ შეფასებას არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში მედიის პოლარიზაციის პრობლემა უფრო დგას, ვიდრე მედიის მრავალფეროვნების. ევროკომისია 22 ივნისს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ევროპული რეკომენდაციების გაუმჯობესების ხარსხზე იმსჯელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ყველაზე პრობლემური რეკომენდაცია - რის მიხედვით აფასებს ევროპა მედია პლურალიზმის ხარისხს საქართველოში.

“რადიო თავისუფლების” ევროპული ბიუროს რედაქტორი რიკარ იოზვიაკი “ტვიტერზე” წერს, რომ ევროკომისიის შეფასებით, მოლდოვასა და უკრაინას კარგი პროგრესი აქვთ, საქართველოს კი მეტი ძალისხმევა სჭირდება. ყველაზე პრობლემურად კი მედია პლურალიზმის საკითხია მიჩნეული, სადაც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს პროგრესი საერთოდ არ აქვს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ საქართველოში მედიის პოლარიზაციის პრობლემა უფრო დგას, ვიდრე მედიის თავისუფლების. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს რომ დასავლეთის ზოგიერთი წრეები ცდილობენ რომ “ქართული ოცნების” პირობებში საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამგვარი განცხადებებით, ახდენენ ხელისუფლების შეცვლის, რევოლუციის მოწყობის და „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნების პროვოცირებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზოგადად რომ შევხედოთ ქართულ მედია სივრცეს, უფრო პოლარიზებულს ვიტყოდი, ვიდრე იმას, რომ მრავალფეროვანია. განსაკუთრებით ინტერნეტ მედია უფრო პროპაგანდისტულია, ვიდრე თავისუფალი. მაგრამ როგორ არის ეს ასახული შესრულებული რეკომენდაციების ნუსხაში, ამაზე გამიჭირდება საუბარი. პოლარიზებულია მედია იქედან გამომდინარე, რომ პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი და ამის ასახვა ხდება მედია სივრცეშიც. დღეს არსებობს ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარებიან, მაგრამ მშვენივრად არიან ოპოზიციური პარტიების გავლენის ქვეშ. ამიტომ ის თავისუფალი არ არის, ის არის პარტიული ტელევიზია. როგორ მოგვარდება მედიაპლურალიზმის პრობლემა? არ არის ეს ისეთი პრობლემა, რომ ერთმა კანონპროექტმა შეძლოს მისი მოწესრიგება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მთლიანობაში უნდა გატარდეს რეფორმები, ანუ სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ცალკე ვერ დავწერთ ისეთ კანონს, რომელიც თავისუფალ მედიას შეგვიქმნის თუნდაც ამ სისტემაში, რა სისტემაშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როდესაც სასამართლოსადმი ნდობა არა აქვს პოლიტიკურ სპექტრს, იქ რა მედიის თავისუფლებაზეა საუბარი?! მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს, დემოკრატიის სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა ჩამოყალიბდეს და მაშინ გახდება მედია მართლა თავისუფალი. ეს უნდა განხორციელდეს არჩევნების სანდოობიდან სასამართლო თავისუფლებამდე”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“მედია პლურალიზმის საკითხთან „მთავარი არხის" გენდირექტორის, ნიკა გვარამიას საკითხის დაკავშირების მცდელობა იმას ისახავს მიზნად, რომ საქართველომ წელს ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც შეიძლება აქციებისა და ხელისუფლების ცვლილების საფუძველი გახდეს. გვარამიას საკითხით აპელირება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ გარკვეული წრეები დასავლეთში ცდილობენ ხელისუფლებაში ისევ “ნაციონალური მოძრაობა” მოიყვანონ. ამ ფონზე აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, რომელიც ხელს შეუშლის “ქართული ოცნების”, თუ შეიძლება ასე ითქვას, წარმატებებს, რადგან თუ ვერ მიიღო ქვეყანამ “ქართული ოცნების” ხელში კანდიდატის სტატუსი, მაშინ დიდი შანსია, რომ გამოვა ხალხი ქუჩაში და მოხდება რევოლუცია. ამ რევოლუციისკენ ცდილობენ უბიძგონ ქვეყანას”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

თბილისი სიძვირით უკვე დიდ ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდება

“თბილისში ტურისტებისთვის ცხოვრება გაძვირდა და თითქმის წამყვან ევროპულ ქალაქებს დაეწია. ფასი გაიზარდა მომსახურების კუთხითაც, რაც არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნის პრობლემას. ახლა, ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში საქართველო 181-ე ადგილზეა. თბილისში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირი იყო, ვიდრე რეგიონის სხვა ქალაქებში. ტურისტულად ცხოვრების დონის გაძვირებას ერთი დადებითი შედეგი მოაქვს ეკონომიკური კუთხით, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფასების მატება მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე, რაც მათ დისკომფორტს უქმნის. 2022 წლის რეიტინგში თბილისს სიძვირით 217-ე ადგილი ეკავა. წელს საქართველოს დედაქალაქმა რეიტინგში 36 ადგილით დაწინაურდა და 181-ე ადგილზე გადაინაცვლა. ცნობისთვის, უცხოელი სპეციალისტებისთვის წელს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქებია ჰონგ-კონგი, სინგაპური და ციურიხი. რეიტინგის ავტორებმა უცხოელებისთვის ყველაზე იაფ ქალაქებს შორის დაასახელეს ტაშკენტი, ანკარა, დუშანბე, ბიშკეკი და ჰავანა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თბილისი უკვე დიდ ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდება სიძვირით / “ტურისტი რამდენიმე დღეში მიდის, თუმცა მაღალი ფასები, რაც ქვეყანაში იყო, არ მცირდება, რაც დიდი პრობლემაა ადგილობრივებისთვის”.

“როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს დედაქალაქში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირია, მისი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. თბილისი უკვე დიდ ევროპულ ქალაქებს არ ჩამოუვარდება სიძვირით. “როდესაც ამა თუ იმ ქალაქში არსებულ სიძვირეზე ვსაუბრობთ ყურადღება ორ ასპექტს უნდა მივაქციოთ. ერთი - რამდენად ძვირია ქვეყანაში ცხოვრება ადგილობირივ მოსახლეობისთვის და მეორე - რამდენად ძვირია უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში გარკვეული ვადით არიან ჩამოსული. უცხოური ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, თბილისში ცხოვრება ყოველთვის უფრო ძვირი იყო. ეს დაკავშირებულია ცხოვრების რიტმთან. ბიზნესისა და ეკონომიკური აქტივობის დიდი ნაწილი დედაქალაქზეა მიბმული. ბოლო მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის ორი მესამედი და პროდუქციის გამოშვების ნახევარი თბილისზე მოდის. მთელ დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მეტი წილი უკავია ამ მაჩვენებლებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს ცხოვრების ღირებულებაზე”, - ამბობს არჩვაძე, რომლის აზრით, “მედლის მეორე მხარე ის არის, რომ შემოსავლები თბილისში უფრო მაღალია მოსახლეობის ერთ სულზე, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უცხოელები, ვინც დაინტერესებული არიან საქმიანი ურთიერთობით, ინვესტიციებით, მათთვისაც საკმაოდ ძვირია აქ ცხოვრება. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ სამომხმარებლო დოვლათზე, არამედ იმაზე რამდენად არის დედაქალაქში მათი განთავსებისათვის საკმარისი და სასურველი სტანდარტების საცხოვრისი, უძრავი ქონება, რესტორნებისა და კაფეების ქსელი და ა.შ. როცა ნაკადი იზრდება და საკმარისი მიწოდება არ გაქვს, ამან შეიძლება ხელოვნური გაძვირება გამოიწვიოს. 1990-იანების დასაწყისში საქართველოში და თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო “შერატონ მეტეხი პალასი”, ხოლო დღეს ყველა ფეხის ნაბიჯზეა ასეთი ობიექტები. ტრადიციულად, თბილისში მომსახურების ღირებულება არასდროს ყოფილა დაბალი და ნამდვილად არ ჩამოუვარდება ევროპას სიძვირით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.

“ფასების მატება პირველ რიგში ადგილობრივებს უქმნის დისკომფორტს, ამიტომაც საერთაშორისო ტურიზმის თანმდევი პროცესები მოსახლეობაზე არც თუ ისე კარგად აისახება. დედაქალაქში ცხოვრება ისედაც ძვირია, როგორც მომსახურების თუ პროდუქტების ღირებულების, ასევე სხვა კუთხითაც. ახლა როცა, თბილისში ცხოვრება გაძვირდა, ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის ადგილობრივებს, განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ პერიოდში. სოციოლოგ პაატა აროშიძის შეფასებით, საერთაშორისო ტურიზმს ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა ამ დროს ასევე იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯიც”, - წერს სტატიის ავტორი.

“ტურიზმისათვის სიძვირე დამახასიათებელია, განსაკუთრებით საერთაშორისო ტურიზმში ჩართული ქვეყნებისათვის. როდესაც უცხოელი ტურისტები ჩამოდიან და ჩამოაქვთ თანხა, რომელიც მათ ქვეყანაში არის გამომუშავებული და ეს უნდა დაიხარჯოს სხვა ქვეყანაში. სეზონურად აქტიურ პერიოდში საქართველოს კურორტებზე ცხოვრებისთვის უფრო მეტი თანხაა საჭირო, ვიდრე ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე. სეზონური თუ არასეზონური პროდუქცია, ხილი თუ ბოსტნეული თუ სხვა აქტიურ ზონებში მაგალითად, თბილისში, ბათუმში, ბორჯომი, გუდაურში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იქ, სადაც ტურისტული აქტივობა ნაკლებია. როცა ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი განვითარებულია, გარდა იმისა, რომ ამას ქვეყნისთვის ფული შემოაქვს, აქვს მეორე მხარეც - იზრდება ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯიც. ძვირდება ცხოვრება, კვება, მომსახურება და ა.შ. ტურისტი შემოდის და რჩება რამდენიმე დღე, შემდეგ მიდის, თუმცა ის მაღალი ფასები, რაც ქვეყანაში იყო, რჩება და არ მცირდება, რაც ნამდვილად დიდი პრობლემაა”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება