პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ დასავლეთთან ახალი მძევლით ვაჭრობას შეეცდება და ოპოზიცია ფხიზლად უნდა იყოს

ნიკა გვარამიას გათავისუფლება წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე - რისკია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებზე მიიტანონ იერიში, "ოცნება" ეცდება სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანას, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" დასავლეთთან ახალი მძევლით ვაჭრობას შეეცდება და ოპოზიცია ფხიზლად უნდა იყოს.

"ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული წარმატებული ნაბიჯი. მეშვიდე პუნქტზე ევროკომისრებმა პირდაპირ თქვეს, რომ მედიასთან დაკავშირებით იყო ნულოვანი პროგრესი, ნიკა გვარამიას გამო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ. გაუგებარია ამ წარმატებას რატომ აღიქვამს "ქართული ოცნება" პირად მარცხად. რადიკალური ჯგუფები "ქართულ ოცნებაში" ითხოვენ ანგარიშსწორებას, ამიტომ რისკია, რომ გვარამიას გათავისუფლებას რადგან "ქართული ოცნება" აღიქვამს პირად მარცხად, სხვა ოპოზიციონერ ლიდერებზე მიიტანონ იერიში. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ტყვეობაში. მე ველოდები, რომ უახლოეს ხანში "ქართულ ოცნებას" ექნება მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის მცდელობა, არა იმიტომ, რომ კარგად არის, არამედ იმისთვის, რომ დააშოშმინოს მისი რადიკალური მხარდამჭერები. ამიტომ ოპოზიციას მოვუწოდებ, ვიყოთ ერთად, ფრთხილად, რადგან "ქართული ოცნება" ეძებს ახალ ტყვეს, რომლითაც შეეცდება ივაჭროს დასავლელ პარტნიორებთან," - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გვარამია გათავისუფლდა, მედიასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით რჩება მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. მანჯგალაძის განცხადებით, ძალაში რჩება მათი წინადადება, რომ ყველა ამ საკითხზე დაიწყოს პარლამენტმა ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა და იმუშაონ ერთობლივად უმრავლესობასთან.

"გუშინ სტოკჰოლმში ნახეთ ევროკომისიის შეფასება, სადაც მთავარი გზავნილი იყო "დაიჭირეთ ეს მომენტი და გამოიყენეთ". ამის ნაცვლად, "ქართული ოცნება" კვლავ ნიჰილიზმს თესავს საზოგადოებაში და ამბობენ, რომ ბურთი მაინც ევროპის მოედანზეა მიუხედავად იმისა, რომ სამი რეკომენდაციაა შესრულებული და ევროპა უნდა იყოს სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. ევროკომისარმა პირდაპირ ჩამოთვალა საკითხები, ესაა: საარჩევნო საკითხი და იცით, რომ არათუ რეკომენდაცია არ შეასრულა, გააუარესა ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის წესი. ამ საკითხზე შეთავაზებული გვაქვს 2 პროექტი და მზად ვართ ერთობლივად განვიხილოთ. მეორე საკითხი ესაა სასამართლო რეფორმა და პირდაპირ თქვა ევროკომისარმა, რომ რეფორმა უნდა იყოს ფუნდამენტური, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი და არა ფასადური. 2 ინიციატივა გვაქვს აქაც ოპოზიციას შეთავაზებული და მიუხედავად მათი ბუნებისა, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ თანამშრომლობას. მესამე საკითხი, რაზეც ევროკომისარმა ისაუბრა, არის ანტიკორუფციული სააგენტო და ნაცვლად დამოუკიდებელი უწყებისა, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული უწყება საგამოძიებო ფუნქციების გარეშე. აქაც ჩვენ ოპოზიციას ერთობლივად გვაქვს ინიცირებული არასამთავრობოების მიერ მომზადებული პროექტი და მზად ვართ ვიმუშაოთ ამ მიმართულებითაც. საუბარი იყო იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებაზეც და პირდაპირ მოწოდებაა მაღალი რეპუტაციის, კეთილსინდისიერი პირების არჩევა და არა ახალი მურუსიძეების და ჩინჩალაძეების დამატება. ამ პროცესისთვისაც ოპოზიცია მზად არის. ასევე საუბარი იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე და შევახსენებ "ქართულ ოცნებას", მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობდით, შარლ მიშელს გადაახიეთ და ევროპელებს გადაახიეთ დოკუმენტი თავზე, ეს 19 აპრილის დოკუმენტი კვლავ დაგხვდათ წინ და ეს 12 რეკომენდაცია სწორედ სახეშეცვლილი 19 აპრილის შეთანხმებაა.

პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მთავარი დაბრკოლება არის არა დასავლეთი, ოპოზიცია, ქართველი ხალხი, არამედ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა