იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობაში“ გონიერი ლიდერების დეფიციტია და ვფიქრობ, გვარამიას უნდა ჰქონდეს ეს ამბიცია - მე თუ ვხედავ „ნაცმოძრაობაში“ ნიკა გვარამიას, ვხედავ სააკაშვილის გვერდით და არა სხვა რომელიმე ფლანგზე

„ნაცმოძრაობაში“ გონიერი ლიდერების დეფიციტია და ვფიქრობ, გვარამიას უნდა ჰქონდეს ეს ამბიცია, რომ "ნაცმოძრაობას" მეტი ჭკუა ჰქონდეს საჯარო ურთიერთობებისას - მას მიხეილ სააკაშვილის გვერდით ვხედავ და არა რომელიმე ფლანგზე, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ქვეყანას ერთით ნაკლები პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე რატომ არ გააკეთა ეს. სხვა მხრივ, ვფიქრობ და აქამდეც ბევრჯერ გვითქვამს, რომ გვარამია რა მუხლითაც იჯდა ციხეში, იმ მუხლით თუ ხალხს ჩავსვამთ, ჩემი ბევრი კოლეგა იქნება დასაჭერი როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, რადგან არ მეგულება ადამიანი, ვისაც ჰყოლია სამსახურებრივი მანქანა და ის არ გამოუყენებია არასამსახურებრივი მიზნით. ასევე, ეს გადაწყვეტილება დადებითია იმ თვალსაზრისითაც, რომ ერთით ნაკლები უკანონო პატიმარი ჰყავს ქვეყანას”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ციხეში გატარებული ერთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, გვარამია შეცვლილია და შესაძლოა მასთან თანამშრომლობის რესურსი არსებობდეს.

„ვუსმენდი გვარამიას განცხადებებს გუშინ, შეცვლილი მომეჩვენა და მინდა დავიჯერო, რომ კარგისკენ არის შეცვლილი და ერთწლიან პატიმრობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ცუდი იქნება ციხეში ერთი წელი იჯდე, არაფერში არ შეიცვალო და იგივე დაპირისპირება გააგრძელო, შენთვის არმოსაწონი ადამიანების დაბლოკვა და ა.შ. ვფიქრობ, არსებობს შანსი გვარამია სათანამშრომლოდ შეცვლილი იყოს, რთულად წარმომიდგენია, ადამიანი ერთი წელი ციხეში იჯდე, ტელევიზორს უყურებდე, ფიქრობდე და ვერ მიხვდე იმას, რომ ჩვენ „ქოცებთან“ შეკრული არ ვართ, რასაც აქამდე გვაბრალებდა და რა არგუმენტითაც დაბლოკილები ვიყავით მის არხზე. ამიტომ იმედი მაქვს, მას შემდეგ რაც დაისვენებს, მოგვეცემა საშუალება მშვიდად ვილაპარაკოთ იმის გათვალისწინებით, რომ მასში ციხემ რაღაც გარდატეხა და ცვლილება მოახერხა",- განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რამდენად ხედავს გვარამიას პოლიტიკაში, ხვიჩია ამბობს, რომ გვარამიას თუ სადმე ხედავს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის გვერდით.

„ნაცმოძრაობიდან“ გვარამიას გამიჯვნა რთული იქნება და მას არც მოუცია საფუძველი, ვთქვათ, რომ ნაცმოძრაობას ემიჯნება და სხვა პარტიას ამყარებს. ვფიქრობ, „ნაცმოძრაობაში"არსებობს გონიერი ლიდერების დეფიციტი და გვარამიას ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს ეს ამბიცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ოდნავ მეტი ჭკუა ჰქონდეს საჯარო ურთიერთობების დროს. „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი ფლანგი ჩემი აზრით და ამ ფლანგს ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, მე თუ ვხედავ სადმე „ნაცმოძრაობაში“ ნიკა გვარამიას, ვხედავ მიხეილ სააკაშვილის გვერდით და არა სხვა რომელიმე ფლანგზე”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს