თინა ხიდაშელი - სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების განცხადებებს, ყოველი სიტყვა, რომელიც მოწოდებებში იყო, წელიწად-ნახევარია ასამოქმედებელია - „ქართულ ოცნებას“ კი არანაირი სცენარი არ აქვს

სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიებისგან განცხადებებს. ყოველი სიტყვა, რომელიც ამ მოწოდებებში იყო, წელიწად-ნახევარია ასამოქმედებელი და გასაკეთებელია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც რუსეთში 23-24 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა.

როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდს არანაირი სცენარი არ აქვს.

„მე სრულად ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციური პარტიებისგან განცხადებებს. ყოველი სიტყვა, რომელიც ამ მოწოდებებში იყო, წელიწად-ნახევარია ასამოქმედებელი და გასაკეთებელია. ეს არ იყო, არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა. უსაფრთხოების საბჭოს რეჟიმში მუშაობა; რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა; არავითარი პირდაპირი ფრენები; სავიზო რეჟიმის შემოღება; საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის აქ ყოფნის რეჟიმის შეცვლა - ეს არის აუცილებელი მინიმუმი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ამოცანებიდან გამომდინარე.

ვიცნობ ამ ადამიანებს [ქართული ოცნება] და დარწმუნებული ვარ არანაირი სცენარი არ აქვს. მათ არანაირი უნარი აქვთ, რომ რამე სცენარი ჰქონდეთ. ისინი არიან იმის იმედად, რომ ის ბრძენი კაცი საჭირო მომენტში, სწორად დაინახავს სიტუაციას და სწორ რჩევებს მისცემთ, ამიტომ არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო, ამიტომ არ ელაპარაკებიან არავის. ამიტომ ამბობდა ირაკლი კობახიძე, რომ არანაირი რჩევა არ გვჭირდებაო. როგორ შეიძლება დემოკრატიულ სახელმწიფოში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასეთ სიტყვებს ამბობდეს. ეს ხომ არის დადასტურებული ტოტალიტარიზმი. რას ნიშნავს არავისი რჩევა არ სჭირდებათ? ანუ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია აქვთ“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა უშუალოდ, რუსეთში 23-24 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე.

მისივე შეფასებით, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სამხედრო ამბოხების მცდელობამ მსოფლიოს დაანახა თუ რა სუსტია დღეს რუსეთის ხელისუფლება და როგორი მოწყვლადია ნებისმიერი ტიპის გართულებების მიმართ.

„ყველას კარგად გვახსოვს წელიწად-ნახევრის წინ დადებული პირობა, რომ რამდენიმე დღეში კიევი უნდა აეღო კრემლს, წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ლამის კრემლმა აიღო კრემლი.

რუსულ სამხედროთა შორის „ვაგნერის“ დაჯგუფება არის ერთადერთი, რომელმაც ფრონტზე რაღაც ტიპის წარმატების ჩვენება შეძლო. რუსეთის ხელისუფლების შესახებ არსებული მითი და რუსული ჯარის შესახებ არსებული მითები, მითებია და მას რეალობასთან საერთო არ აქვს.

პუტინის „ზეკაცობის“ მითი 2022 წლის თებერვალს დაიმსხვრა, როდესაც მან შუა საუკუნეების მეთოდით ტანკი გადააგორა უკრაინის საზღვარზე, მაგრამ ხელშეუხებლობის მითი არ მგონია, რომ ამ მოვლენით დაინგრა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება