ანა ბუჩუკური - „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის ცესკოს სრულად იქვემდებარებს

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის სრულად იქვემდებარებს ცესკოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.

„პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ და მივესალმები. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ერთადერთ მიზანს ისახავს, ეს არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და სრულად იქვემდებარებს ყველა სახელმწიფო უწყებას პარტიულ ვერტიკალში, მათ შორის, ცესკოს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ის ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ოლივერ ვარჰეის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც გადასადგმელ ნაბიჯებს შორის დაასახელა საარჩევნო კოდექსში იმ ჩასწორების შეცვლა, რომლის შედეგადაც, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა.

ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.

„ეს ცვლილებები არ აზიანებს მხოლოდ შიდა კონტექსტში არსებულ ვითარებას და მხოლოდ ერთ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტს. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ მძიმე შეფასებები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როცა დაკვირვების ქვეშ ვართ და გამადიდებელი შუშით აკვირდებიან რამდენად სრულდება რეკომენდაციები, ეს ცვლილებები კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას