მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ახალი რეკრეაციული სივრცეები ეწყობა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, შიდა საუბნო სკვერის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს 21-ე მკ/რ-ში, სადაც პროექტის განხორციელება, რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.
სამუშაოების მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.
,,მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, რუსთავში ვაგრძელებთ შიდა საუბნო სივრცეების განვითარებას, როგორც დასასვენებელი, სპორტული, ასევე საბავშვო და რეკრეაციული ზონების მოწყობას. ამ რეკრეაციული სივრცის მოწყობაც, სწორედ მოსახლეობასთან ერთად დავგეგმეთ. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე გავეცანით. პროექტი აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს და ქალაქს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, 21-ე მიკრო რაიონში ახალი საზოგადოებრივი სივრცის პროექტი 3486 კვადრატულ მეტრ ფართობზე, საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო მოედნის, ატრაქციონების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის, დასასვენებელი სივრცეების, მწვანე ზონების მოწყობას, და დეკორატიული ხე-მცენარეების დარგვას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ახალი სკვერი, სათვალთვალო კამერებითაც იქნება აღჭურვილი. პროექტი სრულად რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 414 439 ლარია.