ირაკლი კობახიძე - ვხედავთ საბოტაჟის და იმის ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი - სწორედ ამის გამო ჩვენ  პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გვჭირდება

ვხედავთ ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი. სწორედ ამის გამო ჩვენ ვეტოს დაძლევა გვჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. ირაკლი კობახიძის თქმით, ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არ არსებობს პროცედურა, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა მოხდება.

"ჩვენ ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამოც. რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც ამ პროცედურას უკავშირდებოდა, უკვე ამოქმედებულია. შესაბამისად, ვეტო თუ არ დაიძლევა, გამოვა, რომ არ არსებობს უბრალოდ პროცედურა, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა მოხდება. ეს ტექნიკური მიზეზით, თუმცა, მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს. იმის ინტერესს, რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი. თავის დროზე, როდესაც შესაბამისი პუნქტი ჩაიდო 19 აპრილის შეთანხმებაში, ამ პუნქტის მიზანი სწორედ ეს იყო. მიზანი იყო ცესკოში ინსტიტუციური კრიზისის შექმნა. სწორედ ამის გამო ჩვენ პირველად პროექტს ხელი არ მოვაწერეთ და მხოლოდ გადასინჯულ ვერსიას მოვაწერეთ ხელი. ახლაც ზუსტად იგივე ინტერესს ვხედავთ,რომ ცესკო-ში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი. სწორედ ამის გამო ჩვენ ვეტოს დაძლევა გვჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება, თუმცა, "ამ ეტაპზე ვეტო არის დასაძლევი".

„ამის შემდეგ თუ იქნება რაიმე არგუმენტები, კონსულტაციების მოთხოვნა და ასე შემდეგ, ჩვენ ამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, პრეზიდენტის ვეტოც კი შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარსს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ეს ვეტოც არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარსს. აქედან გამომდინარე, 19 აპრილის შეთანხმება მხოლოდ საბაბია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი ღირებულება არ აქვს 19 აპრილის შეთანხმებას. ერთი, იმის გამო, რომ ის უკვე ანულირებულია, არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს და მეორე, გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება იყო საბოტაჟის და ამის მხარდაჭერის შედეგი. აქედან გამომდინარე, ვერც პოლიტიკური და ვერც მორალური თვალსაზრისით ჩვენთვის ვერავითარი ღირებულება ვერ ექნება 19აპრილის შეთანხმებას. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამ პროცესების გათვალისწინებით ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს აღარ შევალთ ასეთ მოლაპარაკებებში და არასდროს აღარ დავდებთ ისეთ შეთანხმებას, როგორიც 19 აპრილის შეთანხმება იყო“, -განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა