ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების” წევრი ნატალია ზოიძე აცხადებს, რომ რუსულ წარწერებთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს ახორციელებს. მისი თქმით, ფაქტის გამო რამდენიმე ობიექტი უკვე დაჯარიმდა.
ნატალია ზოიძის განმარტებით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე საქართველოს კანონმდებლობას პატივს უნდა სცემდეს.
“მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებულია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ენაზე წარწერა არ არის ან შრიფტი პატარაა. რეაგირება გაგრძელდება, რათა საქართველოს კანონმდებლობას პატივი სცეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ. 30 ობიექტი დაჯარიმდა, 20 შემთხვევა გამოსწორდა, 10 დემონტირებული იქნა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის მიღებას, ჩვენ გამოგვითხოვია ინფორმაცია მერიიდან და საკრებულოდან და მიგვიღია.
საკრებულოს წევრს პრობლემა არ ჰქონია”, - განაცხადა ნატალია ზოიძემ.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბათუმში რუსულენოვანი კაფე-ბარებისა და სალონების გახსნა გააპროტესტეს.
ოპოზიციის წევრების თქმით, კანონის მიღმა სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეები იქმნება, რაც მიუღებელია.
ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრს ბათუმის მერია საჯარო ინფორმაციას არ აწვდის.
რეზო ხარაზის თქმით, ქალაქში არსებულ ქაოსურ მშენებლობებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე შეკითხვები აქვთ.