იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ცხოველების წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
პროექტის თანახმად, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან/და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 საათამდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ერთიდან სამ წლამდე.
ცვლილების თანახმად, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: ჯგუფურად, საჯაროდ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, ორი ან მეტი ცხოველის მიმართ, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
„ჩვენი მიზანია ამ კონკრეტული ქმედებების თავიდან არიდება და პრევენცია. ჩვენი სწორება ამ სანქციის გამკაცრების - დამამძიმებელი გარემოებების შემოტანის, იმას ემსახურება, რომ ყველამ კარგად გავაცნობიეროთ - ცხოველისადმი მოპყრობას აქვს წესები და თუკი ადამიანი მიდის იქამდე, რომ შეუძლია სასტიკად მოეპყროს ცხოველებს, მაშინ მოქმედებს უკვე შესაბამისი სამართლებრივი სივრცე", - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.