ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ქვემო ქართლში, ბაგა-ბაღების გაერთიანების 2800-ზე მეტი თანამშრომელი ოცდათზე მეტი დასახელების სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უფასოდ მიიღებს.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ხელი მოწერა მემორანდუმს, დოკუმენტის გაფორმებას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ესწრებოდნენ, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, სამედიცინო კლინიკებისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები.
,,მემორანდუმს ხელი შვიდივე მუნიციპალიტეტის მერმა და 13 კლინიკის ხელმძღვანელმა პირმა მოაწერა. აღნიშნული მემორანდუმის უპირველესი მიზანია, ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ნამდვილად მისასალმებელია მუნიციპალიტეტებისა და სამედიცინო კლინიკების ჩართულობა და მე, ჩემი მხრივ ყოველთვის მზად ვარ, ხელი შევუწყო ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მიღებულ ინიციატივებს“ - აღნიშნა შეხვედრის დროს გიორგი დოხტურიშვილმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით რეგიონში ოპერირებად სამედიცინო კლინიკებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ, წინასწარ განსაზღვრული კვლევებისა და კონსულტაციების უფასოდ მიღებას შეძლებენ.
ბენეფიციარები სამედიცინო მომსახურების მიღებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე შემდეგ სამედიცინო კლინიკებში შეძლებენ:
რუსთავის N2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი;
კლინიკა რუსთავი;
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავი;
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო;
რუსთავის მედიცინის სახლი N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი;
„ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“;
დმანისის რეგიონალური ჯანდაცვა;
თეთრიწყაროს რეგიონალური ჯანდაცვა;
წალკის რეგიონალური ჯანდაცვა;
ჯეოჰოსპიტალსის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი;
მარნეულის ავერსის კლინიკა;
მარნეულის პოლიკლინიკა მედიქსი;
ჯეოჰოსპიტალსის გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.