„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრი ლაშა კომახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს.
ლაშა კომახიძის ინფორმაციით, დაბა ჩაქვში ძალოსანთა სპორტ-კომპლექსის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობს.
მისი თქმით, ხუთ მილიონიანი პროექტი დადგენილ ვადებში არ აშენდა.
„2020 წლის 12 ოქტომბერს აჭარის მთავრობასა და შპს „საბა კონსტრაქშენს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება რის საფუძველზე, კონტრაქტის დადებიდან 14 თვეში დაბა ჩაქვში ძალოსნების სავარჯიშო ბაზა უნდა აშენებულიყო, სამშენებლო ღირებულება ხუთ მილიონამდე ლარს შეადგენდა, 2023 წლის 22 მარტს სამუშაოები სატენდერო პირობების მიხედვით დასრულებული უნდა ყოფილიყო, სპორტ-კომპლექს უკვე უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა აჭარის მთავრობა ტენდერს უცვლის პირობებს და ხსენებულ უპასუხისმგებლო კომპანიასთან გარიგებულია თორნიკე რიჟვაძე და მისი სამსახურის თანამშრომლები დამატებით ექვსი თვით უვადებს სატენდერო პირობებს აღნიშნულ კომპანიას. ვიმყოფებით ადგილზე და სამუშაოები ფაქტობრივად შეჩერებულია. პროექტის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე, 15 სექტემბრამდე შენობის ჩაბარება შეუძლებელია. აჭარას ამდენი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს, ამ მიმართულებით უამრავი ახალგაზრდაა დაინტერესებული და „ქართული ოცნება“ შეგნებულად წელავს სამუშაოებს და კორუფციული გზებით ცდილობს ჯიბის გასქელებას და ბიუჯეტის თანხების ქურდობას, რაც დასტურდება ამ უპასუხისმგებლო კომპანიაზე ძალიან ბევრჯერ გადავადებული სატენდერო პირობები და გახარჯული თანხები, შეუსრულებელი სამუშაოები სატენდერო ვადის გათვალისწინებით“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
აჭარის პროექტების მართვის კომპანია ლაშა კომახიძის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს.
„კონკრეტული პარტია ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები, აქტიურად მიმდინარეობს. ეს იქნება ძალოსნობის პირველი თანამედროვე სივრცე აჭარაში და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მთელს საქართველოში. სავარჯიშო ბაზა შეჯიბრებებისთვის სპორტსმენების სრულფასოვან მომზადებას უზრუნველყოფს. ბაზაზე სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. შენობაში უნივერსალური, 300 ტრიბუნაზე გათვლილი საშეჯიბრო დარბაზი მოეწყო. 3 სართულიანი შენობა, კომუნიკაციების სისტემებით, სასტუმრო ნომრებით უკვე დასრულდა, ლიფტის მონტაჟი და ეზოს კეთილმოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც სპორტსმენები უკვე საუკეთესო პირობებში შეძლებენ ვარჯიშებს",- ნათქვამია აჭარის პროექტების მართვის კომპანიის განცხადებაში.