კამპანიის - „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს" ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაცის ორგანიზებით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით „ქვემო ქართლის სასკოლო ლიგა 2023" ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ოცმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ტურნირი მინი ფეხბურთში საჯარო სკოლებს შორის ჩატარდა, სადაც გამარჯვება ქვემო ქართლის მასშტაბით მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
„ფინალური მატჩი გარდაბნის მინი საფეხბურთო მოედანზე მარნეულის N6 სკოლასა და კრწანისის სკოლას შორის გაიმართა. მატჩი მარნეულის N6 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. მარნეულის N6 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები გულშემატკივრობდნენ.
ფინალურ შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკოლოზ კობახიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე როინ დეკანოიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორ და გულშემატკივრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.